მთავარი პრიზები ერისთავსა და მეფარიძეს

AutoSharing Option
თელავის კორტებზე დამთავრდა 14 და 16 წლის ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირი "რენას და დათოს თასზე". შეჯიბრებაში 10 ქვეყნის 130-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

14 წლის გოგონებში შესანიშნავად ითამაშა მარიამ ბოლქვაძემ, რომელიც ტურნირზე მე-5 ნომრად იყო განთესილი. საგულისხმოა, რომ მეოთხედფინალში მან თასის გათამაშების ფავორიტი სომეხი არევიკ თუმანიანის მძლეველი (6:3, 6:0) თანამემამულე ნანო ჯანელიძე ჩამოაშორა (6:3, 7:6) კვარცხლბეკისკენ მიმავალ გზას. მარიამმა ნახევარფინალში ქრისტინე გეგეშიძეს მოუგო (6:3, 6:2), გადამწყვეტ პაექრობაში კი რუსეთის სახელით მოთამაშე ანა ყიფიანს აჯობა - 6:2, 6:2.

ამ ასაკის ვაჟებში საუკეთესო იყო რუსი
ტიმურ იგამბერდიევი. ფინალში მან თანამემამულე პაველ კოტოვი დაამარცხა - 6:2, 6:1. არადა, ერთი კვირის წინათ თბილისის თასის გათამაშებაზე იგამბერდიევმა ალექსანდრე ბაქშისთან წააგო. ამ უკანასკნელმა ამჯერად 16-წლიანებში მოსინჯა ძალები, როგორც გაუწყეთ, ნახევარფინალში იგი შოთა მეფარიძესთან დამარცხდა (2:6, 4:6), შოთამ გადამწყვეტ პაექრობაშიც იყოჩაღა - სამ სეტში პირველ ნომრად განთესილი გიორგი ჯავახიშვილი დაჯაბნა (6:7, 6:1, 7:5) და რენა აბჟანდაძის ტრაგიკულად დაღუპული ვაჟის - დათოს სახელობის თასი დაისაკუთრა. რენას თასი კი 16-წლიან გოგონებში გამარჯვებულ ბარბარე ერისთავს ერგო. ბარბარე ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი და ფავორიტობაც დაამტკიცა: ნახევარფინალში ალინა ზუბკოვას (ბელარუსი) დააყრევინა ფარ-ხმალი (6:3, 6:2), დასკვნით შეხვედრაში კი მოლდოველ იანა მინასიანს აჯობა - 2:6, 6:4, 7:5.

აქვე გაუწყებთ წყვილთა ფინალური ორთაბრძოლების შედეგებს:

14-წლიანები: ანტონ ბანდარუკი (ბელარუსი), პაველ კოტოვი (რუსეთი)-გიორგი დათაშვილი (საქართველო), მაქსიმ ზუბკოვი 6:2, 6:2, მარიამ ბოლქვაძე, ქრისტინე გეგეშიძე (ორივე-საქართველო)-ლიზა ლუკინსკაია, ვალერია ზელევა (ორივე-რუსეთი) 6:1, 6:7, 10:4.

16-წლიანები: გიორგი ჯავახიშვილი, შოთა მეფარიძე-ალექსანდრე ბაქში, ალექსანდრე დავლიანიძე (ოთხივე-საქართველო) 6:4, 4:6, 12:10; ეკატერინა გუბანოვა (ყაზახეთი), ელიზავეტა ვორონოვა (რუსეთი)-იანა მინასიანი (მოლდოვა), ალინა ზუბკოვა (ბელარუსი) 7:6, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული