საქართველო VS ლიტვა - ბრძოლა პლეი ოფის საგზურისთვის

AutoSharing Option
თბილისში, "მზიურის" კორტებზე დღეს დაიწყება დევისის თასის გათამაშება. ევროაფრიკული ზონის მეორე ჯგუფის ჩოგბურთელ ვაჟთა გუნდები - საქართველო და ლიტვა პირველ დივიზიონში გადასასვლელი პლეი ოფის საგზურისთვის ერთმანეთთან გაარკვევენ ურთიერთობას. ჩვენებმაც და ბალტიისპირელებმაც პირველი რაუნდის შეხვედრები მოიგეს და ზონაში ადგილი დაიბევეს.

6 აპრილს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ამ გუნდების წილისყრა გაიმართა, რომელმაც დაპირისპირებული მეტოქეები გამოავლინა. დღეს, 7 აპრილს, 12 საათიდან ერთმანეთს შეხვდებიან ნიკოლოზ ბასილაშვილი და ტადას ბაბელისი. მათი პაექრობის შემდეგ კორტი გიორგი ცივაძესა და ლაურინას გრიგელისს დაეთმობა.

მატჩების პირდაპირ ტელერეპორტაჟს "მეორე
არხი" წარმოადგენს.

8 აპრილს ითამაშებენ წყვილები: ნიკოლოზ ბასილაშვილი, გიორგი ცივაძე - ლაურინას გრიგელისი, ლუკას მუგევიჩიუსი (14 სთ).

9 აპრილს ისევ ერთეულების ორთაბრძოლები გაიმართება: ნიკოლოზ ბასილაშვილი - ლაურინას გრიგელისი (12 სთ), გიორგი ცივაძე - ტადას ბაბელისი. დასწრება თავისუფალია.

მეორე ზონაში პირველი ჯგუფის ორი საგზურისთვის ბრძოლაში 16 ქვეყნის წარმომადგენლები ჩაებნენ. ბადის ზედა ნაწილში პირველი წრის შეხვედრები მოიგეს საქართველომ (ფინეთთან - 3:2), ლიტვამ (მადაგასკართან - 3:2), შვედეთმა (ტუნისთან - 3:2) და თურქეთმა (კვიპროსთან - 4:1). პირველი ზონის საგზურისთვის პლეი ოფში საქართველო-ლიტვას შორის გამარჯვებული თურქეთ-შვედეთს შორის უძლიერესს შეხვდება.

რიმვიდას მუგევიჩიუსი, ლიტვის ნაკრების კაპიტანი:
"რთული ბრძოლა გველის. ჩემთვის ცნობილია ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებები. ამის მიუხედავად, თბილისში მაინც მოსაგებად ჩამოვედით. გუნდში ორი შედარებით გამოცდილი და ორიც სათადარიგო ჩოგბურთელი გვყავს. გვჯერა, საწადელს მივაღწევთ".

დავით კვერნაძე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:
"კვირაზე მეტია, ჩვენი გუნდი სრული შემადგენლობით ვარჯიშობს. ბიჭები კარგ სპორტულ ფორმაში არიან. ცხადია, გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, თუმცა ეს არ იქნება იოლი, რადგან ბალტიისპირელები გუნდის ლიდერ რიკარდას ბერანკისის გარეშეც ძლიერები არიან. ვფიქრობ, ორივე გუნდს მოგების თანაბარი შანსი აქვს. ლიტველებს აქამდე ორჯერ შევხვდით და 0:2-ს ვაგებთ. ასე რომ, რევანში გვაქვს ასაღები. იმედია, ქომაგების აქტიური მხარდაჭერით ამას შევძლებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული