რეიტინგის ლიდერებს შორის, ყველაზე მეტად ისევ ნოვაკ ჯოკოვიჩს გაუჭირდა. მართალია, სერბმა ორ სეტში დაამარცხა ბრიტანელი კაილ ედმუნდი - 6:4, 7:6(5), მაგრამ ნოვაკი ახლოს იყო მეორე სეტის წაგებასთან. ედმუნდი მეორე პარტიაში 5:3-ს იგებდა და სეტზე აწვდიდა, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. ჯოკოვიჩს საათი და 51 წუთი დასჭირდა მოსაგებად. აღსანიშნავია, რომ სერბისთვის ეს იყო 299-ე მოგება "მასტერსის" სერიის ტურნირებზე.
ჯოკოვიჩის
* * *
ყველაზე იოლად მოიგო ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა. 35 წლის შვეიცარიელმა 52 წუთში გაანადგურა 36 წლის ფრანგი სტეფან რობერი - 6:2, 6:1. პირველ სეტში 2:2-ის შემდეგ, ფედერერი სრულად გაბატონდა კორტზე და მომდევნო 11 გეიმიდან 10 მოიგო. როჯერმა ხუთი ბრეიკი შეასრულა და მეტოქეს ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა. უფრო მეტიც, შვეიცარიელის გეიმებში მხოლოდ ერთხელ იყო ანგარიში "თანაბარი".
ლეგენდის მორიგი მეტოქე იქნება ამერიკელი სტივ ჯონსონი, რომელმაც სამ სეტში მოუგო სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონს - 6:4, 3:6, 7:6(4). ჯონსონს ფედერერთან მხოლოდ ერთხელ უთამაშია და წაგებული აქვს.
* * *
ანგარიშის მიხედვით, თითქოს პრობლემა არ ჰქონია რაფაელ ნადალს არგენტინელი გვიდო პეიას წინააღმდეგ - 6:3, 6:2. მაგრამ ესპანელი პირველ სეტში ბრეიკით ჩამორჩა, თუმცა, 1:2-დან ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და 5:2 გაიჭრა წინ. მეორე სეტში მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს, 2:2-ის შემდეგ კი ნადალმა ისევ მიჯრით მოიგო ოთხი გეიმი და საათსა და 44 წუთში გაიმარჯვა.
1/16 ფინალში ნადალს ტრადიციული მეტოქე ეყოლება - თანამემამულე ფერნანდო ვერდასკო. მათ ერთმანეთში 18-ჯერ უთამაშიათ და რაფა წინ არის - 15:3.
როგორც ზემოთ ვთქვით, გუშინ, სენსაციები არ მომხდარა, თუმცა დიდი მოულოდნელობა იყო ამერიკელი ტეილორ ფრიტცის მოგება მარინ ჩილიჩთან - 4:6, 7:5, 6:4. ტურნირის მეექვსე ნომერი 6:4, 3:1-ს იგებდა, მაგრამ 19 წლის ამერიკელმა შეძლო მატჩის ბედის თავის სასარგებლოდ შემობრუნება. მესამე სეტში ფრიტცმა 5:3-ზე მატჩზე ვერ ჩააწოდა, მაგრამ შემდეგ გეიმში ბრეიკი შეასრულა.
1/32 ფინალი
კაცები
ა. ზვერევი (გერ)-ბანისი (არგ) 7:6(10), 6:3
ნიშიკორი (იაპ)-ევანსი (ბრიტ) 6:3, 6:4
ჟაზირი (ტუნ)-გრანოლერსი (ესპ) 7:5, 6:3
მიულერი (ლუქ)-ვესელი (ჩეხ) 7:6(1), 6:1
პუიე (საფ)-შტრუფი (გერ) 6:3, 6:2
ნადალი (ესპ)-პეია (არგ) 6:3, 6:2
დიმიტროვი (ბულ)-იუჟნი (რუს) 6:4, 6:0
იანგი (აშშ)-კუერი (აშშ) 6:3, 3:6, 6:3
დელ პოტრო (არგ)-დელბონისი (არგ) 7:6(5), 6:3
კირგიოსი (ავსტრა)-სებალიოსი (არგ) 6:3, 6:4
ვერდასკო (ესპ)-ერბერი (საფ) 7:6(5), 6:1
ჯოკოვიჩი (სერ)-ედმუნდი (ბრიტ) 6:4, 7:6(5)
ჯონსონი (აშშ)-ანდერსონი (ს. აფრ) 6:4, 3:6, 7:6(4)
ფედერერი (შვეიც)-რობერი (საფ) 6:2, 6:1
ფრიტცი (აშშ)-ჩილიჩი (ხორ, 6) 4:6, 7:5, 6:4
სოკი (აშშ)-ლააკსონენი (შვეიც) 6:3, 0:6, 6:4
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"