მონაკოს "მასტერსი": ეს ნადალის ტერიტორიაა

AutoSharing Option
დაიწყო გრუნტის სეზონი და რაფაელ ნადალმა უკვე ახალი ისტორია დაწერა. ესპანელმა გუშინ, მონტე კარლოს "მასტერსის" ფინალში 76 წუთში გაანადგურა თანამემამულე ალბერტ რამოსი - 6:1, 6:3.

ნადალი გახდა პირველი ჩოგბურთელი ისტორიაში, ვინც ერთი ტურნირი ათჯერ მოიგო. თან ეს იყო 50-ე ტიტული რაფასთვის გრუნტის საფარზე და ესეც ახალი რეკორდია. ნადალისთვის ეს არის 70-ე გამარჯვება პროფესიულ ტურში.

ნადალმა კარიერაში "მასტერსის" სერიის 29-ე ტიტული მოიგო და ერთით ჩამორჩება რეკორდსმენ ნოვაკ ჯოკოვიჩს. სერბი თამაშობდა მონტე კარლოში, მაგრამ მეოთხედფინალში დამარცხდა ბელგიელ დავიდ გოფენთან.

ასევე გამოდიოდა მონაკოში
მსოფლიოს პირველი ჩოგანი ენდი მარეი, რომელმაც მეოთხედფინალამდეც ვერ მიაღწია - წინა ეტაპზე დამარცხდა რამოსთან. და ისე მოხდა, რაფას ორივესთან მოუწია შეხვედრა და გამოჩნდა, რომ, როცა ფორმაშია, გრუნტზე თავის კონკურენტებზე ერთი თავით მაღლა დგას.

გოფენსაც და რამოსსაც ნადალმა მხოლოდ ოთხი გეიმი დაუთმო. ნახევარფინალში ბელგიელის წინააღმდეგ, ესპანელს პირველი სეტის დასაწყისში გაუჭირდა, როცა პირველ გეიმში ორი ბრეიკ-პოინტი მოიგერია, მესამეში წააგო საკუთარი მოწოდება და ჩამორჩა. გარდამტეხი აღმოჩნდა მეექვსე გეიმი, რომელიც 17 წუთი გაგრძელდა და გოფენმა ის 40:0-დან წააგო. ამის შემდეგ გათამაშებული ათი გეიმიდან ნადალმა ცხრა მოიგო და ფინალში გავიდა.

ფინალში ბრძოლა არ გამოვიდა. ნადალი სრულად დომინირებდა კორტზე. რაფა იდეალური იყო მოწოდებაზე - მის გეიმებში არც ერთხელ არ ყოფილა ანგარიში "თანაბარი", პირველ მოწოდებაზე 31 გათამაშებიდან მხოლოდ ექვსი წააგო, მეორე მოწოდებით კი ქულების 70 პროცენტი აიღო. რაც შეეხება მიღებაზე თამაშს, ნადალმა 11 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ოთხი გამოიყენა.

ახლა, რაფა ბარსელონას ტურნირზე გადაინაცვლებს, რომელიც ასევე ცხრაჯერ აქვს კარიერაში მოგებული.

1/4 ფინალი
რამოსი (15)-ჩილიჩი (5) 6:2, 6:7(5), 6:2
პუიე (11)-კუევასი (16) 6:0, 3:6, 7:5
ნადალი (4)-შვარცმანი 6:4, 6:4
გოფენი (10)-ჯოკოვიჩი2) 6:2, 3:6, 7:5

1/2 ფინალი
რამოსი (15)-პუიე (11) 6:0, 5:7, 6:1
ნადალი (4)-გოფენი (10) 6:3, 6:1

ფინალი
ნადალი (4)-რამოსი (15) 6:1, 6:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული