როლან გაროსი: ისევ ჯოკოვიჩის პრობლემები

AutoSharing Option
რაფაელ ნადალის ბრწყინვალე თამაშის ფონზე, სერიოზულ პრობლემებს წააწყდა ნოვაკ ჯოკოვიჩი. მისი მეტოქე დიეგო შვარცმანი იყო, რომელმაც ამ როლან გაროსზე ძლივს გაიარა პირველი წრე - მხოლოდ მეხუთე სეტში გატეხა არაფრით გამორჩეული რუსის ანდრეი რუბლიოვის წინააღმდეგობა - 9:7.

ასე რომ, ნოვაკს მორიგ სამსეტიან მოგებას უწინასწარმეტყველებდნენ. სერბმა საკმაოდ სწრაფად წაიყვანა ანგარიში - 4:1 და უცებ, მის თამაშში უამრავი შეცდომა გაჩნდა. ჯოკოვიჩმა მეტოქეს უკუბრეიკის შესრულების საშუალება მისცა. გარკვეული დრო თანაბარი თამაში მიდიოდა, მაგრამ 5:5-ზე სერბმა ნულზე წააგო საკუთარი მოწოდება და შვარცმანმა მეტოქეს ეს არ
აპატია.

ჯოკოვიჩმა გააგრძელა შეტევები, თუმცა, სეტის სტარტზე ინარჩუნებდა თანაფარდობას. ამასობაში, მცირე წვიმა დაიწყო და ამის გამო, კორტი და ბურთი დამძიმდა, რაც სერბს აწყობდა. სეტის ბოლოს, მან მეექვსე ბრეიკ-პოინტიდან შეძლო მეტოქის მოწოდების აღება. იგივე სცენარის გამოვიდა მესამე სეტი, ოღონდ ასევე 4:3-ზე შვარცმანმა შეასრულა ბრეიკი და ჩემპიონი გავარდნის პირას მიიყვანა.

ანდრე აგასი სამწვრთნელო ბოქსში ძალიან ნერვიულობდა თავისი შეგირდის გამო, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შეეძლო - გამოსავალი თავად ჯოკოვიჩს უნდა ეპოვვნა. სერბს იმან უშველა, რომ შვარცმანს დაღლა დაეტყო. შესაძლოა, მას ებრძოლა მეოთხე სეტში, მაგრამ 0:1-ზე, 40:0-დან საკუთარი გეიმი წააგო და ამან მოშალა არგენტინელის თამაში. ნოვაკმა ჯერ გაათანაბრა ანგარიში სეტებში, შემდეგ კი მეხუთე პარტიაც მოიგო.

შვარცმანი ვეღარ მისდევდა მეტოქის ტემპს, ორჯერ სამედიცინო ტაიმ-აუტიც აიღო... 3 საათსა და 18 წუთში ჯოკოვიჩმა უმძიმესი გამარჯვება გაინაღდა და მერვედფინალში ალბერტ რამოსს შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული