სოფიო ქვაცაბაია წყვილთა ფინალშია

AutoSharing Option
გერმანიაში ჩოგბურთელ ქალთა ვერსმოლდის 25-ათასიან საერთაშორისო ტურნირში ძალებს ცდიდა ეკატერინე გორგოძე. როგორც გაუწყეთ, პირველ წრეში მან დანიელა ჰარმსენს (ჰოლანდია) აჯობა - 7:6, 6:2, მეორეში თავად დანებდა კატალინა კასტანოს (კოლუმბია) - 2:6, 2:6 და ერთეულთა თანრიგში შეჯიბრებას გამოეთიშა.

ჩვენებურმა ვერც წყვილთა პაექრობაში იყოჩაღა. მართალია, პირველი რაუნდი იქაც მოიგო ჰოლანდიელ ვან დერ მიიტთან ერთად (რუმინელი ზატმარი და იაპონელი ტაკაიამა დაამარცხეს 6:0, 6:4), მაგრამ მერვედფინალში ელიზავეტა იანჩუკისა (უკრაინა)-იულია მაირის (იტალია) დუეტთან ვერას გახდა (6:7, 4:6) და კვარცხლბეკისკენ მიმავალ გზას ჩამოშორდა.

სტამბოლის 10-ათასიანი ტურნირის
ერთეულთა თანრიგში სოფიო ქვაცაბაიამაც ვერ გაგვახარა. მართალია, პირველი წრე მანაც წარმატებით გადალახა (სლოვენიელ ანია პრისლანს სძლია - 6:4, 6:2), მაგრამ მეორეში ირინა რამიალისონმა (საფრანგეთი) მოუგო - 7:5, 0:6, 6:1.

სამაგიეროდ, სოფიომ წყვილებში გამოიჩინა თავი. ბულგარელ იზაბელა შინიკოვასთან ერთად მან ზედიზედ სძლია იდილ ჰაკირაიოღლუსა (თურქეთი) და რუსეთის სახელით მოასპარეზე ეკატერინა წიკლაურს (6:0, 6:2), ბასაკ ერაიდინსა (თურქეთი) და ერთეულთა თანრიგში სტამბოლის წინა ტურნირის გამარჯვებულ ქრისტინა შაკოვეცს (გერმანია), ნახევარფინალში ელიქს ლეჩემია (საფრანგეთი)-ირინა რამიალისონის (საფრანგეთი) წყვილი დაჯაბნა - 7:5, 6:4 და ფინალში მაგალი დე ლატრესა (პორტუგალია) და ლიზა ვაიბურნის დუეტს დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული