ვოლგისპირელებს ჯგუფის ფავორიტებად მიიჩნევენ და არცთუ უსაფუძვლოდ. ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსეთის ექვსგზის ჩემპიონმა 9-ჯერ ქვეყნის თასი მოიპოვა.
გუნდის სამი წევრი - ბალაშოვი, რეკეჩინსკი და სტრატანი სიდნეისა და ათენის ოლიმპიური თამაშების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორები არიან, ხოლო ფიოდოროვი 2004 წლის ოლიმპიადის მესამეადგილოსანია.
გუნდის შემადგენლობის უმეტესობას რუსეთის პირველობაზე რევაზ ჩომახიძის წინააღმდეგაც უთამაშია და მასთან ერთად რუსეთის ნაკრებშიც უასპარეზია.
ამდენად ქომაგებისთვის სასიამოვნო სიურპრიზიც კი იყო, რომ მატჩი
ექვსი წუთის განმავლობაში თანაბარი პაექრობა მიმდინარეობდა, რაზეც ანგარიშიც მეტყველებს - 3:3. პირველი პერიოდის ბოლო ორი წუთი და მომდევნო ორი რვაწუთიანი მონაკვეთი სტუმართა სრული უპირატესობით წარიმართა და ვოლგოგრადელები რვა ბურთით დაწინაურდნენ - 13:5.
ბოლო რაუნდში მასპინძლებმა ტემპს უმატეს, მეკარე ჭუმბურიძეც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა, რის შედეგადაც ჩვენებმა ეს პერიოდი 3:2 მოიგეს, თუმცა შეხვედრის საერთო ანგარიშზე დიდი ზეგავლენა არ მოუხდენია - "სპარტაკმა" 15:8 გაიმარჯვა და 6 ქულით გათამაშების ცხრილში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.
"ძალიან მომეწონა "ლიგამუსი". პერსპექტიული წყალბურთელებით არის დაკომპლექტებული - ორგანიზებულად, ჭკვიანურად ითამაშეს, ოღონდ ეს არის, რომ ახალგაზრდები არიან და გამოცდილება აკლიათ.
თუმცა წინ ევროლიგაზე ბევრი მატჩი ელით და დარწმუნებული ვარ, ოსტატობას აიმაღლებენ, არც ერთ გუნდს უბრძოლველად არაფერს დაუთმობენ. ამ ბიჭებმა ძველი "დინამო" გამახსენეს, რომლის წინააღმდეგაც თბილისში 22-23 წლის წინათ მითამაშია. ალექსანდრე ბითაძესთან ერთად კი საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოვდიოდი.
რაც შეეხება ჩემს შეგირდებს, მათ დღესაც ზუსტად შეასრულეს მწვრთნელთა მითითებები. აი, ასე რომ გვებრძოლა საბერძნეთის ჩემპიონ "ვულიაგმენის" წინააღმდეგ, არც იქ დავმარცხდებოდით. თუმცა, ერთი წაგებით არაფერი გადაწყვეტილა.
ჯგუფურ ტურნირში წინ კიდევ 6 ტურია და ვეცდებით, პირველ ადგილზე გავიდეთ. საამისოდ ძალა და გამოცდილება გვყოფნის", - გვითხრა სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ კარაბუტოვმა.
წაგების მიუხედავად, შეგირდების თამაშით კმაყოფილი იყო რევაზ ჩომახიძე - "დღეს ჩვენმა გუნდმა ამ ეტაპზე შესაძლებლობის მაქსიმუმი აჩვენა, მაგრამ, მოგეხსენებათ, ძალა და გამოცდილება აღმართს ხნავს, - აღნიშნა მატჩის შემდეგ მან, - სტუმართა უმეტესობა "სპარტაკში" კარიერას რომ იწყებდა, ბევრი ჩვენი წყალბურთელი მაშინ დაბადებულიც არ იყო.
ახალგაზრდული გუნდი გვყავს. ზრდის პოტენციალიც გაგვაჩნია და ეს უნდა გამოვიყენოთ. მომდევნო მატჩი გერმანიაში ჰანოვერთან გვექნება. იქ დღევანდელზე უკეთ უნდა ვითამაშოთ. ყოველ შემთხვევაში, მე ამის სურვილი და იმედი მაქვს".
თბილისი. 20 ოქტომბერი.
საწყლოსნო კომპლექსი "ოლიმპიკი".
"ლიგამუსი-თბილისი" (საქართველო) - "სპარტაკი"-ვოლგოგრადი (რუსეთი)
8:15 (3:5, 1:5, 1:3, 3:2)
"ლიგამუსი-თბილისი": ჭუმბურიძე, ქენქაძე (2), ჩიქვინიძე, რუსიშვილი (1), ლაითაძე (1), ურუშაძე, ხვედელიანი (1), ბაღათურია, რურუა (2), გეგელაშვილი (1), ყაზახიშვილი, ქავთარაძე, კაპანაძე; მთავარი მწვრთნელი ჩომახიძე, მწვრთნელი ჩხარტიშვილი.
"სპარტაკი": ფიოდოროვი, ლაზარევი (1), აქსიონოვი (4), ლატიპოვი (2), პანფილი, ფინაევი (1), ხალტურინი (1), სტრატანი, ბალაშოვი (1), რეკეჩინსკი (1), ლისუნოვი (4), აგარკოვი, ივანოვი; მთავარი მწვრთნელი კარაბუტოვი, მწვრთნელი კოზლოვი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"