თბილისის თასი მოილიეს და თელავში გადაინაცვლეს

AutoSharing Option
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე 10 ქვეყნის 120 წარმომადგენელი ეცილებოდა ერთმანეთს თბილისის თასს ორ ასაკობრივ ჯგუფში.

მასპინძლებმა განსაკუთრებით 16-წლიანებში იყოჩაღეს. გოგონებში ანი გოგვაძემ, რომელიც მეორე ნომრად იყო განთესილი, ზედიზედ სძლია მარიამ კიკნაძეს (6:2, 6:3), ეკატერინა გუბანოვას (ყაზახეთი, 6:2, 3:6, 6:3), ალინა ზუბკოვას (ბელარუსი, 7:6, 6:2), გადამწყვეტ პაექრობაში კი რუსი ელიზავეტა ვორონოვა დაამარცხა 6:0, 6:3 და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. იგი ახლოს იყო დუბლთან: ანა ახალკაცთან ერთად წყვილთა ორთაბრძოლების ფინალში გავიდა, მაგრამ ბარბარე ერისთავისა და ეკატერინე ლასარეიშვილის დუეტს ვერ აჯობა (3:6,
4:6) და მეორე ადგილს დასჯერდა.

ვაჟებში პირველი ნომრად იყო განთესილი გიორგი ჯავახიშვილი და მანაც სტატუსი გაამართლა. ნახევარფინალში სომეხ მიქაელ ავეტისიანს მოუგო (6:0, 7:6), ფინალში ალექსანდრე დავლიანიძის მძლეველ (6:3, 1:6, 6:4) შოთა მეფარიძეს დააყრევინა ფარ-ხმალი (6:2, 6:2). დავლიანიძემ 14 წლის ალექსანდრე ბაქშისთან ერთად გაიმარჯვა წყვილთა შეხვედრებში. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ჩვენებმა მიქაელ ავეტისიანისა და სურენ ბაღდასარიანის (სომხეთი) დუეტი დაჯაბნეს - 7:5, 6:4.

ბაქშიმ ერთეულთა თანრიგშიც გამოიჩინა თავი. მან მთელი ტურნირი, ასე ვთქვათ, ერთი ამოსუნთქვით განვლო და იოლად აჯობა მეტოქეებს: სომეხ დავიდ მურადიანს (6:1, 6:0), თურქ ბეიზიტს (6:1, 6:3), რუს იგამბერდიევს (6:3, 6:4) და აზერბაიჯანელ აიხან მანეფლის (6:3, 6:1). სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავენ ბოლო პერიოდში ბაქშის ოსტატობის ზრდას, რაც შედეგებიდანაც ნათლად ჩანს.

თბილისელმა ჩოგბურთელმა წლეულს ისრაელში ორ საერთაშორისო ტურნირში მოსინჯა ძალები და ორჯერვე ფინალში გავიდა, თურქეთში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პირველობაზე 14-წლიანებში მესამე-მეოთხე ადგილები გაიყო. ამ ასპარეზობის შედეგებით, ასაკების მიხედვით 4-4 საუკეთესო გოგო და ბიჭი, მათ შორის - ალექსანდრე ბაქში, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ იუნიორთა დიდი სლემის ტურში მიიწვია საკუთარი სახსრებით. ახალგაზრდა ჩოგბურთელები აგვისტოში 5 ტურნირში იასპარეზებენ. გერმანიასა და ავსტრიაში გამგზავრებამდე ბაქში ტრაბზონში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალზე დაიცავს საქართველოს სპორტულ ღირსებას შოთა მეფარიძესთან ერთად.

ლეილა მესხის კორტებზე, 14-წლიანებში, ბაქშის გარდა პირველ ადგილზე გავიდა მარიამ ბოლქვაძისა და ქრისტინე გეგეშიძის დუეტი, რომელმაც გადამწყვეტი ორთაბრძოლა პირველ ნომრად განთესილ სომეხ არევიკ თუმანიანისა და რუს ვალერია ურზუმოვას ინტერნაციონალურ წყვილს მოუგო - 6:3, 3:6, 11:9. ვაჟთა წყვილებში სტუმრებმა გაიმარჯვეს: ტიმურ იგამბერდიევმა (რუსეთი) და აიხან მანაფლიმ (აზერბაიჯანი) დაძაბულ დუელში დააყრევინეს ფარ-ხმალი ანტონ ბანდარუკსა (ბელარუსი) და პაველ კოტოვს (რუსეთი) 2:6, 6:3, 10:5.

გოგონებშიც სტუმარი ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე: რუსმა ვალერია ურზუმოვამ თანამემამულე ადელია ზაბიროვას აჯობა - 6:1, 7:5.
თბილისის თასი მონაწილეებმა თელავში გადაინაცვლეს, სადაც დღეიდან "რენას და დათოს თასი" გათამაშდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული