2017 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე 34 წლის ხორვატი იუნიორის შემართებით თამაშობს. ტურნირის მსვლელობისას, მან მსოფლიოს მესამე ჩოგანი აგნიეშკა რადვანსკა გამოთიშა ბრძოლას, 18-წლიანი პაუზის შემდეგ "დიდი სლემის" ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და არც ამაზე გაჩერდა...
1997 წელს ლუჩიჩს ჩოგბურთის მომავალ დედოფალს, ახალ შტეფი გრაფს უწოდებდნენ. 15 წლის გოგონამ პროფესიულ ტურში დებიუტიდან ერთი კვირის თავზე მოიგო WTA-ს
მაშინდელ ფოტოებში მირიანა იღიმება, მაგრამ მისი მეტოქეები აღნიშნავდნენ, რომ გასახდელში ხორვატი ყოველთვის მოწყენილი და დათრგუნული იყო.
ჩოგბურთელს მუდმივად აჩრდილად დასდევდა მამამისი - მარინკო, რომელიც ქალიშვილს მეგობრების შეძენას უკრძალავდა. მირიანა ხუთი წლის იყო, როცა მამამ ხელში ჩოგანი მისცა, კიდევ ოთხი წლის შემდეგ კი მარინკო მიხვდა, რომ ქალიშვილი ნიჭიერი იყო და ღონის გამოცლამდე აიძულებდა ვარჯიშს. ერთ-ერთი მარცხის შემდეგ უფროსმა ლუჩიჩმა ქალიშვილს ცხვირი გაუტეხა - მოგვიანებით განაცხადა, რომ ეს მხოლოდ ერთი მსუბუქი დარტყმა იყო, რათა გოგონასთვის ხასიათი გამოემუშავებინა. "თითოეული წაგებისთვის დიდი ფეხსაცმლით მცემდა, რომელიც ქვას მოგაგონებდათ", - აღიარებდა ჩოგბურთელი.
მარინკო მუდმივად შიშში ამყოფებდა თავის მრავალრიცხოვან ოჯახს - მეუღლესა და ოთხ ბავშვს. ისინი ითმენდნენ იქამდე, სანამ 1998 წლის უიმბლდონზე მირიანას მარცხის შემდეგ, მან გოგონას თვალწინ ცოლს სასტიკად არ სცემა - მარინკომ ჩათვალა, რომ მირიანა ცემას მიჩვეული იყო და დედის ტანჯვის ხილვა მისთვის უფრო მტკივნეული იქნებოდა.
იმავე დღეს ჩოგბურთელმა დახმარებისთვის უიმბლდონის 2001 წლის ჩემპიონს გორან ივანიშევიჩს მიმართა. მან ლუჩიჩების ოჯახი საკუთარ სახლში შეიფარა, შემდეგ დაეხმარა მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრირებაში. მირიანამ ჩათვალა, რომ ხორვატიაში დარჩენა უსაფრთხო არ იქნებოდა - მამამისი დაკავშირებული იყო ადგილობრივ კრიმინალურ სტრუქტურებთან, რომელთა ფულითაც დაიწყო გოგონას კარიერა. "მადლობა ივანიშევიჩს - მან სიკვდილს გადამარჩინა", - რამდენიმე წლის შემდეგ მადლობა გადაიხადა ლუჩიჩმა.
ფლორიდაში გაქცევის შემდეგ ლუჩიჩი უფულოდ დარჩა: მარინკომ ყველა მისი მოგებული ჰონორარი მიითვისა. 1999 წლის უიმბლდონში მონაწილეობის მისაღებად, თანხა ნაცნობებისგან ისესხა. იმ ტურნირიდან მომდევნო ორი წელი მას არც ერთი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია. აშშ-ში მირიანამ ვერ იპოვა სპონსორები და მენეჯერი. ადრე მამამისი გეგმავდა მისი გამოსვლების გრაფიკს, ფულს იხდიდა გადაფრენებში, ახლა კი ლუჩიჩი სრულიად მარტო და უმწეო იყო უცხო ქვეყანაში.
დაბრუნების ყველა მცდელობა უშედეგო გამოდგა. ამასთან, მუდმივი სტრესების გამო მირიანას ძალიან დაუქვეითდა მხედველობა და ექიმებმა ნახევარი წლით აუკრძალეს ფიზიკური დატვირთვები. ლუჩიჩმა მხოლოდ 2003 წელს შეგვახსენა თავი, როცა აშშ-ის ღია პირველობის კვალიფიკაციაში გამოჩნდა, სადაც მუხლი სერიოზულად დაიზიანა. ხორვატი დანებდა, ჩოგანი მოისროლა და უნივერსიტეტში არქეოლოგიაზე ჩააბარა.
თითქოს საბოლოოდ დაივიწყა ჩოგბურთი, მაგრამ 2006 წელს თავის მომავალ ქმარს, დანიელე ბარონის შეხვდა. სწორედ მან მისცა მირიანას აღმაფრენა კიდევ ერთ ქამბექზე. "ძალიან რთული იყო, რადგან ჩოგბურთი ოთხი-ხუთი წელი მივიწყებული მქონდა და ნულიდან დავიწყე. ვთამაშობდი ტურნირებზე, სადაც მსაჯები არ იყვნენ. მახსოვს მატჩი, რომლის მესამე სეტში 3:1-ს ვიგებდი, ჩემმა მეტოქემ კი მითხრა, რომ ანგარიში 1:1 იყო", - ჰყვება ხორვატი.
მეასეხარისხოვან "ფიუჩერსებსა" და "ჩელენჯერებზე" მატჩების შემდეგ, ოთხ წელიწადში მირიანამ, როგორც იქნა, წინ წაიწია: 2010 წელს, უიმბლდონის კვალიფიკაცია გადალახა და 11-წლიანი პაუზის შემდეგ ცენტრალურ კორტზე გამოჩნდა, სადაც ვიქტორია აზარენკასთან წააგო. კიდევ ოთხი წლის შემდეგ, კვებეკის ფინალში ვინუს უილიამსი დაამარცხა და კარიერაში WTA-ს მესამე ტიტული მოიგო. არავის ჰქონია პროფესიულ ტურში ასეთი ხანგრძლივი პაუზის (16 წელი) შემდეგ ტურნირი მოგებული.
2014 წელს, მირიანამ აშშ-ის ღია პირველობაზე მეორე ნომრად განთესილი სიმონა ჰალეპი დაამარცხა და მატჩის შემდეგ აქვითინდა: "სანამ სტაბილურად მაღალ დონეზე არ გახვალ, არავინ იცის, რამდენი მუშაობა გიწევს. მთელი ეს წლები შეუჩერებლად ვმუშაობდი, მაგრამ მუდმივად ტრავმები მიშლიდა ხელს. ახლა ჩემთვის თითოეული მოგებული თამაში - ტიტულის მოგების ტოლფასია".
2017 წელს, ავსტრალიის ღია პირველობაზე მირიანა ისევ თამაშშია, მიუხედავად იმისა, რომ ტეიპებით აქვს თითქმის მთელი სხეული დაწებებული. მრავალი წლის წინ ლუჩიჩი ვერ იტანდა ჩოგბურთს, მონსტრი მამის ხელში საკუთარ თავს მარიონეტად მიიჩნევდა. მას შეეძლო "დიდი სლემის" რამდენიმე ტურნირის მოგება, მაგრამ ამით მაინც არ იქნებოდა ბედნიერი.
დღეს მირიანამ არავისთვის არაფერი აქვს დასამტკიცებელი. რადგან უკვე მოიპოვა ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება, რომელიც ნებისმიერ "დიდ სლემზე" ძვირფასია - ლუჩიჩმა შეძლო ბავშვობის ტკივილისა და თამაშისადმი სიყვარულის შერიგება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"