დევისის თასი: საქართველოს წინააღმდეგ ფინელებს ლიდერი იარკო ნიემინენი არ ეყოლებათ

AutoSharing Option
თბილისის ახალი სპორტის სასახლე 3-5 თებერვალს დევისის თასის გათამაშების მეორე ევროაფრიკული ზონის წარმომადგენელთა პირველი რაუნდის მატჩს უმასპინძლებს - საქართველო ფინეთს დაუპირისპირდება.

მეტოქეები შარშანაც მეორე ზონაში იყვნენ. ფინელებმა პირველ წრეში ზიმბაბვეს მოუგეს - 4:1, მეორეში კი დანიასთან დამარცხდნენ - 2:3, ჩვენებმა კი პირიქით - პირველი პაექრობა დანიელებთან დათმეს - 0:5, მერე კი ზონაში დასარჩენად ზიმბაბვეს აჯობეს - 3:2.

შარშან სუომელთა ლიდერი იყო იარკო ნიემინენი. ფინელთა გუნდი ამჯერად უმისოდ ჩამოვა თბილისში. მათ სპორტულ ღირსებას დაიცავენ: პატრიკ ნიკლას-სალმინენი (ერთეულთა რეიტინგით 745-ე, წყვილებში -
818-ე), უერო ვასა (1113-ე, 993-ე), ემილ რუუსუვუორი (1511-ე, 1505-ე), ჰარი ჰელიოვაარა (28 წლის, ურეიტინგო), კაპიტანია კიმ ტიილიკაინენი.

საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: ნიკოლოზ ბასილაშვილი (92-ე, 1215-ე), გიორგი ცივაძე (810-ე, 589-ე), ზურა ტყემალაძე (17 წლის, ურეიტინგო), ვაჟა შუბლაძე (18 წლის, ურეიტინგო), კაპიტანი დავით კვერნაძე. ოთხივე ჩოგბურთელი ამჟამად თბილისშია და მომავალი პაექრობისთვის მონდომებით ემზადება.

შეხვედრები 3 თებერვალს 13, ოთხში -15, ხოლო 5 თებერვალს 13 საათზე დაიწყება. გამარჯვებული გუნდი პირველ ზონაში აღსაზევებლად ლიტვა-მადაგასკარს შორის უძლიერესს დაუპირისპირდება, ხოლო წაგებული ზონაში დასარჩენად ზემოაღნიშნულ მატჩში დამარცხებულთან გაარკვევს ურთიერთობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული