მყინვარწვერიდან დანახული სამშობლო

AutoSharing Option
შარშან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველად შეიქმნა სამთო გამყოლების ორწლიანი პროფესიული პროგრამა, რომელიც მთის გიდების მომზადებას ითვალისწინებს.

- სასწავლო პროგრამის ფარგლებში ამ პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით უნივერსიტეტში ალპური კლუბის დაფუძნება გადავწყვიტეთ, ორიოდე დღის წინათ მყინვარზე პირველი ექსპედიციაც მოვაწყვეთ, - გვითხრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსმა სერგო რატიანმა, რომელიც თავად გახლდათ ამ ალპინიადის მონაწილე. - მსურველი ბევრი იყო, მაგრამ სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით ექსპედიციის 26 წევრი შევარჩიეთ. ექსპედიციას გაჰყვა ცნობილი ალპინისტი, მრავალი რვაათასიანი მწვერვალის დამპყრობი, "მთის ჯიქად" მონათლული ბიძინა გუჯაბიძე, რომელიც ალპინიზმში საქართველოს ნაკრების
წევრებთან ერთად ჩვენს სტუდენტებს მყინვარწვერის დალაშქვრაში ეხმარებოდა. ეს ილიაუნელთა პირველი ცდა იყო. დარწმუნებული ვარ, სტუდენტური ალპინიადები ტრადიციული გახდება..

არჩილ ცინცაძე, ექსპედიციის ხელმძღვანელი: მყინვარისაკენ 26 ქალ-ვაჟი გაუდგა გზას, მწვერვალზე კი 21 ადამიანი ავიდა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია, თუნდაც იმიტომ, რომ ბევრი მათგანი ასეთ ლაშქრობაში პირველად მონაწილეობდა, თუმცა მთასთან ჭიდილში პრობლემები არ შექმნიათ. პირველი ღამე ყაზბეგში გავათიეთ ზღვის დონიდან 1700 მეტრ სიმაღლეზე, მეორე ღამისთევა საბერწეზე გვქონდა კარვებში 3000 მეტრზე. მერე ბეთლემის ქოხმა (3650 მ.) შეგვიფარა, მეოთხე ღამისთევა მეტეოსადგურში დავგეგმეთ, რათა აკლიმატიზაცია უკეთ გაგვევლო, მაგრამ ამინდის "ფანჯარამ", ანუ გამოდარებამ მწვერვალზე ასვლა დაგვაჩქარებინა. არადა, ისე სწრაფად შეიცვალა ამინდი, რომ უკან დაბრუნებისას ახალმოსულ თოვლს ჩვენი ნაკვალევი დაფარული ჰქონდა. ყოველივეს მიუხედავად, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა. რაც მთავარია, სტუდენტები ამ ექსპედიციით კმაყოფილნი დარჩნენ. რადგანაც ალპურ კლუბში გაერთიანების ბევრი მსურველია, პირველ შეკრებას ჭიათურაში ჩავატარებთ კლდეზე სპორტული ცოცვის მოყვარულთათვის, შემდეგ მთამსვლელთათვის ჭიუხებში მოვაწყობთ, საკვალიფიკაციო შეკრებას, აგვისტოში ჩიტინისა და უშბის კედლების დალაშქვრას ვაპირებთ. დიდი მადლობა ილიას უნივერსიტეტის მესვეურებს, რომლებმაც ხელი გაგვიმართეს.

ანა დულარიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხეკურსელი: წინა წლებში უშბაზე ორჯერ ვიყავი, მაგრამ ახლა მოულოდნელად ველი მასთან ახალ შეხვედრას. რაც შეეხება მყინვარწვერს, ის უკვე მეოთხედ დავლაშქრე, ამჯერად ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად. ქარელის რაიონიდან ვარ. მთას მეკლდეურობაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა იულია თურმანიშვილმა დამაკავშირა - მისი რჩევით მივედი ბატონ ლადო გურჩიანთან. ეს იყო ოთხი წლის წინათ... დღეს პროფესიონალი ალპინისტი ვარ, მიყვარს მთებთან ჭიდილი. კვლავაც სიამოვნებით ავედი მყინვარზე, იქიდან დანახული საქართველოს სილამაზე მაინც შეუდარებელია. სასურველია, რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ შეიგრძნოს ეს მშვენიერება, ეზიაროს ცხოვრების ჯანსაღ წესს.

ილია ბერულავა, საქართველოს მთამსვლელთა ეროვნული ფედერაციის წევრი: ათი წელიწადია სამთო გამყოლი ვარ, მყინვარზე ამსვლელებს ვეხმარები მის დალაშქვრაში. მწვერვალზე ექსპედიციის 21 წევრთან ერთად არასდროს ავსულვარ. რამდენიმე წელიწადია, ასეთი სტუდენტური ალპინიადა არ მოწყობილა. ილიაუნელებმა პირველებმა გაკვალეს გზა და, იმედია, მათს მაგალითს სხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებიც მიბაძავენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული