რენას და დათოს თასზე

AutoSharing Option
თელავის კორტებზე დასასრულს უახლოვდება რენას და დათოს თასის გათამაშება, რომელშიც 10 ქვეყნის 130-მდე ჩოგბურთელი მონაწილეობს. 14-წლიან ვაჟებში 32 მოასპარეზეს შორის საქართველოს 12 წარმომადგენელი ჩაება მთავარი პრიზისთვის პაექრობაში. სამწუხაროდ, ვერც ერთმა მათგანმა პირველი წრე ვერ გადალახა.

ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი აიხან მანაფლი (აზერბაიჯანი) გუშინ რუს პაველ კოტოვთან დამარცხდა (0:6, 1:6), მეორე ნომერმა ტიმურ იგამბერდიევმა (რუსეთი), რომელსაც თბილისის თასზე ალექსანდრე ბაქშიმ აჯობა, გუშინ თელავში თანამემამულე ილია სტრუკოვი დაამარცხა (6:1, 7:5) და დღეს ფინალში კოტოვს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე გამარჯვებულ
ბაქშის, თელავში მან 16-წლიანებში მოსინჯა ძალები და ნახევარფინალამდე მიაღწია, იქ კი შოთა მეფარიძესთან წააგო (2:6, 4:6). ამ უკანასკნელმა გადამწყვეტ პაექრობაში პირველ ნომრად განთესილი გიორგი ჯავახიშვილიც დაჯაბნა (6:7, 6:1, 7:5) და მთავარი პრიზიც დაისაკუთრა.

გოგონებშიც პირველობა ქართველ ჩოგბურთელს ხვდა: ბარბარე ერისთავმა ნახევარფინალში ბელარუს ალინა ზუბკოვას დააყრევინა ფარ-ხმალი (6:3, 6:2), გადამწყვეტ პაექრობაში კი მოლდოველ იანინა მინასიანს აჯობა - 2:6, 6:4, 7:5.

თოთხმეტწლიან გოგონათა ფინალში დღეს ქართველები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ოღონდ, თბილისელი მარიამ ბოლქვაძის (გუშინ ქრისტინე გეგეშიძე დაამარცხა - 6:3, 6:2) მეტოქე რუსეთის მოქალაქე ანა ყიფიანი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული