წყვილში ერთად, ერთეულში - პირისპირ

AutoSharing Option
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი საქართველოს თასზე (საპრიზო ფონდი 10.000 $), რომელიც სპორტის სამინისტროს, საქართველოს და უკრაინის ჩოგბურთის ფედერაციების ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა.

შეჯიბრებაში შესანიშნავად ითამაშეს ქართველმა სპორტსმენებმა. როგორც გაუწყეთ, წყვილთა პაექრობაში პირველ ადგილზე თათია მიქაძისა და სოფიო ქვაცაბაიას დუეტი გავიდა. ერთეულთა თანრიგში პარტნიორები ბადის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ.

შეგახსენებთ, რომ მიქაძემ ფინალამდე სეტის დაუთმობლად სძლია მარტა ჰნატიშნინს (უკრაინა, 6:1, 7:5), თანამემამულე ანა ჯიქიას (6:0, 6:0), ნადია კოლბს (უკრაინა, 6:2, 6:1) და პოლინა მონოვას (რუსეთი, 6:2, 6:0),
ქვაცაბაიამ კი გადა კლერიკი (იტალია, 6:2, 6:3), 18-წლიანებში უიმბლდონის შარშანდელი ფინალისტი მაია კაციტაძე (რუსეთი, 6:4, 6:1) და ანი ამირაგიანი (სომხეთი, 3:6, 7:6, 6:3) ჩამოიცილა გზიდან. გადამწყვეტი დუელი მიქაძის გამარჯვებით (6:0, 6:2) დამთავრდა, რომელმაც მეექვსედ მოიპოვა მთავარი პრიზი (სამჯერ ერთეულებში და ამდენჯერვე წყვილებში).

- წინა დღეს ორი მძიმე ორთაბრძოლა მქონდა. განსაკუთრებით ანი ამირაგიანთან სამსეტიანმა ბრძოლამ მომქანცა. დღეს ისე ვიყავი დაღლილი, ფეხის გადადგმა მიჭირდა, ბევრ შეცდომას ვუშვებდი, რომლებიც კარგად გამოიყენა თათიამ. ის ახლა ნამდვილად ჩინებულ სპორტულ ფორმაშია.

წყვილებში თამაშის დროსაც ვგრძნობდი ამას. გამარჯვებას ვულოცავ და მომდევნო ტურნირებშიც წარმატებას ვუსურვებ, თუმცა თუ კიდევ შევხვდით ერთმანეთს, აუცილებლად რევანშის აღებას შევეცდებით, - მითხრა ტურნირის დამთავრების შემდეგ სოფიო შაფათავამ.

გამარჯვებულსა და პრიზიორებს თასები და ფულადი ჯილდოები გადასცეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ნამგალაურმა, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლეილა მესხმა და უკრაინის ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, იური საპრონოვის საჩოგბურთო ფონდის დირექტორმა ვსევოლოდ კევლიჩმა.

"არ შევმცდარვართ, რომ სპორტის სამინისტრომ თბილისის საერთაშორისო ტურნირის დაფინანსებაში თავისი წვლილი რომ შეიტანა. 20-მდე ქართველმა ჩოგბურთელმა იასპარეზა ამ შეჯიბრებაში, რაც მათ შემდგომ დაოსტატებაში დადებით ზეგავლენას მოახდენს. განსაკუთრებით სასიამოვნო ის არის, რომ პირველი-მეორე ადგილები მასპინძლებმა დაიკავეს. მიქაძეს და ქვაცაბაიას სხვა საერთაშორისო ასპარეზობებშიც არაერთხელ უსახელებიათ თავი. იმედია, ისინი თბილისისა და თელავის მომდევნო ტურნირებშიც წარმატებით ითამაშებენ", - გვითხრა სპორტის მინისტრის მოადგილემ დავით ნამგალაურმა.

***
გუშინ ლელა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე სტარტი აიღო ბათუმის ნავთობტერმინალის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25.000 $) საკვალიფიკაციო ეტაპმა.

პირველი წრის შეხვედრები ასე დამთავრდა: ელიზავეტა იანჩუკი (უკრაინა)-ბაბილინა მაჩაიძე (საქართველო) 6:1, 6:1, პოლინა მონოვა (რუსეთი)-თამარ ცხაკაია (საქართველო) 6:0, 6:0, დანკა კოვინიჩი (ჩერნოგორია)-მარტა ჰნატიშინი (უკრაინა) 6:2, 6:0, ვიქტორია კისიალევა (ბელარუსი)-ბარბარე ერისთავი (საქართველო) 6:1, 6:2, ეკატერინე გორგოძე (საქართველო)-ევგენია სვინცოვა (რუსეთი) 6:1, 6:2, ვიქტორია ლუჟკოვა (უკრაინა)-სვიატლანა პირაზნენკა (ბელარუსი) 3:6, 7:6, 6:3. თათია მიქაძე (საქართველო),იანა სლუჟიტელევა (რუსეთი) 3:1 (მეტოქის უარი). ნათელა ძალამიძე (რუსეთი)-ნინო სუჯაშვილი (საქართველო) 6:0, 6:2, კატარზინა კავა (პოლონეთი)-ალონა ფომინა (უკრაინა) 6:3, 6:0, ლიძია მაროზავა (ბელარუსი)-ვლადისლავა კუზმენკოვა (ბელარუსი) 4:6, 6:1, 6:1, ალექსანდრე არტამონოვა (რუსეთი)-ოლექსანდრა პისკუნი (უკრაინა) 6:0, 6:1, ანი ამირაგიანი (სომხეთი)-დარია ბერეჟნაია (ყაზახეთი) 6:2, 6:0, ირინა ხრომაჩევა (რუსეთი)-სოფი ვაინბერგი (რუსეთი) 6:1, 6:1, ანი გოგვაძე (საქართველო)-ნადია კოლბი (უკრაინა) 6:2, 6:2, ქსენია კირილოვა (რუსეთი)-ოფელია პოღოსიანი (სომხეთი) 6:1, 6:0, შახლო საიდოვა (რუსეთი)-ვიქტორია ომიალანავა (ბელარუსი) 7:5, 7:6.

მეორე წრეში ითამაშებენ: იანჩუკი-მონოვა, კოვინიჩი-კისიალევა, გორგოძე-ლუჟკოვა, მიქაძე-ძალამიძე, კავა-მაროზავა, არტომონოვა-ამირაგიანი, ხრომაჩევა-გოგვაძე, კირილოვა-საიდოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული