თათია მიქაძე 23 წლისაა (1988 წლის 27 მარტს დაიბადა თბილისში). თერთმეტი წლის განმავლობაში მამა-შვილ გურამ და ეკა თოხაძეების დახმარებით ეუფლებოდა ჩოგბურთის საიდუმლოებას. დიდ სარბიელზე გასვლის შემდეგ ოსტატობას ერთი წელიწადი ამერიკაში იმაღლებდა.
2007 წელს თბილისის ტურნირის ერთეულთა თანრიგში "ბორჯომის თასი" მოიგო, შარშან ხარკოვის 25-ათასიანზე იყო პირველი, წლეულს კი,
- თბილისის ტურნირამდე ორ შეჯიბრებაში ვიასპარეზე. ბაქოში ერთი წრე გავიარე, მეორეში კი ანა ტატიშვილთან დავმარცხდი, თურქეთში კი პირველივე შეხვედრა წავაგე. ახლა თავს უკეთ ვგრძნობ. ვეცდები, "ბათუმის ნავთობტერმინალზე" შარშან მოპოვებული 12 ქულა დავიცვა. ძირითად ბადეში საკვალიფიკაციოდან მოვხვდი, სადაც ორ მეტოქეს ვაჯობე.
- ალბათ, თელავის ტურნირშიც გიხილავთ.
- რა თქმა უნდა. იქაც საკვალიფიკაციოდან გავიკვალავ გზას. კარგია, რომ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ ზედიზედ სამი ტურნირის ორგანიზება შეძლო, თანაც საკმაოდ კარგი ფულადი პრიზებით. ახალგაზრდა ჩოგბურთელებს საკუთარი ძალების შესამოწმებლად შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ.
- სამომავლოდ რას აპირებთ?
- თელავის შემდეგ ერევანში გავეგზავრები, სადაც 25-ათასიანი ტურნირი გაიმართება. მერე საფრანგეთში ვაპირებ წასვლას. ვეცდები, სეზონი მაჟორულ ნოტზე დავასრულო.
- ოჯახი ხელს არ შეგიშლის?
- პირიქით. ჩემი მეუღლე ბაქარ ცეცხლაძე ყოფილი სპორსტმენია და მაქსიმალურად მეხმარება, რომ ყოველთვის მზად ვიყო საასპარეზოდ. ის რომ არა, ჩოგბურთს, ალბათ, თავს დავანებებდი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"