დიდი ოჯახის სითბო იზიდავთ

AutoSharing Option
მეექვსე წელიწადია, თბილისის საერთაშორისო ტურნირების მთავარი მსაჯია სერბი ვლადიმირ ერგი. როგორც თავად ამბობს, საქართველოს დედაქალაქში თავს სტუმრად სულაც არ გრძნობს.

- აქ იმდენი სითბო და სიყვარული მხვდება, რომ თქვენკენ ყოველთვის მომიხარია. ექვსი წლის განმავლობაში საოცრად შეიცვალა საქართველო - უწინდელთან შედარებაც არ შეიძლება. ძალიან გალამაზდა თბილისი, ბათუმი, მცხეთა, სიღნაღი, ლოპოტას ტბა.

რაც შეეხება ჩოგბურთს, აქაც იგრძნობა წინსვლა. უწინ თქვენი გოგონები ერთ-ორ წრეს თუ გაივლიდნენ, ახლა კი ბოლო ორი წელიწადია, ფინალში ქართველები ხვდებიან ერთმანეთს. ექვსი წლის წინათ ასეთ რამეს ვერც კი წარმოვიდგენდი.
ტურნირებზე ძლიერი ჩოგბურთელები იყრიან თავს.

ისინი თბილისში მხოლოდ საპრიზო ფონდის ხათრით როდი ჩამოდიან. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები საქართველოში თავს კომფორტულად გრძნობენ, მათ დიდი ოჯახის სითბო იზიდავთ. თანაც შეჯიბრებები, ტრადიციულად, უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული - მოასპარეზეებს ყველა პირობა აქვთ თამაშისა და აქტიური დასვენებისთვის.

გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით, ეს ყველაფერი ლეილა მესხის დამსახურებაა. თავისი ორგანიზატორული ნიჭი მან ბაქოს საერთაშორისო ტურნირზეც დაამტკიცა, სადაც დირექტორად იყო მიწვეული.

თბილისის შემდეგ ჩოგბურთელები თელავში გადაინაცვლებენ, სადაც, ასევე, სითბო და სიყვარული დახვდებათ. ქომაგებსაც საინტერესო პაექრობები ელით. ასე რომ, საქართველოში დიდი საჩოგბურთო ზეიმი გრძელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული