ერთი კვირის შემდეგ მას ბათუმის ნავთობტერმინალის 25-ათასიანი საერთაშორისო ტურნირი ჩაენაცვლება. შემდეგ კი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, სპორტის სამინისტროს, ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციისა და კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ერთობლივი ძალისხმევით თელავში 50-ათასიანი ტურნირი გაიმართება.
ზემოაღნიშნულ შეჯიბრებებსა და ქართულ ჩოგბურთში არსებულ პრობლემებზე გვესაუბრება ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლეილა მესხი:
- დიდი ხანია, საქართველოში ქალთა საერთაშორისო ტურნირებს ვატარებთ და ამ ტრადიციას არც წლეულს
ზედიზედ ორ ტურნირს თბილისი უმასპინძლებს სპორტის სამინისტროს, კომპანია "ბორჯომის", ბათუმის ნავთობტერმინალისა და სხვა სპონსორების დახმარებით. შეჯიბრებებში ნორჩი ჩოგბურთელებიც იასპარეზებენ, რაც მათ ოსტატობის ამაღლებასა და ფინანსურად ხელის გამართვაშიც დაეხმარება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის არის, რომ თელავის ტურნირის საპრიზო ფონდი 50 ათას დოლარამდე გავზარდეთ. გულშემატკივრებს დაძაბული ორთაბრძოლები ელით.
- ქალბატონო ლეილა, თქვენ ბრძანეთ, რომ ქალთა ნაკრებში მოსახვედრად კონკურენციააო, გუნდი კი ევრო-აფრიკული ზონის მე-2 ჯგუფს ვერ გასცდა.
- თუნდაც იმ შემადგენლობით, რომლითაც თურქეთში ვიასპარეზეთ, შეგვეძლო პირველ ჯგუფში გადასვლა, მიზანთანაც ახლოს ვიყავით, მაგრამ ერთმა გეიმმა ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა. არა უშავს, გაისად გაცილებით ძლიერი ნაკრები გვეყოლება და უფრო დიდი მიზანიც გვექნება.
- ანა ტატიშვილს რომ ეთამაშა?
- ანასაც ძალიან უნდოდა ფედერაციის თასზე ეთამაშა. იგი პატრიოტი გოგოა, რომელიც სამშობლოსთვის ყველაფერს გაიღებს. მაშინაც მზად იყო საამისოდ, მაგრამ მისი დასვენება გადავწყვიტეთ, რადგან სამი კვირის განმავლობაში ხელი სტკიოდა და არ გვინდოდა, ტრავმა გამიზეზებოდა.
ჩვენი გადაწყვეტილების სისწორე იქიდანაც ჩანს, რომ ანამ საუკეთესო ასეულში დაიმკვიდრა ადგილი და გვჯერა, წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე საფეხურით წაიწევს წინ, ლონდონის ოლიმპიადის საგზურსაც მოიპოვებს, რაც ქართველი ჩოგბურთელებისთვის დიდი სტიმული იქნება.
მადლიერებით მინდა მოვიხსენიო ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, რომელიც ტატიშვილს 25 ათასი დოლარით დაეხმარება. ქართველმა ჩოგბურთელმა ამ თანხით მწვრთნელის პრობლემის მოგვარება შეძლო. ვიცით, რომ მეტი თანადგომაა საჭირო, მაგრამ, როგორც ფედერაციას, ისე სახელმწიფოს ამ ეტაპზე ფინანსურად მეტი შესაძლებლობა არ აქვს.
აქვე, მინდა გითხრათ ოქსანა კალაშნიკოვაზეც. ამ შესანიშნავ ჩოგბურთელს კარგა ხანია, ხერხემლის პრობლემა აწუხებს. თავადაც ხედავთ, რამდენიმე თვეა, კორტებზე არ გამოსულა. ნაკრებში მისი არყოფნაც ჩვენთვის დიდი დანაკლისი იყო, ვიმედოვნებთ, რომ ისიც მალე ჩადგება მწყობრში და უწინდებურად ათამაშდება.
- ვაჟებზე რას იტყვით? აქ ეროვნული გუნდი, ფაქტობრივად, არ გვყავს...
- უფროსი თაობის წარმომადგენლებმა აქტიურ სპორტს თავი დაანებეს, ახალგაზრდებს კი ჯერჯერობით ძალა და გამოცდილება აკლიათ, ევროპელებს სათანადო წინააღმდეგობა გაუწიონ. გიორგი ჯავახიშვილი, გიორგი ცივაძე, ალექსანდრე მეტრეველი ორ-სამ წელიწადში საერთაშორისო სარბიელზე ნებისმიერი ჩოგბურთელისთვის, ალბათ, ანგარიშგასაწევი მეტოქეები იქნებიან, კარგი გუნდიც გვეყოლება.
უსახსრობის გამო ვაჟთა საერთაშორისო ტურნირებს ვერ ვატარებთ. გაისად კი მათ აუცილებლად აღვადგენთ. თუმცა ეს სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული.
- არაფერი გითქვამთ ნიკოლოზ ბასილაშვილზე, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. ნიჭიერი და კარგი მომავლის მქონე ჩოგბურთელი დავკარგეთ. რა იღონეთ, რომ ეს არ მომხდარიყო?
- ბოლო დროს ბასილაშვილის ინტერვიუ დაიბეჭდა პრესაში, სადაც იგი ამბობს, რომ სახელმწიფომ არაფერი იღონა მის შესანარჩუნებლად, რაც არ არის მართალი. სამი წლის წინათ, როცა მისი რუსეთში წასვლის საკითხი დადგა, მე და სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი მაშინდელ ძეგლთა დაცვის, კულტურისა და სპორტის მინისტრ ნიკა რურუას ვეწვიეთ და ეს საკითხი განვიხილეთ.
ბასილაშვილის აგენტ მიხაილ გორინს შევთავაზეთ, რომ ნიკას წლიურად 70 ათას დოლარს გადავუხდიდით. აგენტის ურყევი პირობა ასეთი იყო - 150 ათასი დოლარი ყოველწლიურად, თან ოთხწლიანი კონტრაქტით. 16 წლის ყმაწვილისთვის ამხელა თანხის გადახდა რისკი იყო, თანაც სახელმწიფოს და ჩოგბურთის ეროვნულ ფედერაციას სათანადო საშუალება არ ჰქონდა. ამის თაობაზე ბასილაშვილის მამასაც ვესაუბრეთ. მან კი გვითხრა, კონტრაქტით აგენტზე ვართ დამოკიდებული და ერთპიროვნულად ვერაფერს გადავწყვეტთო.
ნიკა ბასილაშვილი ჩვენს ხელში გაიზარდა, კარგი ბიჭია. წარმატებას ვუსურვებთ. ვიმედოვნებთ, რომ იგი კვლავ დაუბრუნდება საქართველოს ნაკრებს და საერთაშორისო სარბიელზეც სამშობლოს სახელით იასპარეზებს.
- ბაზებზეც მინდა გკითხოთ: მტკვრის სანაპიროზე "დინამოს" კორტები დაინგრა...
- სანაცვლოდ ორთაჭალაში საცურაო აუზ "ოლიმპიკის" მიმდებარე ტერიტორიაზე "დინამოს" შესანიშნავი კომპლექსი შენდება 3 დახურული და 6 ღია კორტით, რომელიც ოქტომბერში საზეიმოდ გაიხსნება. სამომავლოდ გათვალისწინებულია, აქაურობას კიდევ რამდენიმე კორტი შეემატოს. ასე რომ, შესანიშნავი ბაზა გვექნება.
- მაგრამ, ამბობენ, ქარიანი ადგილიაო.
- ამ თემაზე ჩვენც გვქონდა სერიოზული მსჯელობა. ნებისმიერ ქვეყანაში კორტები დღეს ქალაქგარეთ შენდება და ქარის პრობლემა ყველას აწუხებს, მაგრამ ჩოგბურთელებისთვის ეს არ არის შემაფერხებელი, რადგან ისინი ნებისმიერ ამინდს შეჩვეული არიან. ზღვისპირა კორტებზე, თუნდაც მაიამიში, ქარი ქრის, ცხადია, ზომიერი, მაგრამ დღემდე არავის მოსვლია აზრად, ეს ბაზა აქ რატომ ააშენესო.
ერთიც მინდა დავძინო: სულ მალე მზიურში დაიწყება კიდევ ერთი საჩოგბურთო კომპლექსის მშენებლობა 4 დახურული და 8 ღია კორტით, რომელიც გაისად დამთავრდება. ზემოაღნიშული ბაზების ამოქმედებით უამრავ ახალგაზრდას მივიზიდავთ და ქართული ჩოგბურთის პოტენციალიც აუცილებლად გაიზრდება.
ჩოგბურთის ეროვნულმა ფედერაციამ შეიმუშავა სპორტის ამ სახეობის განვითარების ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც ყველა სფეროს მოიცავს - ჩოგბურთისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას რეგიონებში, სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში. მჯერა, რომ სახელმწიფოს თანადგომით მის განხორციელებას შევძლებთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"