ოჯახური საქმეები: სპორტული დინასტიები მსოფლიო ჩოგბურთში

AutoSharing Option
დღევანდელ პროფესიულ ტურში ძალიან პოპულარულები არიან გერმანელი ძმები - ალექსანდრ და მიშა ზვერევები. მათ წლევანდელ სეზონში არა ერთი დიდი გამარჯვება მოიპოვეს: მიშამ ავსტრალიის ღიაზე ენდი მარეი დაამარცხა, ალექსანდრმა კი ცოტა ხნის წინ, რომის "მასტერსი" მოიგო, თან ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს სძლია. საერთოდაც, მას ტურის მომავალ ლიდერს უწოდებენ. მიშა და ალექსანდრე საბჭოთა ჩოგბურთის ვარსკვლავის, შემდგომაში გერმანიის მოქალაქის მიხაილ ზვერევის შვილები არიან.

ამიტომაც, დღეს გთავაზობთ მასალას ვარსკვლავური ნათესავების შესახებ, რომლებმაც ჩოგბურთში ან სპორტის სხვა სახეობაში გამოიჩინეს თავი.

რა თქმა უნდა, ყველაზე ცნობილი და
ტიტულოვანი ნათესაური წყვილი შექმნეს რაფაელ ნადალმა და მისმა ბიძამ, "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მიგელ ანხელ ნადალმა. ესპანეთის ხუთგზის ჩემპიონი, ჩემპიონთა თასის მფლობელი (1992), მსოფლიოს სამი ჩემპიონატის მონაწილე მიგელ ანხელი იოჰან კრუიფის ლეგენდარული გუნდის დაცვის ლიდერი იყო. სამწუხაროა, რომ ჩოგბურთელი დავიდ ფერერი და იმავე "ბარსელონაში" უფროსი ნადალის პარტნიორი ალბერტ ფერერი ნათესავები არ არიან, თორემ ძალიან საინტერესო სურათს მივიღებდით. რაფამ უკვე დიდი ხანია აჯობა თავის ბიძას ტიტულებითა და პოპულარობით.

* * *
ფრანგ ჩოგბურთელებს - გაელ მონფილსსა და ჟო-ვილფრიდ ცონგას მამები სპორტსმენები ჰყავდათ. თუ რუფინ მონფილსმა ფეხბურთში განსაკუთრებულ წარმატებებს ვერ მიაღწია, დიდიე ცონგა ხელბურთში კონგოს ნაკრების წევრი იყო. მართალია, არ ვიცით ხელბურთის რა დონეა აფრიკის ამ ქვეყანაში, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა, უკვე სერიოზული მიღწევაა.

"საფეხბურთო" ნათესავები ჰყავთ კიდევ ორ ცნობილ ჩოგბურთელს. ფრანგ მიკაელ ლოდრას მამას 1973-74 წლების სეზონში "პარი სენ-ჟერმენში" მხოლოდ სამი მატჩი აქვს ჩატარებული. სამაგიეროდ, ენდი მარეის ბაბუამ როი ერსკინმა გასული საუკუნის 50-იან წლებში შოტლანდიის უმაღლეს დივიზიონში ითამაშა. მართალია, ეს "სელტიკისა" და "რეინჯერსის" შემადგენლობაში არ მომხდარა, მაგრამ მაინც.

სახელოვანი ბაბუა ჰყავდა ლატვიელ ერნესტ გულბისს. რიგის სკა-ს შემტევი მცველი ალვილს გულბისი ზედიზედ სამჯერ გახდა კალათბურთში ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი. ეს 1958-60 წლებში მოხდა. უფროს გულბისს სსრკ-ის ნაკრებშიც იწვევდნენ. იქ დიდი ხანი არ უთამაშია, რადგან ძალიან დიდი კონკურენცია იყო.

* * *
რა თქმა უნდა, ეს სია არასრული იქნება მშობელი ჩოგბურთელების გარეშე. ასეთი ორია და ისინი ბევრი რამით ჰგვანან ერთმანეთს. ორივე ალექსანდრეა, ორივე ცნობილი მწვრთნელი. ორივე ავარჯიშებდა ალექსანდრ მედვედევს. ორივეს ვაჟს ჰქვია ალექსანდრე და გვარებიც ჰგავს ერთმანეთს. ერთია ბოგომოლოვი, მეორე - დოლგოპოლოვი.

* * *
ქალებს შორის "სპორტული" ნათესავების მხრივ უფრო საინტერესოდ არის საქმე. ჩამოთვლა დავიწყოთ მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანით კაროლინ ვოზნიაცკით. ის საერთოდ დანიელად იმის წყალობით დაიბადა, რომ მისი მამა, ფეხბურთელი პიოტრ ვოზნიაცკი ოდენსეს "ბოლდკლუბენში" გადავიდა.

ერთ დროს, ეს კლუბი დანიის ჩემპიონი იყო, მაგრამ, ახლა, ქვეყნის მეოთხე დივიზიონში თამაშობს. ამის ფონზე კაროლინის ძმა - პატრიკი, რომელიც მეორე ლიგის კლუბ "ჰვიდოვრეში" გამოდის, ნამდვილ ვარსკვლავად გვევლინება. ამ სპორტული ოჯახის ისტორიას დავასრულებთ ანა ვოზნიაცკით.

ჩოგბურთელის დედა ფრენბურთში პოლონეთის ნაკრების წევრი იყო. თუმცა, ოჯახური ტრადიციის მიხედვით, სწორედ მისი გამოსვლის წლებში ერთ დროს ეს უძლიერესი გუნდიც ქვემოთ დაეშვა. სხვათა შორის, ანას წასვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ პოლონეთის ეროვნული ნაკრები ელიტას დაუბრუნდა და ზედიზედ ორჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი. იქნებ "დიდი სლემის" ტურნირებზე კაროლინ ვოზნიაცკის უიღბლობის მიზეზი ჩოგბურთელში არ უნდა ვეძიოთ?!

* * *
კიმ კლაისტერსს "დიდი სლემის" ტურნირებთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგში აქვს. თუმცა მისი მშობლებიც გაცილებით მაღალ დონეზე გამოდიოდნენ. კიმის დედა - ელს ვანდეკეტსბეკი ტანმოვარჯიშე იყო და ბელგიის ჩემპიონატი მოიგო. მამა - ლეო კლაისტერსი უფრო ცნობილი გახლდათ.

"მეხელენის", "ლიეჟისა" და სხვა კლუბების ცენტრალური მცველის კარიერა ბელგიური ფეხბურთის ოქროს ეპოქას დაემთხვა. "მეხელენთან" ერთად ლეომ 1988 წელს მოიგო თასების მფლობელთა თასი და ევროპის სუპერთასი. ბელგიის ნაკრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ორ ჩემპიონატსა და ევროპის 1984 წლის პირველობაზე. სამწუხაროდ, 2008 წლის იანვარში ლეო კლაისტერსი ფილტვის კიბოთი დაავადდა და ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა.

სხვათა შორის, მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში ბელგიისა და სსრკ-ის მატჩში ლეო კლაისტერსი შეცვლაზე შევიდა მოედანზე და შეიძლებოდა სერგეი ბალტაჩას წინააღმდეგ ეთამაშა, მაგრამ კიევის "დინამოს" ლეგენდა და ბრიტანელი ჩოგბურთელის ელენა ბალტაჩას მამა იმ ტურნირს ტრავმის გამო ტოვებდა. სამწუხაროდ, ელენა რამდენიმე წლის წინ, მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა. სხვათა შორის, ელენასაც სპორტული ოჯახი ჰყავდა: მამის გარდა ფეხბურთს თამაშობდა მისი ძმა - სერგეი. დედა - ოლგა ბალტაჩა კი ხუთჭიდსა და შვიდჭიდში ოლიმპიადებზე გამოდიოდა.

* * *
საერთოდ, საბჭოთა სპორტულმა წყვილებმა ბევრი ცნობილი ჩოგბურთელი გამოზარდეს. მაგალითად, ვერა ზვონარევას მამა - იგორი ბურთის ჰოკეის თამაშობდა, დედა - ნატალია ბიკოვა ბალახის ჰოკეის მოთამაშე იყო და 1980 წელს, მოსკოვის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოთხი წლით ადრე, მონრეალის თამაშებზე 4x400 მეტრზე ესტაფეტაში ბრინჯაოს მედალი მოიგო ნადეჟდა ილინამ - ნადეჟდა პეტროვას დედამ. სვეტლანა კუზნეცოვას მშობლებმა ბედი ველოსპორტს დაუკავშირეს. დედამისი გალინა ცარიოვა მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი და მსოფლიოს ოცი რეკორდის მფლობელი იყო, ჩოგბურთელის მამა - ალექსანდრ კუზნეცოვი კი ცნობილი მწვრთნელი.

რუსებს არ ჩამორჩებიან "სოციალისტური ბანაკის" სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. ბულგარელი ცვეტანა პირონკოვას მშობლებმა ცხოვრება სპორტის საწყლოსნო სახეობებს დაუკავშირეს. მამა - კირილ ენჩევი ბულგარეთის ჩემპიონი იყო აკადემიურ ნიჩბოსნობაში, დედა - რადოსვეტა ჩინკოვა ცურვაში. ბოიანა იოვანოვსკის მამა ზორან იოვანოვსკი ფეხბურთს თამაშობდა, ანდრეა პეტკოვიჩის მამამ (ისიც ზორანი) კი გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ორი მატჩი ითამაშა დევისის თასზე იუგოსლავიის ნაკრების რიგებში: ერთი მოიგო, მეორე - წააგო, თუმცა ლეგენდარულ ილიე ნასტასესთან მარცხი სულაც არ იყო სამარცხვინო.

* * *
სხვათა შორის, როლან გაროსის ყოფილი ჩემპიონის ნა ლის მამა ბადმინტონს თამაშობდა და მისი ქალიშვილი სპორტულ კარიერას სწორედ ამ სახეობაში იწყება. ხოლო "სპორტული" ნათესავების რაოდენობის მხრივ აშკარა რეკორდსმენად უნდა მივიჩნიოთ ამერიკელი ჩოგბურთელი კოკო ვანდევეგე.

მისი ოჯახი თავიდანვე კალათბურთთან იყო დაკავშირებული. სპორტსმენის ბაბუა და მისი ბიძაშვილი - ერნი ვანდევეგე და მელ ჰათჩინსი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის, კერძოდ, "ნიუ იორკ ნიქსის" ვარსკვლავები იყვნენ. კოკოს ბიძამ, ერნი "კიკი" ვანდევეგემ კი NBA-ში 13 სეზონის ჩატარება მოასწრო და შემდეგ "ნიუ ჯერსი ნეტსის" მწვრთნელობასაც გამოკრა ხელი, თუმცა ეს საქმე მაინც და მაინც კარგად არ გამოუვიდა. მართალია, ბოლო ცნობა სპორტს არ უკავშირდება, მაგრამ ჩოგბურთელის ბებია - კოლინ კეი ჰათჩინსი 1952 წელს "მის ამერიკა" გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მეტრეველებმა რა დააშავეს?თანაც ამდენი ბაბუს და არც ერთი პაპა?სალიტერატურო ენაში პაპაა,პაპააა!
სოსო
11:15 04-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული