ქართველი, რომელიც მსოფლიოს კლასიფიკაციაში 70-ე ადგილამდე დაქვეითდა, არც ისე წარმატებით გამოდის გრუნტის სეზონში. ამიტომაც გუშინ, ლიონის ტურნირის პირველ წრეში არ მიიჩნეოდა ფავორიტად ხორვატ ბორნა ჩორიჩთან (41-ე ნომერი) მატჩში. მით უმეტეს, 20 წლის ბორნა წელს მსოფლიოს პირველი ჩოგანის, ბრიტანელი ენდი მარეის დამარცხებით იწონებს თავს. თანაც, ეს ამბავი სულ ახლახან, მადრიდის "მასტერსზე" მოხდა, როცა ხორვატმა ბრიტანელი 6:3, 6:3 გაანადგურა.
ჩოგბურთელები პირველად ხვდებოდნენ ერთმანეთს პროფესიულ ტურში და ქართველი გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა. ბასილაშვილი ვალდებული იყო -
მეორე სეტში ბრეიკ-პოინტების რაოდენობამ იმატა - მეათე გეიმამდე, რომელშიც ბასილაშვილი მატჩზე აწვდიდა, ცხრა ბრეიკ-პოინტი დაფიქსირდა, აქედან ექვსი ქართველისა იყო და მან ერთი შანსი გამოიყენა, ხოლო მეტოქისგან სამი საფრთხე მოიგერია. და ამის შემდეგ იყო მარათონული მეათე გეიმი, რომელშიც ბასილაშვილმა 7(!) მატჩბოლი ვერ გამოიყენა. ბუნებრივია, ქართველზე ამან ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედა და მე-12 გეიმში კიდევ ერთხელ წააგო საკუთარი მოწოდება. სეტებში ანგარიში გათანაბრდა.
კარგია, რომ ნიკოლოზის ჩავარდნა მესამე სეტში არ გაგრძელდა. რაც მთავარია, მან დაალაგა თამაში საკუთარ გეიმებში. ჩორიჩს მხოლოდ მეხუთე გეიმში ჰქონდა ორი ბრეიკ-პოინტი და ვერ გამოიყენა, ბასილაშვილმა კი მესამე გეიმში სეტში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და მეორე წრეში გავიდა - 6:4, 5:7, 6:4.
ბასილაშვილის მეორე მეტოქე დღეს გაირკვევა - იტალიელი ანდრეას სეპისა და ბოსნიელი დამირ ძუმჰურის მატჩში. ლიონის ტურნირზე პირველ ნომრად მილოშ რაონიჩია განთესილი, მეორეა - ჟო-ვილფრიდ ცონგა, მესამე - ტომაშ ბერდიხი და მეოთხე - ნიკ კირგიოსი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"