ისევ ჯოკოვიჩი-დელ პოტრო: ინდიან ველსის მასტერსის 1/16 ფინალში სუპერმატჩს ვნახავთ

AutoSharing Option
ინდიან უელსის "მასტერსზე" კაცებმა დაასრულეს მეორე წრე. წინა დღისგან განსხვავებით, როცა ბრძოლას გამოეთიშა პირველი ჩოგანი ენდი მარეი, ამჯერად, ყველა ფავორიტმა შეძლო მოგება.

რეიტინგის ლიდერებს შორის, ყველაზე მეტად ისევ ნოვაკ ჯოკოვიჩს გაუჭირდა. მართალია, სერბმა ორ სეტში დაამარცხა ბრიტანელი კაილ ედმუნდი - 6:4, 7:6(5), მაგრამ ნოვაკი ახლოს იყო მეორე სეტის წაგებასთან. ედმუნდი მეორე პარტიაში 5:3-ს იგებდა და სეტზე აწვდიდა, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. ჯოკოვიჩს საათი და 51 წუთი დასჭირდა მოსაგებად. აღსანიშნავია, რომ სერბისთვის ეს იყო 299-ე მოგება "მასტერსის" სერიის ტურნირებზე.

ჯოკოვიჩის
შემდეგი მეტოქე უფრო სერიოზული იქნება - არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო, რომელთანაც შარშან, რიოს ოლიმპიადაზე წააგო, სამაგიეროდ, გასულ კვირას, აკაპულკოში სამ სეტში მოუგო და რევანში აუღო. სულ ისინი 16-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და სერბი წინ არის - 12:4. გუშინ. დელ პოტრომ ასევე ორ სეტში მოიგო - 7:6(5), 6:3 სძლია თანამემამულე ფედერიკო დელბონისს.

* * *
ყველაზე იოლად მოიგო ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა. 35 წლის შვეიცარიელმა 52 წუთში გაანადგურა 36 წლის ფრანგი სტეფან რობერი - 6:2, 6:1. პირველ სეტში 2:2-ის შემდეგ, ფედერერი სრულად გაბატონდა კორტზე და მომდევნო 11 გეიმიდან 10 მოიგო. როჯერმა ხუთი ბრეიკი შეასრულა და მეტოქეს ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა. უფრო მეტიც, შვეიცარიელის გეიმებში მხოლოდ ერთხელ იყო ანგარიში "თანაბარი".

ლეგენდის მორიგი მეტოქე იქნება ამერიკელი სტივ ჯონსონი, რომელმაც სამ სეტში მოუგო სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონს - 6:4, 3:6, 7:6(4). ჯონსონს ფედერერთან მხოლოდ ერთხელ უთამაშია და წაგებული აქვს.

* * *
ანგარიშის მიხედვით, თითქოს პრობლემა არ ჰქონია რაფაელ ნადალს არგენტინელი გვიდო პეიას წინააღმდეგ - 6:3, 6:2. მაგრამ ესპანელი პირველ სეტში ბრეიკით ჩამორჩა, თუმცა, 1:2-დან ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და 5:2 გაიჭრა წინ. მეორე სეტში მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს, 2:2-ის შემდეგ კი ნადალმა ისევ მიჯრით მოიგო ოთხი გეიმი და საათსა და 44 წუთში გაიმარჯვა.

1/16 ფინალში ნადალს ტრადიციული მეტოქე ეყოლება - თანამემამულე ფერნანდო ვერდასკო. მათ ერთმანეთში 18-ჯერ უთამაშიათ და რაფა წინ არის - 15:3.

როგორც ზემოთ ვთქვით, გუშინ, სენსაციები არ მომხდარა, თუმცა დიდი მოულოდნელობა იყო ამერიკელი ტეილორ ფრიტცის მოგება მარინ ჩილიჩთან - 4:6, 7:5, 6:4. ტურნირის მეექვსე ნომერი 6:4, 3:1-ს იგებდა, მაგრამ 19 წლის ამერიკელმა შეძლო მატჩის ბედის თავის სასარგებლოდ შემობრუნება. მესამე სეტში ფრიტცმა 5:3-ზე მატჩზე ვერ ჩააწოდა, მაგრამ შემდეგ გეიმში ბრეიკი შეასრულა.

1/32 ფინალი
კაცები

ა. ზვერევი (გერ)-ბანისი (არგ) 7:6(10), 6:3
ნიშიკორი (იაპ)-ევანსი (ბრიტ) 6:3, 6:4
ჟაზირი (ტუნ)-გრანოლერსი (ესპ) 7:5, 6:3
მიულერი (ლუქ)-ვესელი (ჩეხ) 7:6(1), 6:1
პუიე (საფ)-შტრუფი (გერ) 6:3, 6:2
ნადალი (ესპ)-პეია (არგ) 6:3, 6:2
დიმიტროვი (ბულ)-იუჟნი (რუს) 6:4, 6:0
იანგი (აშშ)-კუერი (აშშ) 6:3, 3:6, 6:3
დელ პოტრო (არგ)-დელბონისი (არგ) 7:6(5), 6:3
კირგიოსი (ავსტრა)-სებალიოსი (არგ) 6:3, 6:4
ვერდასკო (ესპ)-ერბერი (საფ) 7:6(5), 6:1
ჯოკოვიჩი (სერ)-ედმუნდი (ბრიტ) 6:4, 7:6(5)
ჯონსონი (აშშ)-ანდერსონი (ს. აფრ) 6:4, 3:6, 7:6(4)
ფედერერი (შვეიც)-რობერი (საფ) 6:2, 6:1
ფრიტცი (აშშ)-ჩილიჩი (ხორ, 6) 4:6, 7:5, 6:4
სოკი (აშშ)-ლააკსონენი (შვეიც) 6:3, 0:6, 6:4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული