ვლადიმერ ისელიძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბელგრადში უკეთ ვიასპარეზოთ

AutoSharing Option
გაისად, 10-23 იანვარს სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი წყალბურთელ ქალ-ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ რაუნდებს უმასპინძლებს. ვაჟთა ტურნირში მედლებისთვის 16 გუნდი იბრძოლებს, მათ შორის - საქართველოს ნაკრები, რომელიც ქვეჯგუფში მომდევნო ეტაპზე გასასვლელად რუმინეთს (11 იანვარი), გერმანიასა (13 იანვარი) და იტალიას (15 იანვარი) დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების წევრთა ერთი ნაწილი ახლა თბილისის "ოლიმპიკის" აუზში ემზადება მომდევნო ორთაბრძოლებისთვის, იოვან პოპოვიჩისა და ვლადიმერ ისელიძის ხელმძღვანელობით.

"საქართველოს ნაკრების ექვსი წყალბურთელი უცხოურ კლუბებში თამაშობს, - გვითხრა ვლადიმერ ისელიძემ. - ანდრო ბითაძე ესპანეთის "ბარსელონაშია", რეზი იმნაიშვილი - უნგრეთში, მარკო ელაჩა
და მარკო ელეზი იტალიურ კლუბებში გამოდიან, დამირ ცრეპულია ეგვიპტეშია, ივან სტრუიჩი კი ხორვატიის გუნდის ღირსებას იცავს. 13-14 დეკემბრისთვის ისინი კლუბებიდან გათავისუფლდებიან და 18 დეკემბერს თბილისში მოიყრიან თავს.

"ოლიმპიკში" 25-მდე ვივარჯიშებთ, შემდეგ თურქეთს მივაშურებთ, სადაც მასპინძლებთან ორ ამხანაგურ მატჩს გავმართავთ, 28-30 დეკემბერს კი "სტამბოლის თასზე" საერთაშორისო ტურნირში ვიასპარეზებთ თურქებთან, ჰოლანდიელებსა და რუმინელებთან.

2 იანვარს ჰოლანდიაში გავემგზავრებით. ნიდერლანდელებთანაც ორ მატჩს ვითამაშებთ, მერე ნოვი სადში ერთკვირიანი შეკრება გვექნება და ამ პერიოდში ბრაზილიის ნაკრებთანაც მოვსინჯავთ ძალებს, 11 იანვარს კი ევროპის ჩემპიონატში ჩავებმებით.

ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ბელგრადში უკეთ ვიასპარეზოთ, ვიდრე 2014 წელს ბუდაპეშტში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული