სპორტულ ტანსაცმელში კომფორტის ძიება ლილი დე ალვარესმა დაიწყო. სწორედ მან დაუდო სათავე ყველა ესპანელ საჩოგბურთო ვარსკვლავს. მას გულწრფელად არ ესმოდა - რა საჭიროა დაკავდე სპორტით, თუკი ამ სულელურ გრძელ კაბასთან
დე ალვარესი კეთილშობილი ოჯახიდან მოდიოდა, შვეიცარიაში სწავლობდა და იოლად ახერხებდა "სელებრითების" გაცნობას. 18 წლის ასაკში, გოგონა მშობლებთან ერთად კანში გადავიდა საცხოვრებლად და უპრობლემოდ თამაშობდა ჩოგბურთს შვედეთის მეფესთან გუსტავ V-თან. ასე რომ, შეგიძლიათ შეაფასოთ მისი კავშირების დონე.
1930 წელს, ჩოგბურთელმა დიზაინერ ელზა სკიაპარელის ფოტოები იხილა - თამამი მხატვარი ლონდონის მაღაზიაში გაყოფილი კაბით (როცა მუცელი დაფარული არ არის) გამოჩნდა. ლილიმ მას წერილი მისწერა და მოდელიერმა ჩოგბურთელისთვის ზუსტად ასეთი კაბა შეკერა.
პლანეტა შოკში ჩავარდა - სპორტის ამ კონსერვატორული სახეობისთვის ეს ნამდვილი თავხედობა იყო. 1931 წელს, ბრიტანელებმა ფილმი გადაიღეს, რომელშიც კითხვას სვამდნენ: "უნდა ატაროს თუ არა ევამ შარვლები, მოკლე შარვლები ან ქვედაბოლო, როგორც ამას სენიორიტა დე ალვარესი აკეთებს?" გავიდა სულ მცირე ხანი და თავად ბრიტანელი ვარსკვლავები 30-იანი წლების შუაში კორტზე მოკლე შარვლებით გადიოდნენ.
არაფერიც არ მოხდებოდა, რომ არა თავად ლილის ავტორიტეტი. მან ბავშვობაში სპორტის თითქმის ყველა სახეობაში მოსინჯა ძალები - ცხენოსნობიდან დაწყებული ფიგურული სრიალით დასრულებული. მამამისი კმაყოფილი იხსენებდა - ოთხი წლის გოგონა როგორ გულწრფელად ინტერესდებოდა ბილიარდით, ამიტომაც, მშობლები მას სკამს უდგამდნენ, რომ გოგონა მაგიდას მიწვდენობა.
12 წლისა, ის იოლად უგებდა მოზრდილ მამაკაცებს, როცა ზედიზედ ასრულებდა 30 ზუსტ კარამბოლს; 14 წლისამ, პირველად მოიგო საჩოგბურთო ტურნირი; 16 წლის ასაკში - გაიმარჯვა სანკტ-მორიტცში ფიგურული სრიალის ტურნირზე; თავისი ფანტასტიკური შესაძლებლობების წყალობით, ლილი სპორტის სახეობებს 19 წლის ასაკამდე "მიქსავდა" - სწორედ მაშინ მოიგო ავტოსპორტში კატალონიის ჩემპიონატი, ვერ აღმოაჩინა იქ კონკურენტები, მოიწყინა და მთლიანად ჩოგბურთზე გადაერთო.
ორი წელი ვარჯიშის შემდეგ, დე ალვარესმა უიმბლდონის ფინალამდე მიაღწია და პირველად მიხვდა, რომ ეს უბრალო ამბავი არ იყო. ფინალის სტუმრები გახდნენ ესპანეთის მეფე და დედოფალი. ისინი სპეციალურად ჩავიდნენ ლონდონში, რათა მხარი დაეჭირათ პირველი ესპანელი გოგონასთვის, რომელიც ერთ ნაბიჯში იყო უიმბლდონის ტიტულთან.
კორტის მეორე მხარეს იდგა ბრიტანელი მაკეინი, ასე რომ, ქვეყნის პირველი პირების გარდა, ლილის ტრიბუნებზე გულშემატკივარი არ ჰყოლია. პირველ სეტში ის ნერვებს ვერ გაუმკლავდა, სამაგიეროდ, მობილიზება მოახერხა მეორე სეტში, მესამე სეტს კი "სინიორიტა" (ასე შეარქვა მას ბრიტანულმა პრესამ) 3:1-სა და 40:15-ს იგებდა თავის მოწოდებაზე, მაგრამ ყველა მნიშვნელოვანი ქულა წააგო და დათმო გადამწყვეტი მატჩი. "უბრალოდ, დამავიწყდა სად ვიმყოფებოდი", - დაბნეულმა აღიარა დე ალვარესმა.
იმ წაგების შემდეგ, ესპანელი კიდევ 10 წელი გამოდიოდა ტურში, რეიტინგში მეორე ადგილამდე მიაღწია, მაგრამ ერთხელაც ვერ მოიგო "დიდი სლემის" ტურნირი. ლილი ცოლად გაყვა ფრანგ გრაფს, გადავიდა პარიზში და ორი წლის განმავლობაში ტურნირებზე გამოდიოდა, როგორც გრაფინია ვალდენი. ჯერ კიდევ კარიერის მსვლელობისას, დე ალვარესმა სვეტი მიიღო გაზეთ Daily Mail-ში და ხმაურიან ტექსტებს აქვეყნებდა პოლიტიკასა და ფემინიზმზე, არ ერიდებოდა სამოქალაქო ომს ესპანეთში და გარდაქმენებს ესპანელი ქალების ხასიათში.
ის ჩოგბურთიდან წავიდა, დაფეხმძიმდა, ბავშვი დაკარგა, ქორწინებაზე გული აუცრუვდა და გაშორდა არისტოკრატ ქმარს. მას ეყო ძალა - დაბრუნებულიყო ესპანეთში და გამოსულიყო ავტოსპორტსა და სამთო თხილამურებში, გამხდარიყო ამ სპორტში ქვეყნის ჩემპიონი.
მაგრამ, ამავდროულად, მეამბოხე სული გარდაქმნებსა და სამართლიანობას ითხოვდა. დე ალვარესი სათხილამურო ფედერაციის ბოსებს წაეჩხუბა - მამაკაცების წინააღმდეგ ბრძოლაში, ძლიერი სქესის წარმომადგენლებმა ტრადიციულად მასკულინური ესპანეთის შეურაცხყოფა დაინახეს. ქალმა უარი თქვა ტიტულზე და პირობა დადო, რომ არასოდეს აღარ მიიღებდა მონაწილეობას არანაირ სპორტულ შეჯიბრში. და ამ სიტყვას სიცოცხლის ბოლო დღეებამდე ასრულებდა.
ლილი პოლიტიკაზე გადაერთო, სულ უფრო ხშირად წარმოსთქვამდა სულის ასამაღლებელ სიტყვებს და პოლიტიკის პრობლემა მის დისკუსიაში თანდათან რელიგიამ შეცვალა. ბევრს რამეს ჰფენს ნათელს მისი სტატიების სახელწოდებები: "ფემინიზმი და სულიერება", "მამაკაცის რელიგიურობა და მისი უბედურება", "ჩემი სულიერი სახარება". ექს-ჩოგბურთელს იწვევდნენ ქალთა უფლებების დაცვის კონგრესზე, მაგრამ იქ ის დიდი გამონაკლისი უფრო იყო, ვიდრე ჭანჭიკი სისტემაში.
60-იანი წლების შუაში, ესპანური ჩოგბურთი ახალ პიკზე გავიდა - დე ალვარესის ტემპერამენტი ძალიან უხდებოდა იმ ცეცხლს, რომელსაც მანუელ სანტანა და სხვა მამაკაცები დევისის თასზე ანთებდნენ. ლილი ABC-სთვის წერდა:
"ცრემლი მომდის, როცა მელბურნში "უაიტ სიტის" სტადიონზე სამხედრო ორკესტრი ჩემი ქვეყნის ჰიმნს ასრულებს. ვგრძნობ ამას და ვეკითხები საკუთარ თავს: როგორ დავწერო მატჩზე, რომელიც უფრო მძლავრად წარმოაჩენს დღევანდელ ესპანეთს, ვიდრე მთელი ის ფეარ პლეი, რომლითაც სავსეა მსოფლიო სპორტი?"
ის ბოლო დღეებამდე მუშაობდა. უკანასკნელად, პუბლიკის წინაშე 1998 წელს გამოჩნდა, თავისი წიგნის ("დიდი განმარტებითი ჩანაწერი ცხოვრებასა და სპორტზე") პრეზენტაციაზე. მაშინ ის 93 წლის იყო. ესპანეთის სპორტის სამინისტროს ყველა დამსახურებისთვის მედლის გადაცემა სურდა, მაგრამ ვერ მოასწრო: ლილი დე ალვარესი გარდაიცვალა ისე, რომ ვერ მოესწრო "მადლობას", რომლის თქმაც მისთვის ქვეყანას უნდოდა.
მასზე ბევრი ლეგენდა დადიოდა. მაგალითად, ლილი წვეულებაზე იყო ფერდინანდ ფოშთან - ფრანგ სამხედრო მთავარსარდალთან ერთად, რომელმაც პირველ მსოფლიო ომში გაითქვა სახელი. სამხედრო პირდაპირი ადამიანი იყო და თამამად თქვა ლილიზე:
"ვერ გავბედავდი ამ ქალის წინააღმდეგ ჩოგბურთის თამაშს". ესპანელმა მოსწრებულად უპასუხა ფოშს: "ნუ ნერვიულობთ, მარშალო, მეც არ გამოგიცხადებდით ომს". დე ალვარესი სხვებთან ომობდა - ჯერ საკუთარ თავთან, შემდეგ ადამიანებთან, შემდეგ პლანეტასთან...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"