როჯერ ფედერერი TOP-3-ში დაბრუნდა

AutoSharing Option
გუშინ გამოქვეყნებული ახალი რეიტინგის თანახმად, უიმბლდონის რვაგზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი მსოფლიოს მესამე ჩოგანი გახდა. შვეიცარიელმა ორი საფეხურით წაიწია წინ და ახლა, რეალური შანსი აქვს პირველობა დაიბრუნოს ATP-ის კლასიფიკაციაში. ფედერერს შარშან, სეზონის მეორე ნახევარში არ უთამაშია, შესაბამისად, ქულები დასაცავი არ აქვს.

სხვათა შორის, უიმბლდონის შემდეგ, როჯერ ფედერერი გახდა მეორე ჩოგბურთელი, ვინც წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაშის უფლება გაინაღდა. პირველმა ეს შეძლო ესპანელმა რაფაელ ნადალმა.

ახალი რეიტინგის პირველ ათეულში ყველაზე დიდი ვარდნა სტენ ვავრინკამ განიცადა, რომელიც მესამედან მეხუთე ადგილამდე ჩამოქვეითდა და სწორედ ფედერერს
გაუცვალა ადგილი. თითო საფეხურით წაიწიეს წინ დომინიკ ტიმმა და კეი ნიშიკორიმ, ხოლო ათეულში დაბრუნდა გრიგორ დიმიტროვი.

ATP. TOP10
1(1). ენდი მარეი (ბრიტ) - 7 750
2(2). რაფაელ ნადალი (ესპ) - 7 465
3(5). როჯერ ფედერერი (შვეიც) - 6 545
4(4). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) - 6 325
5(3). სტენ ვავრინკა (შვეიც) - 6 140
6(6). მარინ ჩილიჩი (ხორ) - 5075
7(8). დომინიკ ტიმი (ავსტრია) - 4 030
8(9). კეი ნიშიკორი (იაპ) - 3 740
9(7). მილოშ რაონიჩი (კან) - 3 310
10(11). გრიგორ დიმიტროვი (ბულ) - 3 160

* * *
კვირას დასრულებული უიმბლდონის შედეგების მიხედვით, ქალთა პროფესიული ტურის ახალი ლიდერი გახდა ჩეხი კაროლინა პლიშკოვა. ის ქალთა ჩოგბურთის ისტორიაში რიგით 26-ე პირველი ჩოგანია.

არადა, ამ ჩოგბურთელმა ლონდონში მეორე წრის მატჩი წააგო სლოვაკ მაგდალენა რიბარიკოვასთან. რეიტინგში ლიდერობის შანსი ჰქონდა სიმონა ჰალეპს - ამისთვის რუმინელს ნახევარფინალში გასვლა ეყოფოდა, მაგრამ მეოთხედფინალი წააგო ბრიტანელ იოჰანა კონტასთან. ამ უკანასკნელმა კლასიფიკაციაში მეშვიდედან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, რაც მისი პირადი რეკორდია.

რაც შეეხება უიმბლდონის ახალ ჩემპიონს გარბინ მუგურუსას, მან 10 პოზიცია მოიგო და ახლა, მსოფლიოს მეხუთე ჩოგანია. ესპანელმა ტოპ-ათეულიდან სერენა უილიამსი გააგდო.

WTA. TOP10
1(3). კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) - 6 855
2(2). სიმონა ჰალეპი (რუმ) - 6 670
3(1). ანჟელიკ კერბერი (გერ) - 5 975
4(7). იოჰანა კონტა (ბრიტ) - 5 110
5(15). გარბინ მუგურუსა (ესპ) - 4 990
6(5). ელინა სვიტოლინა (უკრ) - 4 935
7(6). კაროლინ ვოზნიაცკი (დან) - 4 780
8(8). სვეტლანა კუზნეცოვა (რუს) - 4 500
9(11). ვინუს უილიამსი (აშშ) - 4 461
10(10). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) - 3 985

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაუჭირდებოდა
სოსო
13:01 28-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული