საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ისრაელში ევროპის საგზურისთვის ბრძოლას იწყებს

AutoSharing Option
გაისად იანვარში სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი წყალბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს. მედლებისთვის 16 ქვეყნის წარმომადგენლები იბრძოლებენ.

წინა პირველობის შედეგებით დასკვნით რაუნდში მონაწილეობის უფლება აქვთ სერბეთს, ესპანეთს, რუმინეთს, ჩერნოგორიას, ხორვატიას, უნგრეთს, იტალიასა და საბერძნეთს. დანარჩენი რვა საგზურისთვის 16 გუნდი იბრძვის, მათ შორის საქართველოს ნაკრები, რომელმაც შარშან ბუდაპეშტში პირველად იასპარეზა ფინალურ ეტაპზე.

ამჟამად ჩვენს ბიჭებს წინა წლის წარმატების გამეორების შანსი აქვთ. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველმა წყალბურთელებმა შინ პორტუგალიას და შვეიცარიას მოუგეს, სლოვაკეთს კი მხოლოდ ერთი ბურთის სხვაობით დანებდნენ.

მეორე შესარჩევი რაუნდის
E ჯგუფს, რომელშიც ჩვენები ითამაშებენ, ისრაელი მასპინძლობს. აქვე მოსინჯავენ ძალებს ჰოლანდია და ლიტვა. შეხვედრათა განრიგი ასეთია:

25 სექტემბერი
ჰოლანდია-საქართველო, ისრაელი-ლიტვა.

26 სექტემბერი
ლიტვა-ჰოლანდია, ისრაელი-საქართველო.

27 სექტემბერი
საქართველო-ლიტვა, ისრაელი-ჰოლანდია.

ამ საკვალიფიკაციო შეჯიბრებისთვის საქართველოს ნაკრები (ივან სტრუიჩი, ნიკოლოზ შუბლაძე, ანდრია ბითაძე, კონსტანტინე გეგელაშვილი, მარკო ელაჩა, მარკო ელეზი, ბექა ქავთარაძე, გიორგი ხვედელიანი, მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა, დამირ ცრეპულია, რევაზ იმნაიშვილი, ალექსანდრე რუსიშვილი) იოვან პოპოვიჩისა და ვლადიმერ ისელიძის ხელმძღვანელობით მონდომებით ემზადებოდნენ, იყვნენ საწვრთნელ შეკრებაზე ჩერნოგორიაში, სადაც ევროპულ საკლუბო გუნდებთან ამხანაგური საერთაშორისო შეხვედრებიც გამართეს.

ნაკრების წევრთა უმრავლესობა თბილისის "ლოკომოტივის" წევრია და მათ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზეს, მონაწილეობდნენ დედაქალაქის მერიის თასზე გამართულ საერთაშორისო ტურნირში.

თბილისური შეკრებისას ნაკრებს შეუერთდნენ ნატურალიზებული წყალბურთელები - ელაჩა, ელეზი, ცრეპულია და სტრუიჩი, ასევე, უცხოეთში მოთამაშე ქართველები - ბითაძე და იმნაიშვილი. ამდენად, გუნდი დღეს სრული შემადგენლობითა და მობილიზებით ჩაებმება ბრძოლაში.

ჰოლანდია ჯგუფის ლიდერია და მასთან დაპირისპირებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც მწვრთნელებმა გამგზავრების წინ გვითხრეს, ნაკრების მთავარი ამოცანაა ისრაელში 6 ქულის მოგროვება, რაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად საკმარისი იქნება.

პირველი ეტაპის შემდეგ ჯგუფებში ასეთი სატურნირო მდგომარეობა იყო:

A ჯგუფი
სლოვაკეთი - 9 (51:22), საქართველო - 6 (52:23), პორტუგალია - 3 (22:43), შვეიცარია - 0 (22:59).

B ჯგუფი

რუსეთი - 9 (52:17), პოლონეთი - 6 (30:31), ისრაელი - 3 (24:48), უკრაინა - 0 (20:40).

C ჯგუფი
ჰოლანდია - 9 (83:20), საფრანგეთი - 6 (69:16), მალტა - 3 (51:41), ლიტვა - 0 (1:127).

D ჯგუფი
გერმანია - 9 (52:17), თურქეთი - 6 (32:23), ბელარუსი - 3 (19:29), ლიტვა - 0 (11:45).

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ჩვენს ჯგუფში ფავორიტია ჰოლანდია, რომელმაც პირველ რაუნდში აჯობა საფრანგეთს, მალტასა და ლატვიას. მასპინძელმა ისრაელმა მხოლოდ უკრაინას მოუგო, ხოლო რუსეთთან და პოლონეთთან დამარცხდა, ლიტვა სამივე მეტოქეს - გერმანიას, თურქეთსა და ბელარუსს დანებდა.

მე-2 საკვალიფიკაციო რაუნდში გუნდები ასე გადანაწილდნენ:

E ჯგუფი (ისრაელი)
ჰოლანდია - 9 ქულა, საქართველო - 6, ისრაელი - 3, ლიტვა - 0.

F ჯგუფი (საფრანგეთი)
სლოვაკეთი - 9, საფრანგეთი - 6, ბელარუსი - 3, უკრაინა - 0.

G ჯგუფი (მალტა)
გერმანია - 9, პოლონეთი - 6, მალტა - 3, შვეიცარია - 0.

H ჯგუფი. (რუსეთი)
რუსეთი - 9, თურქეთი - 6, პორტუგალია - 3, ლატვია - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული