ხანდახან მათაც ერჩიან - ჩოგბურთის ვარსკვლავობა ზოგჯერ სახიფათოა

AutoSharing Option
პირველად, ქალ ჩოგბურთელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემა 1993 წელს წარმოიშვა, როცა ჰამბურგის ტურნირზე ამერიკელი მონიკა სელეშისა და ბულგარელი მაგდალენა მალეევას მატჩის შესვენებისას, ვინმე გიუნტერ პარხემ სელეშს ზურგში 20-სანტიმეტრიანი დანა ჩაარტყა.

დამნაშავე აღმოჩნდა უმუშევარი ტიურინგიდან, ამასთან, ის შტეფი გრაფის უდიდესი თაყვანისმცემელი იყო.

ნახევარი წლის შემდეგ, იქვე, ჰამბურგში დასრულდა სასამართლო მანიაკის წინააღმდეგ, მაგრამ გერმანული თემიდა, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, მეტად მოწყალე აღმოჩნდა პარხეს მიმართ. მოსამართლემ მოუხსნა მას ბრალდება - "თავდასხმა მკვლელობის მიზნით" და შეცვალა ის უფრო მსუბუქით - "ტრავმის მიყენება". საბოლოოდ, პოტენციურ
მკვლელს მხოლოდ ორი წელი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს.

მართლაც, ჭრილობა, რომელიც მონიკა სელეშმა მიიღო, სწრაფად შეხორცდა, მაგრამ ჩოგბურთელის ფსიქიკა გაცილებით ძლიერ დაზარალდა.

ორი წელი სელეში განდეგილივით ცხოვრობდა სარასოტაში თავის ვილაში და ქუჩაში პრაქტიკულად არ გადიოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, ის იტანჯებოდა მუდმივი პანიკური შემოტევებით და ასეთ სიტუაციაში, ლაპარაკიც არ იყო კარიერის გაგრძელებაზე. მხოლოდ 1995 წლის ივნისში, სელეშმა გამონახა საკუთარ თავში ძალები - დაბრუნებულიყო პროფესიულ ჩოგბურთში.

გავიდა რამდენიმე წელი და ავსტრალიის ღია პირველობის მიქსტში ამერიკელ ჟან-მიშელ გემბილთან წყვილში თამაშისას, გეიმებს შორის შესვენების დროს, სელეშს უკნიდან ვიღაც მხარზე შეეხო. ჩოგბურთელს არც უფიქრია იმის გარკვევა - რა ხდებოდა მის თავს და მაშინვე უკან მოუხედავად გაიქცა.

როგორც აღმოჩნდა, ეს იყო ჩვეულებრივი გულშემატკივარი, რომელსაც ვარსკვლავისთვის ავტოგრაფის ჩამორთმევა სურდა.

* * *
თავის დროზე, კიდევ ერთმა პირველმა ნომერმა მარტინა ჰინგისმა გადაიტანა ნამდვილი სტრესი - ეს მაშინ მოხდა, როცა ჩოგბურთელთან დაახლოება სცადა ხორვატული წარმოშობის ავსტრალიელმა დუბრავკო რაიჩევიჩმა. შვეიცარიელმა ვერ გაუძლო ზედმეტად აქტიური თაყვანისმცემლის შემოტევებს და რაიჩევიჩს სასამართლოში უჩივლა.

"ჰინგისის მანიით" შეპყრობილი რაიჩევიჩი, დიდი ხანი უგზავნიდა მარტინას სასიყვარულო წერილებს და აწუხებდა სატელეფონო ზარებით. ამან, როგორც თვითონ ამბობს, ჰინგისი ნერვულ აშლილობამდე მიიყვანა.

2001 წლის გაზაფხულზე, მაიამიში გამართულ სასამართლო პროცესზე ჰინგისს ჰკითხეს - მართლა ასე ძლიერ აწუხებდა რაიჩევიჩი, რაზეც მარტინამ არა მხოლოდ დადებითი პასუხი გასცა, არამედ, ხაზი გაუსვა, რომ ამ ადამიანის ძალიან ეშინოდა. მანიაკის გაუთავებელმა სატელეფონო ზარებმა, თაიგულებმა და წერილებმა აიძულეს მარტინა - პირადი მცველი დაექირავებინა. თავად დუბრავკო კი ამ დროს გაბრწყინებული სახით იღიმოდა და აცხადებდა, რომ ის და ჰინგისი დაქორწინებას აპირებდნენ.

ფსიქოლოგი, რომელმაც რაიჩევიჩი გამოიკვლია, იმ აზრამდე მივიდა, რომ მამაკაცს სავსებით შეუძლია პასუხი აგოს თავის საქციელზე, თუმცა, გარკვეული გადახრებიც გააჩნია.

ამიტომაც, ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ მას ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, აგრეთვე ბრალდებულისგან აიღო პირობა, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ, არ ეცდებოდა ჰინგისთან შეხვედრას. რაიჩევიჩი სიხარულით დათანხმა ამ პირობას და განაცხადა, რომ უკვე გადაიყვარა ჩოგბურთელი. დუბრავკოს თქმით, ის ძალიან განაწყენდა სასამართლოს დროს შვეიცარიელის საქციელით, რომელიც უმოწყალო იყო ბრალდებულის მიმართ და მისი მთელი სიმკაცრით დასჯა მოითხოვა:

"ჩემთვის ის აღარ არსებობს", - განაცხადა რაიჩევიჩმა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ სიტყვების გაგონების შემდეგ, ჰინგისმა შვებით ამოისუნთქა.

Sportall.Ge

* * *
გულშემატკივრის მხრიდან ზედმეტი ყურადღებით დაზარალდა სერენა უილიამსიც. რამდენიმე თვის განმავლობაში, ამერიკელს მთელს ევროპაში უკან დაყვებოდა ვინმე ალბრეხტ შტრომაიერი. პირველად, 33 წლის ფანი გერმანიის ღია პირველობაზე შეამჩნიეს, შემდეგ ის ჩოგბურთელს იტალიაში გაჰყვა, მოგვიანებით, დაინახეს პარიზსა და უიმბლდონზე.

ალბრეხტი დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ კორტთან დამონტაჟებული ვიდეოკამერა დაამსხვრია. საქმის გარჩევის შემდეგ, სასამართლომ დაადგინა, რომ შტრომაიერს ერთი წლის განმავლობაში ეკრძალება სერენასთან ახლოს გამოჩენა. მაგრამ ეს არ იყო ყველაფერი. მალე, პარიზის ტურნირზე უილიამსი მორიგ უსიამოვნო ისტორიაში გაეხვა, როცა ამერიკელს დაჟინებით ადევნებდა თვალს გერმანელი სტუდენტი.

* * *
თავის დროზე ნერვიულობა მოუწია ანა კურნიკოვას. მისი მისამართით იყო მუქარა ერთ-ერთი ნეონაცისტური დაჯგუფების ("კომბატ 18") წევრთა მხრიდან. ერთ-ერთ ინტერვიუში კურნიკოვას წამოცდა, რომ ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ელიზაბეტ ჰარლი "ნამდვილი სიმახინჯეა".

ამ ინტერვიუს გაცნობის შემდეგ, ჰარლის ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა ანას მუქარის წერილი გაუგზავნა და უიმბლდონზე შურისძიებას დაპირდა. პოლიცია ამ წერილს სავსებით სერიოზულად მოეკიდა, მით უმეტეს, რომ ამ ჯგუფს უკვე ჰქონდა განხორციელებული შეტევები სპორტსმენებზე - ხანდახან, საქმე სერიოზულ ტრავმებამდე მიდიოდა.

ლონდონელი დეტექტივები მაშინვე დაუკავშირდნენ კურნიკოვას და ურჩიეს მას - მაქსიმალური სიფხიზლე გამოეჩინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული