ქვაცაბაია ტრავმის გამო შეჯიბრებას გამოეთიშა

AutoSharing Option
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე დასასრულს უახლოვდება ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი "ბათუმის ნავთობტერმინალის" თასზე (საპრიზო ფონდი 25 000 $).

ქართველთაგან ერთეულთა ტურნირს, როგორც გაუწყეთ, მხოლოდ სოფიო ქვაცაბაია იყო შემორჩენილი. გუშინ იგი უნგრელ რეკა-ლუკა იანისთან (ტურნირზე რეიტინგით მეოთხეა) შეხვედრისას პირველ სეტში 4:0 დაწინაურდა, მაგრამ ამ დროს ტრავმა მიიღო და შეჯიბრების გაგრძელება ვერ შეძლო (სამწუხაროდ, იგი თელავშიც ვერ იასპარეზებს).

მადიარი ჩოგბურთელი ნახევარფინალში მე-2 ნომრად განთესილ რუმინელ ელენა ბოგდანს ეთამაშება, რომელმაც გუშინ თანამემამულე იონა-რალუკა ოლარუ დაამარცხა - 6:1, 6:2. ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა ლესია ცურენკომ
(უკრაინა) 16 წლის მოსკოველ ირინა ხრომაჩევას მოუგო - 6:2,6:2 და დღეს ჩილელი ანდრეა კოჩ-ბენვენუტოს მძლეველ (6:2, 6:0) იულია კოჰენს (აშშ) დაუპირისპირდება.

სოფიოს ტრავმის გამო ვერ დასრულდა ქვაცაბაია-პეხოვას (ბელარუსი) და ბოგდან (რუმინეთი)-კოჩ-ბენვენუტოს (ჩილე) ორთაბრძოლა. კარპატელისა და სამხრეთამერიკელის დუეტი დღეს ნახევარფინალში ოლარუ (რუმინეთი)-ცურენკოს წყვილს გაუწევს მეტოქეობას. გამარჯვებულს ფინალში ელოდებიან ბურიაჩოკი (უკრაინა) და იანი (უნგრეთი), რომლებმაც იანჩუკსა და ზანევსკას (ორივე - უკრაინა) აჯობეს - 2:6, 6:4, 10:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული