ჩოგბურთი. რეიტინგები: კერბერის შანსი დუბაიში

AutoSharing Option
თითქმის მთელი წლის განმავლობაში, დავიდ გოფენი TOP10-თან ახლოს იმყოფებოდა. ბელგიელს ათეულში შესვლა ჯერ კიდევ 2016 წლის როლან გაროსის დროს შეეძლო, მაგრამ წააგო TOP10-ში შესასვლელი მატჩი დომინიკ ტიმთან. სხვათა შორის, ავსტრიელი ახლოს არის იმასთან, რომ დაკარგოს ადგილი ელიტაში. რაც შეეხება გოფენს, მან საბოლოო ნახტომი სოფიასა და როტერდამში შეასრულა.

ზედიზედ ორმა ფინალმა ბელგიელს საშუალება მისცა შეეგროვებინა საჭირო რაოდენობის ქულები. გადამწყვეტი იყო მატჩი როტერდამში გრიგორ დიმიტროვის წინააღმდეგ. გოფენს არასოდეს ჰყავდა დამარცხებული ბულგარელი და ორჯერ მოასწრო მასთან წაგება 2017 წელს. მაგრამ, ამჯერად, დავიდმა მოუნახა
გასაღები დიმიტროვის თამაშს, ხოლო ნახევარფინალში პიერ-უგ ერბერის დამარცხებამ ოფიციალურად მოუტანა ადგილი TOP10-ში.

გადამწყვეტ მატჩში ბელგიელი ჟო-ვილფრიდ ცონგასთან დამარცხდა. ფრანგმა ATP-500-ის მეორე ტურნირი მოიგო კარიერაში და პირველი - ბოლო რვა წლის განმავლობაში. ამასთან, ჟო მე-11 ადგილზეა რეიტინგში და მხოლოდ 15 ქულით ჩამორჩება გოფენს. ცონგა გახდა საფრანგეთის პირველი ნომერი - გაუსწრო ათეულიდან გამოვარდნილ გაელ მონფილს.

მემფისის ტურნირის ფინალში რაიან ჰარისონმა ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაამარცხა და ერთბაშად 19 საფეხურით წაიწია წინ. ამერიკელი კარიერაში პირველად არის 43-ე ადგილზე. ბასილაშვილმაც განაახლა თავისი რეკორდი - 53-ე პოზიცია.

ბუენოს აირესში ბოლო ხუთ წელიწადში თავისი პირველი (კარიერაში - მესამე) ტიტული მოიპოვა ალექსანდრ დოლგოპოლოვმა. გადამწყვეტ მატჩში უკრაინელმა იაპონელი კეი ნიშიკორი დაამარცხა, რომელთანაც წინა ხუთ მატჩში ერთი სეტიც არ ჰქონდა მოგებული. ამ გამარჯვებამ საშუალება მისცა TOP50-ში დაბრუნებულიყო.

სხვა გარღვევებიდან აღვნიშნოთ ერბერი, რომელმაც როტერდამის ტურნირის ნახევარფინალამდე მიაღწია. მან 41 საფეხურით წაიწია წინ და 68-ე ჩოგანი გახდა. ერთეულებში ეს მისი კარიერის რეკორდია, წყვილების რეიტინგში კი მეორე ადგილზე იმყოფება.

* * *
ქალებს "პრემიერის" ტურნირი ჰქონდათ დოჰაში, თუმცა, მას დიდი სარეიტინგო ცვლილებები არ გამოუწვევია.

პირველ ათეულში ყველაფერი უცვლელადაა. დომინიკა ციბულკოვამ გაუშვა კიდევ ერთი შანსი - მეხუთე პოზიციიდან უფრო ზემოთ ასულიყო. სანკტ-პეტერბურგში და დოჰაში გამარჯვება მას მესამე ადგილს მოუტანდა, მაგრამ ორივეჯერ ნახევარფინალში დამარცხდა. დოჰაში მან მომავალ ჩემპიონთან კაროლინა პლიშკოვასთან წააგო. ჩეხმა ამ სეზონში უკვე მეორე "პრემიერის" მოგება მოასწრო და გაიმაგრა პოზიციები მესამე საფეხურზე.

ფინალამდე მისულმა კაროლინ ვოზნიაცკიმ გაიუმჯობესა თავისი პოზიცია - მე-15 პოზიციამდე. უახლოეს თვეებში დანიელს პრაქტიკულად არაფერი აქვს დასაცავი, ასე რომ, საშუალება აქვს გააგრძელოს სვლა TOP10-სკენ.

რიოს ოლიმპიადის შემდეგ, თავისი საუკეთესო ტურნირი ჩაატარა მონიკა პუიგმა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნახევარფინალამდე მიაღწია, რითაც 42-ე ადგილის დაკავება შეძლო.

შარშან, დუბაიში მოპოვებული ტიტულისთვის მიღებული ქულები ჩამოკლდა სარა ერანის. იტალიელმა 44-საფეხურიანი ვარდნა განიცადა და 93-ე ადგილზე აღმოჩნდა. თან, ამ მომენტში ერანი ტრავმირებულია და ვერ თამაშობს. ასე რომ, როლან გაროსის ყოფილ ფინალისტს, დიდი ალბათობით, პარიზში "დიდი სლემის" რიგით მეორე ტურნირზე კვალიფიკაციის თამაში მოუწევს.

* * *
ამ კვირას ისევ სამი ტურნირია კაცებს შორის: ორი "ATP-250" მარსელსა და დელრეი ბიჩში, აგერთვე, "ATP-500" რიო-დე-ჟანეიროში. ქალებში დაიწყო ამ სეზონის პირველი "პრემიერ-5", რომელსაც დუბაი მასპინძლობს. აქ 900 ქულის დაგროვება შეიძლება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ, შესაძლოა, შეიცვალოს პირველი ნომერი. ამისთვის, გერმანელ ანჟელიკ კერბერს ტურნირის მოგება სჭირდება.

ATP. TOP10
1(1). ენდი მარეი (ბრიტ) - 11 540
2(2). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) - 9 825
3(3). სტენ ვავრინკა (შვეიც) - 5 695
4(4). მილოშ რაონიჩი (კან) - 4 930
5(5). კეი ნიშიკორი (იაპ) - 4 730
6(6). რაფაელ ნადალი (ესპ) - 4 115
7(7). მარინ ჩილიჩი (ხორ) - 3 410
8(8). დომინიკ ტიმი (ავსტრია) - 3 375
9(10). როჯერ ფედერერი (შვეიც) - 3 260
10(11). დავიდ გოფენი (ბელ) - 3 245

WTA. TOP10
1(1). სერენა უილიამსი (აშშ) - 7 780
2(2). ანჟელიკ კერბერი (გერ) - 7 115
3(3). კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) - 5 640
4(4). სიმონა ჰალეპი (რუმ) - 5 172
5(5). დომ. ციბულკოვა (სლოვაკ) - 5 150
6(6). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) - 4 915
7(7). გარბინ მუგურუსა (ესპ) - 4 720
8(8). სვეტლანა კუზნეცოვა (რუს) - 3 915
9(9). მედისონ კისი (აშშ) - 3 897
10(10). იოჰანა კონტა (ბრიტ) - 3 705

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული