თავის კარიერაში პირველად, "დიდი სლემის" ტურნირის პირველ ნომრად ენდი მარეი არის განთესილი. ბრიტანელის სასტარტო მეტოქე უკრაინელი ილია მარჩენკოა, მეორე წრეში კი ენდი რუს ანდრეი რუბლიოვსა და ტაივანელ იენ-ჰსუნ ლუს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მარეისთვის მერვედფინალში გასასვლელად ყველაზე სავარაუდო მეტოქედ სემ კუერი მოჩანს. მათ შორის გამარჯვებულს, სავარაუდოდ, მერვედფინალში ლუკ პუისა და ჯონ ისნერს შორის
ბადის პირველი მეოთხედის მეორე ნახევარში, პოტენციურად, რამდენიმე ძალიან საინტერესო შეხვედრა გველოდება. აქ ფავორიტი კეი ნიშიკორია, რომელიც, წესით, უპრობლემოდ უნდა მივიდეს 1/8-ფინალამდე. სამაგიეროდ, იქ, დიდი ალბათობით, ტომაშ ბერდიხსა და როჯერ ფედერერს შორის გამარჯვებულთან მოუწევს შეხვედრა.
ლეგენდარული შვეიცარიელი, პირველად ბოლო 15 წლის განმავლობაში, ვერ მოხვდა 10 საუკეთესო განთესილს შორის.
სავარაუდო მეოთხედფინალი: მარეი-ნიშიკორი
* * *
დიდი ალბათობით, ბადის მეორე მეოთხედიდან ერთ-ერთი მეოთხედფინალისტი სტენ ვავრინკა იქნება. პირველ წრეში მისი მეტოქეა - მარტინ კლიჟანი, შემდეგ ან ამერიკელ სტივ ჯონსონთან, ან არგენტინელ ფედერიკო დელბონისთან მოუწევს თამაში. მესამე წრეში, შესაძლოა, ვიქტორ ტროიცკის გადაეყაროს. მერვედფინალში ყველაზე სავარაუდო მეტოქედ მოჩანს მასპინძელი ნიკ კირგიოსი.
ამ მეოთხედის ქვედა ნაწილში ყურადღება მიპყრობილია მარინ ჩილიჩის მისამართით, რომელსაც ახალი სეზონის სტარტი არ გამოუვიდა, თუმცა, მელბურნში მესამე წრემდე უპრობლემოდ უნდა მიაღწიოს. იქ კი, დიდი ალბათობით, ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩს შეხვდება. ამ მატჩში გამარჯვებული დაუპირისპირდება, მაგალითად, ჟო-ვილფრიდ ცონგას ან ჯეკ სოკს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ოკლენდის ტურნირი მოიგო.
სავარაუდო მეოთხედფინალი: ვავრინკა-ტომიჩი
* * *
სატურნირო ბადის მესამე მეოთხედში მთავარი მოქმედი პირია კანადელი მილოშ რაონიჩი. პირველ წრეში ის გერმანელ დასტინ ბრაუნს შეხვდება, შემდეგ ამერიკელ ტეილორ ფრიტცს ან სიდნეის ტურნირის ტრიუმფატორს, ჟილ მიულერს ლუქსემბურგიდან. მერვედფინალში გასასვლელად კანადელს, სავარაუდოდ, ელოდება შეხვედრა ფრანგ ჟილ სიმონთან. 1/8-ფინალში რაონიჩი შეიძლება დაუპირისპირდეს რობერტო ბაუტისტა-აგუტისა და დავიდ ფერერის ესპანურ დერბიში გამარჯვებულს.
ბადის ამავე ნაწილში სტარტს იღებს გაელ მონფილსი. თუ ის საწყის ორ რაუნდს წარმატებით გადალახავს, მესამე წრეში გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერს შეხვდება. ამავე სტადიაზე, შესაძლოა, კიდევ ერთი საინტერესო მატჩი გაიმართოს. მასში ესპანელი რაფაელ ნადალი უნდა შეხვდეს პროფესიული ტურის მთავარ ტალანტს, ალექსანდრ ზვერევს.
სავარაუდო მეოთხედფინალი: ნადალი-რაონიჩი
* * *
მეოთხე მეოთხედშია ავსტრალიის ღიას მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი. მისი პირველი მეტოქე იქნება ფერნანდო ვერდასკო, რომელიც წელს უკვე შეხვდა სერბს დოჰას ტურნირზე და თითქმის მოუგო - ესპანელმა ხუთი მატჩბოლი ვერ გამოიყენა. ეს იქნება საწყის ეტაპებზე ნოვაკისთვის ყველაზე რთული მატჩი. მერვედფინალში ჯოკოვიჩი, შესაძლოა, შეხვდეს ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს, რომელმაც ერთი კვირის წინ მოიგო ბრისბენის ტურნირი, რითაც კარგი სათამაშო ფორმა დაადასტურა.
რაც შეეხება ჯოკოვიჩისა და დიმიტროვის შეხვედრაში გამარჯვებულის პოტენციურ მეტოქეს, ყველაზე მეტი შანსი დომინიკ ტიმს აქვს. თეორიულად, მესამე წრეში ავსტრიელს პრობლემები შეიძლება შეუქმნას ფელისიანო ლოპესმა. მერვედფინალში ტიმის სავარაუდო მეტოქედ დავიდ გოფენი მოჩანს.
სავარაუდო მეოთხედფინალი: ჯოკოვიჩი-ტიმი
უილიამსმა ბენჩიჩი მიიღო
ქალთა ბადეში საკმაოდ იყვნენ ძლიერი განუთესავი ჩოგბურთელები - ეჟენი ბუშარი, ბელინდა ბენჩიჩი, კრისტინა მლადენოვიჩი... აგრეთვე - ანა კონიუჰი, კატერინა სინიაკოვა, ლორენ დევისი, ალიზ კორნე, რომლებმაც ახალი სეზონი კარგად დაიწყეს.და ერთ-ერთი მათგანი, კერძოდ, ბელინდა ბენჩიჩი პირველივე წრეში სერენა უილიამსს ერგო. უნდა აღინიშნოს, რომ ზედიზედ მეორე "სლემია", ამერიკელს დიდად არ უმართლებს სასტარტო წილისყრით, რადგან ამერიკის ღიაზე ტურნირი ეკატერინა მაკაროვასთან მატჩით დაიწყო.
დაახლოებით ერთი წლის წინ ბელინდა ბენჩიჩი TOP10-ის მოთამაშე იყო, უფრო ადრე კი სერენა უილიამსი ტორონტოს ტურნირის ნახევარფინალში დაამარცხა. მას შემდეგ ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს აღარ შეხვედრიან. ამჟამად, ბელინდას რეიტინგი შესამჩნევად დაეცა, რადგან ძალიან ბევრი გამოტოვა შარშან, სხვადასხვა ტრავმის გამო და 2017 წლის სეზონშიც ვერ შეძლო ერთ-ერთ ტურნირში ჩართვა მორიგი დაზიანების მიზეზით. ისე კი, თუ ბენჩიჩი ჯანმრთელადაა, შეუძლია უმაღლესი დონის ჩვენება.
შვეიცარიელზე გამარჯვების შემთხვევაში, უილიამსს მოდუნების საშუალება არ ექნება, რადგან მორიგ მეტოქედ ელოდება ან ვიკმაიერი, ან საფაროვა. ეს უკანასკნელი, რა თქმა უნდა, არ არის იმ ფორმაში, რომლითაც როლან გაროსის ფინალში გავიდა, მაგრამ მეორე წრისთვის მაინც უსიამოვნო მოწინააღმდეგეა.
დაძაბული ბადე შეხვდა ანჟელიკ კერბერსაც. სასტარტო რაუნდში ის ლესია ცურენკოს შეხვდება. უკრაინელი კარგად მიდიოდა ჰობარტის ტურნირზე, მაგრამ ნახევარფინალში კორტზე ვერ გავიდა ვირუსული დაავადების გამო. ცურენკოს ორი დღე ექნება იმისთვის, რომ გონს მოვიდეს და მოემზადოს კერბერთან მატჩისთვის.
რაც შეეხება პირველ რვა ნომრად განთესილებს შორის განაწილებას, კერბერის მეოთხედში მოხვდა გარბინ მუგურუსა, რომლისგანაც ნებისმიერ შედეგს შეიძლება ელოდო. მეორე მეოთხედში ერთად არიან სიმონა ჰალეპი და სვეტლანა კუზნეცოვა, მესამეში - კაროლინა პლიშკოვა და აგნიეშკა რადვანსკა. სხვათა შორის, კაროლინა ბუკმეკერების მესამე ფავორიტია, მაგრამ სწორედ აგნიეშკასთან თამაში არ გამოსდის (0-7 პირად შეხვედრებში). დაბოლოს, მეოთხე მეოთხედში სერენა უილიამსი დომინიკა ციბულკოვასთან მოხვდა.
ბუკმეკერების ფსონები
კაცები
ნოვაკ ჯოკოვიჩი - 2,75
ენდი მარეი - 2,75
სტენ ვავრინკა - 13,0
რაფაელ ნადალი - 15,0
მილოშ რაონიჩი - 21,0
როჯერ ფედერერი - 23,0
კეი ნიშიკორი - 34,0
ქალები
სერენა უილიამსი - 4,0
ანჟელიკ კერბერი - 4,33
კაროლინა პლიშკოვა - 9,0
გარბინ მუგურუსა - 10,0
სიმონა ჰალეპი - 13,0
იოჰანა კონტა - 23,0
დომინიკა ციბულკოვა - 26,0
აგნიეშკა რადვანსკა - 26,0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"