ჯოკოვიჩმა და ნადალმა უკვე გაიარეს ორი წრე აკაპულკოში. რაფამ გუშინ 66 წუთში გაანადგურა იტალიელი პაოლო ლორენცი - 6:1, 6:1 და მესამე რაუნდში გავიდა. ნადალმა ხუთი ბრეიკი შეასრულა და მხოლოდ შვიდი ქულა დათმო საკუთარ გეიმებში (28/35). ნაკლებად სავარაუდოა, რომ ესპანელს პრობლემები შეექმნას შემდეგ წრეში, სადაც მისი მეტოქე იქნება
გაცილებით რთული მატჩი ჰქონდა გუშინ ნოვაკ ჯოკოვიჩს. ისევე როგორც რიოს ოლიმპიადაზე, სერბს კვლავ ადრეულ ეტაპზე ერგო არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო, თუმცა, შარშანდელისგან განსხვავებით, ამჯერად, შეძლო მოგება, ოღონდ უმძიმესი ბრძოლის შემდეგ.
თამაში ორი საათი და 38 წუთი გაგრძელდა. პირველი ორი სეტი სცენარით თითქმის ერთნაირი იყო - ორივეში გამარჯვებული ორ ბრეიკს ასრულებდა, აქედან ერთს ბოლო გეიმში. იგივე მოხდა მესამეში. დელ პოტრო ძალიან ახლოს იყო მოგებასთან - 4:3 გავიდა წინ და მერვე გეიმში თავად აწვდიდა. მაგრამ ჯოკოვიჩმა აღარ დაუშვა არგენტინელთან ზედიზედ მეორე მარცხი. მერვე გეიმში დაკარგული მოწოდება დაიბრუნა, მეათეში კი მატჩში მეხუთე ბრეიკი შეასრულა და ამან, მესამე რაუნდის საგზური მოუტანა - 4:6, 6:4, 6:4.
ჯოკოვიჩის შემდეგი მეტოქე ავსტრალიელი ნიკ კირგიოსი იქნება, რომელმაც 6:2, 6:4 დაამარცხა ამერიკელი დონალდ იანგი - 6:2, 6:4.
* * *
დუბაიში უკვე გამოეთიშა ბრძოლას ორივე შვეიცარიელი ფავორიტი. სტენ ვავრინკამ პირველივე წრეში ორი სეტი წააგო ბოსნიელ დამირ ძუმჰურთან, როჯერ ფედერერმა კი ძალიან იოლად მოუგო საწყის მატჩში ბენუა პერს, მაგრამ სენსაციურად წააგო შემდეგ შეხვედრაში რუს ევგენი დონსკოისთან.
არადა, ავსტრალიის ღია პირველობისთვის ყველაფერი კარგად იწყებოდა - ლეგენდამ 5:1 წაიყვანა ანგარიში. როჯერი დომინირებდა კორტზე და ერთ მომენტში ზედიზედ 13 ქულა აიღო. რუსი ბოლოსკენ გამოცოცხლდა, ერთი ბრეიკი დაიბრუნა, მაგრამ 3:6 წააგო.
მეორე სეტი ტაი-ბრეიკამდე მივიდა. დონსკოი თამამად თამაშობდა და პარტიაში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი (რომელიც სეტბოლიც იყო) სწორედ მას ჰქონდა. ტაი-ბრეიკზე ფედერერმა მინი-ბრეიკით დაწინაურდა და როცა 6:4-ზე ორმაგი სეტბოლი მიიღო, მატჩის ბედი ყველას გადაწყვეტილი ეგონა. მაგრამ, რუსმა ჯერ ეს ორი საფრთხე მოიგერია, შემდეგ მესამე მატჩბოლზეც გადარჩა და ტაი-ბრეიკი 9:7 მოიგო.
ამ დასანან მომენტს ფედერერზე ფსიქოლოგიურად არ უმოქმედია - შვეიცარიელმა პირველივე შესაძლებლობა გამოიყენა და წინ გავიდა - 5:2. დონსკოის პასუხი დამაჯერებელი იყო - ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და 6:5-ზე მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო. ფედერერმა ამის საშუალება არ მისცა მეტოქეს, მომდევნო ათი გათამაშებიდან ცხრა მოიგო და ტაი-ბრეიკზე 5:1 დაწინაურდა. აქ კი რუსის მორიგი გმირობა ვნახეთ. მან ზედიზედ ექვსი გათამაშება მოიგო და კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"