რეგიონი. წყალბურთი: "ივერია" იწყებოდა ასე...

AutoSharing Option
სპორტის საჩხერელ მესვეურებს დიდხანს გვქონდა ხინჯად გულში ის გარემოება, რომ ძალიან მწირი პირობები იყო (ან, საერთოდ, არ იყო სპორტის ზოგიერთი სახეობის (განსაკუთრებით, ოლიმპიურის) მასობრივი განვითარებისათვის.

ჩვენი გულისტკივილის ერთ-ერთ საგანს ცურვაში მეტად სავალალო მდგომარეობა წარმოადგენდა, იმდენად სავალალო, რომ ეს საქმე მხოლოდ მდინარეების - ყვირილასა და ჩიხურას საჭყუმპალაო მორევებს არ გასცილებია.

ბუნებრივია, სპეციალისტს ვერაფრით მიიზიდავ იქ, სადაც საცურაო აუზი (უმარტივესიც კი) არ არის.

ჭიათურის ბაზა კი ოდნავადაც ვერ აკმაყოფილებდა ორივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობიდან უამრავი მსურველის მოთხოვნებს.

და აი, 2010 წლის 2 დეკემბერს, ცნობილი
ქველმოქმედის თავგამოდებით, აგვიხდა ოცნება - საჩხერეში გაიხსნა ევროსტანდარტების დონის უთანამედროვესი ინვენტარ-მოწყობილობით აღჭურვილი, ყველა ტექნიკური თუ სადიზაინო პირობების საცურაო აუზი და მყისვე დადგა ცურვის მოყვარულ (შემსწავლელ) მოზარდთა გრძელი რიგი.

აუზი არც საშუალო და უფროსი ასაკის პიროვნებების ნაკლებობას განიცდის.

ბაზა თავისთავად არაფერს ნიშნავს, თუ იქ ყველაფერი მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მიერ ნიუანსებამდე არ არის გათვლილი და ორგანიზებული.

აქაც გაგვიმართლა - ბაზას სათავეში ჩაუდგნენ ცნობილი მოცურავეები თემურ კვესაძე (დირექტორი, მთავარი მწვრთნელი) და მისი მეუღლე ლელა კაპანაძე (მწვრთნელი).

"დიდი სახლის" ამ დიდმა "მამასახლის-დიასახლისმა", ორ ინსტრუქტორთან და ექვს მაშველთან ერთად, მალე შეძლო ეს თვალისა და გულის გამხარებელი დაწესებულება სასწავლო-სავარჯიშო და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მაღალორგანიზებულ არენად ექცია.

შედეგმაც არ დააყოვნა: მოცურავეების - მარიამ ზუბიაშვილის (საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი) და ლევან ბახტურიძის (უკრაინისა და ბელორუსის საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი) შემდგომი, მაღალი წარმატებების პერსპექტივა უეჭველია.

და მაინც, წარმატებების ძირითადი საზომი წყალბურთელთა გუნდი "ივერიაა". ბევრი ოფლის ღვრა და ჭაპანის წევა მოუხდათ მოწვეულ მწვრთნელებს - მამუკა ტყაბლაძესა და კახა ვალიშვილს, ვიდრე სისტემაში და სპორტულ რეჟიმში მოიყვანდნენ საჩხერელი ბიჭუნების ყვირილა-ჩიხურაში ნასწავლ "მხარულს".

გამორჩეული ნიჭისა და ფიზიკური შესაძლებლობების ბიჭები ორ ასაკობრივ გუნდში (1998-99 და 2000-02 წლებში დაბადებულები) გააერთიანეს, დანარჩენი 70 კი რიგში დააყენეს სათანადო კონდიციებამდე მიყვანისა და გუნდში მოხვედრის რეალური პერსპექტივით.

მალე გუნდს კიდევ ერთი მზრუნველი გამოუჩნდა - თავისი "სეხნია" და დამფინანსებელი, თბილისის საცურაო კლუბი "ივერია", რომელმაც ფილიალის სტატუსიც უბოძა.

ახალფეხადგმული "ივერიის" იმერეთის ტურნირსა და საქართველოს ჩემპიონატებში რამდენჯერმე მონაწილეობა თავისთავად იყო წარმატება, ხოლო ჭეშმარიტი სპორტული გმირობის ტოლფასია 2000-02 წლებში დაბადებულთა ტრიუმფი საქართველოს 2013 წლის ჩემპიონატში, რომლის ნახევარფინალურ და ფინალურ ეტაპებს სწორედ საჩხერის საცურაო აუზმა უმასპინძლა.

მართალია, გაზეთმა "ლელომ" ამის თაობაზე ოპერატიულად აუწყა მკითხველს, მაგრამ გამეორება არ გვაწყენს: "ივერიამ" დამაჯერებლად დაამარცხა ქუთაისისა და ბათუმის ძლიერი გუნდები და გამარჯვების კვარცხლბეკზე ავიდა!

ამასთან, საუკეთესო წყალბურთელის პრიზი დაიმსახურა ნიკა სადუნიშვილმა, საუკეთესო ბომბარდირისა - თორნიკე ხვინგიამ, პერსპექტიული წყალბურთელის - ნიკა მესხმა.

1998-99 წლებში დაბადებულების გუნდიდან გიორგი სამყურაშვილი უკვე საქართველოს ნაკრების წევრია. თუ ბაზაზე მოვარჯიშე მისი სამი ძმის ტალანტსა და სპორტულ ჟინსაც გავითვალისწინებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოსკოვში მცხოვრები მშვენიერაძეების ცნობილი ოჯახის საწყალბურთო ტრადიციას "მშვენიერი" მიმდევარი გაუჩნდება საჩხერეში.

ჩამოყალიბების პროცესშია 2000-02 წლების ფორმაციის საქართველოს ნაკრები გუნდი, რომელში მოწვევისთვის თვალდადგმულია "ივერიის" შვიდი წევრი.

გვინდა, ქვეყნის სპორტული საზოგადოება, მოსახლეობა, აქედანვე სახელ-გვარებითაც იცნობდნენ ჩემპიონებს იმ იმედით, რომ "ივერია" საერთაშორისო სარბიელზეც გაიტანს "ივერიის" სპორტულ ღირსებას.

გუნდის წევრები არიან:

ტარიელ ქავთარაძე, აკაკი შუკაკიძე, ნიკა მესხი, ლუკა ნადირაძე, ნიკა სამყურაშვილი, კახა სამყურაშვილი, გიორგი სადუნიშვილი, ნიკა სადუნიშვილი, დავით შუბითიძე, თორნიკე ხვინგია, მიშა არჯევანიძე, ნიკა ლაბაძე, გიორგი მაჭავარიანი, ირაკლი გაბაძე. მწვრთნელები: მამუკა ტყაბლაძე და კახა ვალიშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული