თბილისი 6-8 თებერვალს წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევს უმასპინძლებს

AutoSharing Option
2016 წელს წყალბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მედლებისთვის 16 გუნდი იასპარეზებს.

რვა ნაკრებმა (სერბეთი, უნგრეთი, იტალია, ჩერნოგორია, ხორვატია, საბერძნეთი, ესპანეთი, რუმინეთი) იქ მონაწილეობის უფლება შარშანდელ კონტინენტის პირველობაზე მოიპოვა.

დანარჩენ რვა საუკეთესოს შესარჩევი ტურნირი დაასახელებს. ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციამ 8 საგზურის მაძიებელი 16 გუნდი ოთხ ჯგუფში გაანაწილა.

პირველი ტური 6 თებერვალს გაიმართება.

A ჯგუფს თბილისი უმასპინძლებს. "ოლიმპიკის" აუზში ითამაშებენ საქართველო, სლოვაკეთი, პორტუგალია, შვეიცარია.

6 თებერვალი

პორტუგალია-შვეიცარია, საქართველო-სლოვაკეთი.

7 თებერვალი
სლოვაკეთი-პორტუგალია, საქართველო-შვეიცარია.

8 თებერვალი
შვეიცარია-სლოვაკეთი, საქართველო-პორტუგალია.

B ჯგუფი (მასპინძელი - პოლონეთი):
რუსეთი, უკრაინა, ისრაელი, პოლონეთი.
C ჯგუფი (ჰოლანდია): საფრანგეთი, მალტა, ჰოლანდია, ლატვია.
D ჯგუფი (თურქეთი): გერმანია, თურქეთი, ბელორუსი, ლიტვა.

მეორე რაუნდის მატჩები 9-11 ოქტომბერს გაიმართება რუსეთში, ისრაელში, საფრანგეთსა და მალტაში.

რომელი გუნდი სად მოხვდება, ეს პირველი შესარჩევი ტურნირის დამთავრების შემდეგ გაირკვევა. თბილისის ჯგუფში ფავორიტებად მასპინძლებსა და სლოვაკებს მიიჩნევენ.

საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: ივან სტრუიჩი, ბექა ქავთარაძე, დამირ ცრეპულია, მარკო ელეზი, რევაზ იმნაიშვილი, მარკო ელაჩა, გიორგი ხვედელიანი, მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა (კაპიტანი), კონსტანტინე გეგელაშვილი, ხვიჩა ჯახაია, ანდრია ბითაძე, ნიკოლოზ შუბლაძე; მწვრთნელები - იოვან პოპოვიჩი, ვლადიმერ ისელიძე.

ჩვენი გუნდი ამ შეჯიბრებისთვის კარგა ხანია ემზადება. თბილისში ვარჯიშის შემდეგ ნაკრები რვადღიან შეკრებაზე სერბეთში იმყოფებოდა, სადაც ამხანაგური მატჩებიც გამართა.

წინა კვირას კი "ოლიმპიკის" აუზში მელბურნის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსპრიზიორ ნოდარ გვახარიას ტურნირში იასპარეზა.

მასპინძლებმა, რომლებსაც სამი ნატურალიზებული (ივან სტრუიჩი, მარკო ელაჩა, მარკო ელეზი) წყალბურთელი აკლდათ, სამივე მატჩი დათმეს ყაზახებთან, თურქებსა და რუსებთან.

შესარჩევისთვის გუნდს ის სამი წყალბურთელიც შეუერთდა.

როგორც ეროვნული ნაკრების მწვრთნელებმა გვითხრეს, ჩვენი ბიჭები ტურნირში პირველი ადგილის დასაკავებლად არაფერს დაიშურებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული