"ლიგამუსი-თბილისმა" ჩემპიონთა ლიგა "შუურმანთან" მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
წყალბურთელ ვაჟთა ჩემპიონთა ლიგაში საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ ევროპის 21 საუკეთესო კლუბი მონაწილეობს, რომლებიც წილისყრამ ოთხ ჯგუფში გადაანაწილა.

საქართველოს სამგზის ჩემპიონი "ლიგამუსი-თბილისი" A ჯგუფში საბერძნეთის "ვოულიაგმენს", ვოლგოგრადის (რუსეთი) "სპარტაკს", ჰოლანდიის "შუურმანს", ჰანოვერის (გერმანია) "ვასპო-89"-სა და უნგრეთის "ეგერს" გაუწევს მეტოქეობას მერვედფინალის ოთხი საგზურისთვის.

სახელოვანი წყალბურთელის, რევაზ ჩომახიძის შეგირდებს პირველი პაექრობა სტუმრად, სწორედ "ეგერთან" უნდა გაემართათ, მაგრამ, როგორც გაუწყეთ, ვიზების პრობლემების გამო უნგრეთს ვერ გაემგზავრნენ და ეს შეხვედრაც მომავალი წლისთვის გადაიდო.

ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ტურნირის მე-2 ტურის მატჩი "ლიგამუსმა" შაბათს ჰოლანდიაში იქაურ ჩემპიონ
"შუურმანთან" გამართა. პირველი პერიოდი სტუმრებმა 3:2 მოიგეს, დანარჩენი სამი რაუნდიდან მასპინძლებმა, რომლებმაც სტარტზე გერმანულ -"ვასპო-98"-ს სძლიეს (6:5), მეორე რვაწუთიან მონაკვეთში გარდატეხის შეტანა და საბოლოო გამარჯვება შეძლეს - 13:10 (2:3, 6:2, 2:2, 3:3).

ტურის დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: "ჰანოვერი" - "ვოულიაგმენი" 4:18 (0:5, 1:6, 2:5, 1:2), "სპარტაკი" - "ეგერი" 10:7 (3:2, 3:2, 1:2, 3:1).

ორი ტურის შემდეგ: "ვოულიაგმენი" - 6 (29:10), "შუურმანი" - 6 (19:15), "სპარტაკი" - 3 (16:18), "ლიგამუსი" - 0 (10:13), "ეგერი" - 0 (7:10), "ჰანოვერი" - 0 (9:24).

20 ოქტომბერს "ლიგამუსი" ვოლგოგრადის "სპარტაკს" უმასპინძლებს, "ეგერი" - "ვასპო-98"-ს, ხოლო "ვოულიაგმენი" შინ "შუურმანს" შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული