წყალბურთი ჩემი სპორტია - ინტერვიუ ანდრია ბითაძესთან

AutoSharing Option
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა ანდრია ბითაძემ რომის "ვის ნოვასთან" გააფორმა კონტრაქტი და იტალიის თასის გათამაშების პირველ ეტაპზე სპეციალისტთა ყურადღებაც დაიმსახურა. გასულ უქმეებზე ბითაძე და მისი გუნდი თასის გათამაშების მეოთხედფინალში იტალიურ გრანდებს დაუპირისპირდა. პირველი მატჩი "ვერონასთან" 8:11 (2:3, 4:3, 3:1, 2:1) დათმო. ანდრომ ერთი გოლი გაიტანა, შვიდჯერ მეტოქის მცველები გააძევებინა მსაჯებს.

უფრო დაძაბული გამოდგა მატჩი "სანოვასთან", თუმცა "ვის ნოვა" ისევ დამარცხდა, ამჯერად 6:8 (0:3, 3:1, 1:2, 2:2). ანდრომ 2 გოლი გაიტანა და 3 მეტოქე აიძულა, მასთან პაექრობისას თამაშის წესები
დაერღვიათ.

იტალიურმა პრესამ უკვე პირველი ხოტბა შეასხა ქართველ წყალბურთელს, ერთ-ერთ გაზეთში კი მასთან ინტერვიუ დაიბეჭდა, რომელსაც შემოკლებით გთავაზობთ.

"ის მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ უკვე შეძლო ევროპის დიდ წყალბურთში მოესინჯა ძალები. "ვის ნოვას" ქართველი ცენტრალური თავდამსხმელი ყველაზე ახალგაზრდა უცხოელი მოთამაშეა იტალიის A1 ლიგაში. საგულისხმოა, რომ დედაქალაქის კლუბის პრეზიდენტმა მარკო ფერარომ იგი ესპანეთში, კერძოდ, ბარსელონაში აღმოაჩინა.

იმის მიუხედავად, რომ 20 წლისაც არ არის, ამ 202 სმ სიმაღლის ყმაწვილს საკმაო გამოცდილება დაუგროვდა სერბეთის, ჩერნოგორიისა და ესპანეთის ეროვნულ პირველობებში. მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატებში უფროსებსა და 19-წლამდელებში. იტალია მისი სპორტული კარიერის ახალი ეტაპია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დებიუტი იტალიის თასის გათამაშებას დაემთხვა. ბითაძემ და ახალგაზრდულმა გუნდმა "ვის ნოვამ" საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლიეს და მეოთხედფინალში მოხვდნენ, სადაც მსოფლიო გრანდები თამაშობენ.

- ანდრო, რატომ აირჩიეთ რომის "ვის ნოვა"?
- იტალიაში თამაში ყოველთვის იყო ჩემი ყველაზე დიდი ოცნება. წყალბურთში იტალიის ლიგა საუკეთესოა მსოფლიოში. ამიტომ "ვის ნოვადან" წინადადება რომ მივიღე, წუთითაც არ მიფიქრია. ვიცი, რომ ეს ახალი გუნდია, რომელშიც ბლომად არიან ახალგაზრდა წყალბურთელები, ასევე, გამოცდილი მოთამაშეები, წყალბურთის ნამდვილი ექსპერტები. მათგან ბევრს ვისწავლი.

საქართველოში ჩემი მწვრთნელის - იოვან პოპოვიჩის თქმით, "ვის ნოვა" და იტალიის ჩემპიონატი ჩემთვის იდეალური ადგილია და მე მას სავსებით ვეთანხმები.

- წყალბურთში როგორ მოხვდით? სპორტის ეს სახეობა ხომ საქართველოში არც ისე პოპულარულია...
- ხუთი წლისამ ცურვაზე დავიწყე სიარული, სამი წლის შემდეგ წყალბურთზე გადავინაცვლე. ეს არ ყოფილა შემთხვევითი: მამაჩემი - ალექსანდრე ბითაძე წყალბურთელი იყო, რომელიც თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშობდა. ბავშვობისას კალათბურთითაც ვიყავი გატაცებული. აქაც გენები მეხმარებოდა - ბაბუა, დედაჩემის მამა, ილარიონ ხაზარაძე დიდი კალათბურთელი გახლდათ - საკავშირო ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" კალათბურთელთა იმ გუნდის წევრი, რომელმაც 1962 წელს ჟენევაში ფინალურ მატჩში მადრიდის "რეალი" დაამარცხა და ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა.

11 წლისა არჩევანის წინაშე დავდექი. ვიფიქრე, რომ წყალბურთი ჩემი სპორტია და არც შევმცდარვარ. 12-13 წლისა უკვე 15-წლამდელთა საქართველოს ნაკრების წევრი ვიყავი.

- 15 წლისამ, ასე ვთქვათ, ტურნე დაიწყეთ ევროპაში...
- დიახ, 2012 წელს სერბულ ნოვი სადში გადავედი და "ვოივოდინას" მეორე გუნდში ვთამაშობდი. მერე ვლადიმირ გოიკოვიჩმა ჩერნოგორიული ჰერცეგ ნოვის "იადრანში" გადამიყვანა, სადაც ორი წელი დავყავი. ეს ჩემთვის უდიდესი გამოცდილება იყო. წინა სეზონში საშუალება მომეცა, დიდი მწვრთნელისა და უფროსი მეგობრის - ტონი ესტელერის ხელმძღვანელობით "ბარსელონაში" მეთამაშა. ახლა, როგორც ხედავთ, რომში ვარ.

- ასე პატარას სახლთან განშორება არ გაგიჭირდათ?
- დატოვო სამშობლო, მეგობრები და ოჯახი, ნებისმიერ ასაკში იოლი არ არის, მაგრამ მე წყალბურთელობა და საკუთარი თამაშის გაუმჯობესება მინდოდა, ჩვენთან კი ჯერჯერობით ამის საშუალება არ არის. არადა, იყო პერიოდი, როცა საქართველოს უდიდესი წყალბურთელები ჰყავდა. ჩემს ქვეყანას სპორტის ამ სახეობაში უდიდესი ტრადიციები აქვს.

- წლების განმავლობაში თქვენ სხვადასხვა ლიგაში მონაწილეობდით. უკვე იტალიური წყალბურთიც მოსინჯეთ. ყველაზე მეტად როგორი თამაში უფრო მოგწონთ?
- ესპანეთში წყალბურთს უფრო სწრაფად თამაშობენ, ვიდრე სერბეთსა და ჩერნოგორიაში, სადაც უფრო ძალისმიერი წყალბურთია. აქამდე რაც ვნახე, ჯერჯერობით იტალიური მირჩევნია: აქ ტემპი მაღალია, მაგრამ თავდასხმაში იმპროვიზაციისთვის მეტი საშუალებაა. ეს დიდი სიამოვნებაა.

იტალიის თასის გათამაშების პირველ ეტაპზე კარგი შედეგები გვქონდა. რაც შეეხება მეორე რაუნდს, აქ გრანდები გამოდიან. მაგალითად, "ბრეშამ" შარშან ევროპის ლიგა მოიგო. "ვის ნოვა" ახალგაზრდული გუნდია, ჯერ შეუთამაშებელი, მაგრამ მეგობრული და აზარტული. ასე რომ, სპეციალისტების ყურადღება უკვე დავიმსახურეთ. სამომავლოდ, დარწმუნებული ვარ, ძლიერი გუნდი გვეყოლება.

- დედაქალაქის დათვალიერება თუ მოასწარით?
- ამ ეტაპზე ინტერნეტით ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ურთიერთობას მეტ დროს ვუთმობ. თან უნივერსიტეტის სწავლის საკითხებიც მაინტერესებს - უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტი ვარ.

რაც შეეხება რომს, ჯერ მისი სრულად დათვალიერება ვერ მოვასწარი. ეს არის ქალაქი-მუზეუმი. დრო მექნება მის გასაცნობად. ამ ეტაპზე ჩემთვის მთავარი წყალბურთი და თანაგუნდელებთან შეთამაშებაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰემო საკვარელო ანდრო დიდ ცარმატებებს გისურვებ სულ ცინ და ცინ გევლოს გმერტი გპარავდეს კოველტვის
natia
13:38 12-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული