შესაძლოა, ქართული ფინალი ვიხილოთ

AutoSharing Option
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე დასასრულს უახლოვდება ქალთა საერთაშორისო ტურნირი - "საქართველოს თასი-2011", რომელშიც 10 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ (საპრიზო ფონდი 10 ათასი ამერიკული დოლარი).

გუშინ მეოთხედფინალში წარმატებით ითამაშეს ქართველმა ჩოგბურთლებმა: მეორე ნომრად განთესილმა სოფიო ქვაცაბაიამ (458) ორ სეტში დაამარცხა რუსეთში მცხოვრები თანამემამულე მაია კაციტაძე - 6:4, 6:1, ხოლო მე-3 ნომერმა თათია მიქაძემ (470) იოლად სძლია მე-5 ნომრად განთესილ ნადია კოლბს (უკრაინა) - 6:2, 6:1. რუსმა პოლინა მონოვამ (791), ვისაც ამ შეჯიბრებაზე მე-8 ნომერი ხვდა, ასპარეზობის რეიტინგფავორიტ მარია ზანევსკას (400) აჯობა
- 6:3, 7:5, სომეხ ანი ამირაგიანს (715) ალინა ვესელის (გერმანია) გზიდან ჩამოსაცილებლად სამი სეტი დასჭირდა - 3:6, 6:2, 6:1.

დღეს ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან თათია მიქაძე-პოლინა მონოვა, სოფიო ქვაცაბაია-ანი ამირაგიანი.

ქვაცაბაიას და მიქაძეს კიდევ ერთი მძიმე დუელი ელით: წყვილთა პაექრობის ფინალში დღეს ისინი ანასტასია პრენკოსა და ვიქტორია იემილიანავას დუეტთან გაარკვევენ ურთიერთობას.

გუშინ ნახევარფინალში ჩვენებურებმა ალონა ფომინას და ნადია კოლბს (ორივე-უკრაინა) სძლიეს - 6:2, 6:4, ხოლო პრენკო-იემილიანავას ინტერნაციონალურმა წყვილმა ბაბილინა მაჩაიძე და ნინო სუჯაშვილი (ორივე-საქართველო) დაგვიჯაბნა - 6:0, 6:2.

- მე და თათია მიქაძეს მართლაც დაძაბული დღე გვქონდა, - მითხრა ასპარეზობის შემდეგ სოფიო ქვაცაბაიამ. - განსაკუთრებით კაციტაძესთან პირველი ხელის მოგება გამიჭირდა. მაია ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილი ჩოგბურთელია. წლეულს უიმბლდონის 18-წლიანთა ტურნირის ნახევარფინალში ითამაშა. როცა ანგარიში იყო 5:4, მის მოწოდებაზე გეიმიც მოვიგე და სეტიც. მეორეში უფრო თავისუფლად, დაუძაბავად ვთამაშობდი და იმ ხელში იოლად გავიმარჯვე.

პარასკევს უფრო დაძაბული პაექრობები მექნება: ინდივიდუალურში ანი ამირიგიანს ვხვდები ნახევარფინალში, ხოლო თათია მიქაძესთან ერთად წყვილთა ფინალშიც მომიწევს ბრძოლა პირველობისთვის. არადა, თათიასაც სერიოზული მეტოქე ჰყავს პირადში.

- წლეულს, იმედია, ფორტუნას არ უჩივი...

- გაზაფხულზე უზბეკეთის ქალთა ტურნირის ფინალში გავედი, შემდეგ თურქეთის საერთაშორისო ტურნირი მოვიგე როგორც ერთეულებში, ისე წყვილებში. იქვე მეორე შეჯიბრების ნახევარფინალამდე მივაღწიე. თურქული ბატალიების მერე ავადმყოფობის გამო მცირეოდენი ჩავარდნა მქონდა. ახლა ისევ ვიბრუნებ ჩვეულ ფორმას.

- ალბათ, ბათუმის ნავთობტერმინალის ტურნირზეც გიხილავთ.
- ამ შეჯიბრების საპრიზო ფონდის 25 ათას დოლარამდე გაზრდამ და თელავის 50-ათასიანმა ტურნირმა საკმაოდ ძლიერი ჩოგბურთელბი მიიზიდა. ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტის ლეილა მესხის ძალისხმევით "ნავთობტერმინალზე" ძირითად ბადეში "ველური ბარათით" დამიშვეს. ვეცდები, ორგანიზატორებს იმედები არ გავუცრუო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული