"ლიგამუსის" პირველი ქულა, მაგრამ დაკარგული შანსი

AutoSharing Option
არაერთხელ აგვიღნიშნავს, რომ სამამულო სპორტის ისტორიაში საქართველოს წყალბურთელთა გუნდი პირველად სცდის ძალებს ჩემპიონთა ლიგაზე.

ცხადია, დებიუტანტისთვის, რომელსაც საერთაშორისო შეხვედრების სათანადო გამოცდილება არ ჰყოფნის, იოლი არ არის, პირველსავე ცდაზე საუკეთესოთა შორის მოხვდეს, მაგრამ ქვეყნის სამგზის ჩემპიონ "ლიგამუს-თბილისს", იმის მიუხედავად, რომ წინა ხუთი მატჩი დათმო, 9 იანვრამდე დიდი შანსი ჰქონდა, შესარჩევი ეტაპი დაეძლია და პლეი ოფში ეთამაშა. სამწუხაროდ, რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს.

"ლიგამუსმა" ჰანოვერში პირველი წრის პაექრობა "ვასპო -98"-თან 5:7 დათმო და ქართველები ალემანებთან განმეორებით მატჩში რევანშს გეგმავდნენ. "ოლიმპიკის"
აუზში გამართული შეხვედრით თუ ვიმსჯელებთ, მასპინძლებს გამარჯვება არ უნდა გასჭირვებოდათ.

მით უმეტეს, რომ საქართველოს სამგზის ჩემპიონთა პირველივე იერიში გეგელაშვილმა გოლით დააგვირგვინა.

სტუმრებს წუთნახევარი დასჭირდათ წონასწორობის აღსადგენად - ბურთი იმერმანმა გაიტანა. ამ გოლის შემდეგ ჩვენი ბიჭები აშკარად გამოცოცხლდნენ და სამი წუთის განმავლობაში სრულ უპირატესობას ფლობდნენ, ანგარიშიც 3:1-მდე გაზარდეს (გოლები გეგელაშვილმა და რუსიშვილმა მიითვალეს).

პირველი მეოთხედის დამთავრებამდე 2 წუთით ადრე ჩვენებს მორიგი წარმატების შანსი მიეცათ, რადგან არბიტრებმა უხეშობისთვის პოლვერინო გააძევეს.

"ლიგამუსმა" რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენა. მეტიც - მერვე წუთზე საკუთარ კარში მიიღო მეორე ბურთი.

მოვლენებს გავუსწრებთ და ვიტყვით, რომ მასპინძლებს ამ მატჩში ცხრაჯერ ჰქონდათ რიცხობრივი უპირატესობა, მაგრამ რეალიზება ერთხელაც ვერ მოახერხეს. მეორე რვაწუთიანი მონაკვეთის დასაწყისში, როცა ანგარიში გახდა 4:2, იმერმანმა უხეშად ითამაშა ლაითაძის წინააღმდეგ, მაგრამ რურუამ პენალტი ვერ გაიტანა.

სამაგიეროდ, სტუმრებმა ისარგებლეს მასპინძელთა რიცხობრივი უმცირესობით და ანგარიშში სხვაობა ისევ ერთ ბურთამდე დაიყვანეს. საერთოდაც, მსაჯებმა ქართველი წყალბურთელები შვიდჯერ გააძევეს და ამ პერიოდში გერმანელებმა სამი ბურთი გაგვიტანეს.

მეორე და მესამე რვაწუთიანი მონაკვეთები ფრედ - 1:1 დასრულდა. საქართველოს ჩემპიონები 24 წუთის განმავლობაში ერთბურთიან უპირატესობას ინარჩუნებდნენ.

აი, ბოლო პერიოდში კი გერმანელებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, საფინალო სასტვენამდე ორი წუთით ადრე კი პოლვერინომ თავისი გუნდი წინ გაიყვანა. "ლიგამუსი-თბილისი" მეექვსე მარცხისგან რუსიშვილმა იხსნა - 6:6.

ჩომახიძის შეგირდებმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ქულა კი მოიპოვეს, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, A ჯგუფში მე-4 ადგილზე გასვლის შანსი დაკარგეს. უშუალო კონკურენტებიდან ჰოლანდიის "შუურმანს" 6 ქულა აქვს, ხოლო "ვასპო-98"-მა უკვე 4 ქულას მოუყარა თავი.

მართალია, 6 თებერვალს "შუურმანს" შინ ვეთამაშებით, მაგრამ მასთან გამარჯვება მხოლოდ კარების გაჯახუნება იქნება და ჩვენს გუშინდელ მეტოქეს - ჰანოვერის გუნდს პლეი ოფში გასვლის შანსს მივცემთ - ბოლო ტურში გერმანელები ტიტების ქვეყნის წარმომადგენლებს მასპინძლობენ.

"შუურმანის" გარდა, "ლიგამუსს" კიდევ სამი მატჩი რჩება - ორი უნგრეთის "ეგერთან" და ერთიც ვოლგოგრადის "სპარტაკთან" სტუმრად, მაგრამ... სასწაულების ნამდვილად არ გვჯერა.

- დღეს პლეი ოფში გასვლის რეალური შანსი გავუშვით ხელიდან, - გვითხრა მატჩის შემდეგ რევაზ ჩომახიძემ. - თავდასხმაში უკეთ ვითამაშეთ, დაცვაში დავუშვით უხეში შეცდომები. რას იზამ. თუნდაც "ვასპოს" მსგავს გუნდებს რომ მოუგო ჩემპიონთა ლიგაზე, მეტი რესურსი და საერთაშორისო თამაშებში გამოცდილება გჭირდება.

"ქართველმა წყალბურთელებმა შინ ბევრად უკეთ ითამაშეს, ვიდრე გერმანიაში. პრესინგიც კარგად გამოუვიდათ. წაგების უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება ვერ შეძლეს.

ახალგაზრდული გუნდია, გამოცდილებას შეიძენს და მომავალ შეჯიბრებებში უკეთ ითამაშებს. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, "ლიგამუსი" როგორ გაირჯება ჰოლანდიელების წინააღმდეგ. მომდევნო ეტაპზე "ვასპოს" გასვლის შანსი იმ მატჩზეცაა დამოკიდებული",
- გვითხრა სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა.

თბილისი. საწყლოსნო კომპლექსი "ოლიმპიკი"
ჩემპიონთა ლიგა. 2013 წლის 9 იანვარი.
ლიგამუსი-თბილისი - ვასპო-98 6:6
3:2, 1:1, 1:1, 1:2
ლიგამუსი: ჭუმბურიძე, ქენქაძე, ჩიქვინიძე, რუსიშვილი (3), ლაითაძე, ურუშაძე, ხვედელიანი (1), ბაღათურია, რურუა, გეგელაშვილი (2), ყაზახიშვილი, ქავთარაძე, კაპანაძე. მთავარი მწვრთნელი ჩომახიძე.
ვასპო-98: კონგი, პოლვერინო (1), ჰერმანი, შვარცი (1), ტაპლიკი, ბიტერი, იმერმანი (2), პიკერტი (1), ჰაარსტიკი (1), ტოტი, ვიეკანპი, ბრიკმანი, საგი, მთავარი მწვრთნელი შიჰაფერი.

მომდევნო შეხვედრას "ლიგამუსი-თბილისი" 23 იანვარს ვოლგოგრადში "სპარტაკთან" გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული