US OPEN. სილამაზე გადაარჩენს სამყაროს!

AutoSharing Option
ნიუ იორკში ცხელა. ჩოგბურთელებს სხვადასხვა კლიმატურ პირობებში უწევთ ხოლმე თამაში. ხშირად ისეც ხდება, რომ წვიმისა ან ქარის გამო ესა თუ ის შეხვედრა წყდება და მაშინ გრძელდება, როცა ამინდი ამის საშუალებას იძლევა. მაგრამ დიდი სლემის სერიაში შემავალი გიგანტ-შეჯიბრებების სპეციფიკა ისაა, რომ მათში მონაწილეთა დიდი რაოდენობაა და თუნდაც ერთი მატჩის გადადება ჩაფიქრებული გრაფიკის მთელ წყობას არღვევს და მერე იწყება არეულობა. ამით უიმბლდონის ტურნირია გამორჩეული - ლონდონური წვიმების ამბავი ყველას კარგად მოეხსენება. აი, ნიუ იორკში კი სასტიკი სიცხეა. აკი თქვა კიდეც ელენა დემენტიევამ
- ასეთ სიცხეში თამაში არ შეიძლება და თამაშების გრაფიკში "სარეზერვო ფანჯრები" უნდა არსებობდეს, რათა ამინდის გამო შეწყვეტილი თამაშის გაგრძელების საშუალება არსებობდესო.

რატომ წაუვიდა გული ვიკას?

ვიქტორია აზარენკა ქალ ჩოგბურთელთა ელიტაში დიდწილად თავისი ფიზიკური თვისებების ხარჯზე მოხვდა - ჯანიანი ბელარუსი მაინცდამაინც ვერ ფლობს შტეფიგრაფისეულ ფორჰენდს და ვერ კითხულობს თამაშს ჟუსტინ ენენივით. ყველფერი ცოტ-ცოტა აქვს, მაგრამ მთავარი მაინც მისი "ფიზიკაა". ამიტომაც გაუკვირდა პუბლიკას, ეს მცხუნვარე მზე ამხელა მხარბეჭიან გოგოს ასე იოლად როგორ მოერიაო. გეცოდინებათ, თხელ და უკუნთო ხისელა დულკოსთან შეხვედრის მსვლელობისას ვიკამ გონება დაკარგა და კორტზე მოწყვეტით დაეცა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მთლად მზის ბრალი არ ყოფილა...

"მოთელვაზე ვძუნძულებდი და დარბაზში რაღაცას თავი მივარტყი. ხელიც ვიტკინე, თუმცა მეგონა, რომ საგანგაშო არაფერია. დულკოსთან მატჩისას ექიმები მაინც მაკვირდებოდნენ. პირველ-მეორე სეტებში ყველაფერი რიგზე იყო, მერე კი თანდათანობით თავბრუსხვევა დამეწყო, ხოლო სანამ გონებას დავკარგავდი, საშინლად დამცხა, თვალებში დამიბნელდა და სუნთქვა შემეკრა. ექიმები იძახიან, ტვინის შერყევა გაქვსო. ვფიქრობ, ამის ბრალია, მზემ კი უბრალოდ თავისი დაამატა და..." - თქვა ორმაგად დაჩაგრულმა ბელარუსმა.

დულკო 5:1-ს იგებდა პირველ სეტში, მაგრამ რახან აზარენკამ თამაში ვერ გააგრძელა, 25 წლის არგენტინელს ძალების ეკონომია გამოუვიდა. საერთოდ კი, სათამაშო კლასში განსხვავების მიუხედავად, დულკოს და აზარენკას US OPEN-ზე ერთნაირი მიღწევები აქვთ - ორივეს უმაღლესი შედეგი მეოთხე წრეში გასვლაა. აზარენკა ამ შედეგს წლეულს ვეღარ გააუმჯობესებს, დულკო კი მესამე წრეშია, სადაც სხვა სლავთან მოუწევს შერკინება. რუსი ანასტასია პავლიუჩენკოვა არ არის აზარენკასავით მრისხანე, მაგრამ ინდოელი სანია მირზა საკმაოდ იოლად კი დაამარცხა.

რუსთა შესახებ

რაკი ერთ რუსზე დავიწყეთ საუბარი, ბარემ დანარჩენებზეც ვთქვათ. მესამე წრეში პავლიუჩენკოვას ერთი თანამემამულე გავიდა - 2004 წლის US OPEN-ის ფინალისტმა ელენა დემენტიევამ შარშანწინდელი მეოთხედფინალისტი სიბილე ბამერი დაამარცხა. ქალთა საჩოგბურთო ამქრის ვეტერანებმა პირველი სეტი უამრავი შეცდომის ფონზე რუსის გამარჯვებით ჩაამთავრეს, მეორე კი 30 წლის ავსტრიელის უმძლავრესი თამაშით დაიწყო. ბამერმა ბევრად უფრო სახელოვანი მოწინააღმდეგე აშკარად დაჩაგრა და მიჯრით 4 გეიმი მოუგო. მაგრამ ლენამ ძალების მოკრება მაინც მოახერხა და ნამდვილი გმირობა ჩაიდინა - 6:4 მოიგო სეტი და მასთან ერთად - მატჩიც. შემდეგ ეტაპზე დემენტიევას მეტოქე სლოვაკი დანიელა ხანტუხოვა იქნება.

კიდევ ერთმა რუსმა დიაცმა კი წააგო. კლეიბანოვა ამ ტურნირზე განთესილი იყო, მაგრამ მეორე წრეში სარა ერანი რომ შეხვდა, ალისა შეწუხდა, რადგან იტალიელებთან ისე ხშირად მარცხდება, როგორც არავისთან. თანაც, საკუთრივ ერანისთან აბსოლუტურად არასპორტული აღნაგობის 21 წლის რუსმა წლეულს მაიამის ჰარდზე წაგებაც მოასწრო. მოკლედ, კლეიბანოვას შიში გამართლდა და მესამე წრეში ერანი გავიდა, სადაც ტურნირის მე-5 ჩოგან სამანტა სტოსურს შეხვდება.

აქვე დავამატებთ, რომ კლეიბანოვას გზას კიდევ ერთი რუსი გაუყვა - იგორ ანდრეევი, ვისაც ფრანგმა გაელ მონფისმა ბრწყინვალე სტილში მოუგო. საინტერესოა, რომ იქამდე ანდრეევს მონფისთან პირად შეხვედრებში სოლიდური უპირატესობა ჰქონდა - 4:1. აი, მიხაილ იუჟნის კი ყაზახი ანდრეი გოლუბევის სახით იოლი მეტოქე შეხვდა, რომელმაც გამოცდილ რუსს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

იტალიელი ქალების ვაჟკაცობა

იტალიელი ქალები ნიუ იორკში ჯერჯერობით საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებიან. ერანიზე უკვე მოგახსნეთ, უბრალოდ იმას დავამატებთ, რომ მან კლეიბანოვას ჯამში მხოლოდ 5 გეიმი დაუთმო. კლეიბანოვაზე მეტს ვერც უნგრელმა აგნეშ სავაიმ მიაღწია, ვინც ფლავია პენეტასთან 1:6, 4:6 დამარცხდა. აი, უძლიერესმა იტალიელმა მეჩოგნე ქალმა კი მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ამერიკის ღია პირველობაზე. საუცხოო ფორმაში მყოფმა ფრანჩესკა სკიავონემ თანამემამულე მარია ელენა კამერინს 6:2, 6:1 სძლია და მომდევნო წრეში უკრაინელ დათაგან უფროსს, ალიონა ბონდარენკოს გაეჯიბრება.

ვაჟთა შეჯიბრს კი ორი იტალიელი გამოეთიშა და ორივეს ესპანელმა მოუღო ბოლო. უნდა ვაღიაროთ, რომ პოტიტო სტარაჩემაც და ანდრეას სეპიმაც ვაჟკაცურად იომეს, მაგრამ შესაბამისად ნიკოლას ალმაგროსა და მარსელ გრანულიერსის გაჩერება ვერ მოახერხეს.

აი, დარტანიანიც!

ჩვენს გუშინდელ მიმოხილვაში ფრანგული ტრიოს გმირობებზე მოგახსენებდით - არნო კლემანმა, პოლ-ანრი მატიემ და ჟერემი შარდიმ განთესილი მეტოქეები ერთიმეორის მიყოლებით რომ მიაბრძანეს მაყურებლებში. გაელ მონფისი და ჟილ სიმონი ნუ გვიწყენენ - მათ თავთავიანთი მატჩები იოლად მოიგეს, მეტოქეებიც ობიექტურად მათზე სუსტები შეხვდათ. აი, მიკელ ლიოდრა კი გუშინდელ სამ მუშკეტერზე შორს წავიდა და დიდი სიურპრიზი აჩუქა "ფლაშინგ მიდოუსს". წყვილში თამაშის დიდოსტატმა ფრანგმა წლევანდელი უიმბლდონის ფინალისტი ტომაშ ბერდიხი მოინელა!

ლიოდრამ ბრწყინვალე ჩოგბურთი ითამაშა და პირწმინდად დაჩაგრა ბერდიხი, რომლის წლევანდელ აქტივს უიმბლდონური ფინალის გარდა როლანგაროსული ნახევარფინალიც ამშვენებს. 30 წლის ფრანგთან თამაშის მიწურულს ტომაში საცოდავი სანახავი იყო. ლიოდრა ამ მატჩში ბადესთან 75-ჯერ გავიდა, ყველა თავისი მოწოდება მოიგო, მაგრამ ესეც რომ არა, ფრანგი ერთობ ავანტიურულ ჩოგბურთს თამაშობდა - არარაციონალურ და მახვილგონივრულ კომბინაციებს აბლაბუდასავით ქსოვდა და ვირტუოზული დარტყმებით აგვირგვინებდა. მიკელ ლიოდრა ნიუიორკული პუბლიკის ახალი ფავორიტია!

თავხედი კვალიფიკანტები

კვალიფიკაციის გავლით ძირითად ბადეში მოხვედრილმა რაიან ჰარისონმა მაყურებელი ძლიერ გაახარა. 18 წლის ამერიკელს ჯერჯერობით ძალზე უარყოფითი ბალანსი აქვს მოგება-წაგებებისა, მაგრამ ჭაბუკი თავისზე 13 წლით ხნიერ ივან ლიუბიჩიჩს უშიშრად დაუხვდა. ვერცხლისწყალივით მოძრავი ბიჭუნას ფონზე ვეტერანი ხორვატი კიდევ უფრო მოხუცებულად და დამძიმებულად გამოიყურებოდა, ვიდრე სინამდვილეში იყო, თუმცა თამაშის ხარისხით ჰარისონს დროდადრო აშკარად აღემატებოდა. ასე იყო თუ ისე, პირველი სეტი ამერიკელმა მოიგო.

მეორეში ჰარისონმა საქმე ტაიბრეიკამდე ძლივს მიიყვანა და იქ, ბუნებრივია, ივანის მიერ დაიბომბა, თანაც ამერიკელმა ეს ლოკალური წარუმატებლობა ისე განიცადა, როგორც ამას დიდი ჯონ მაკინროი და სხვა საჩოგბურთო გიჟები აკეთებდნენ ხოლმე - ჩოგნებს აქეთ-იქით ყრიდა, ბურთებს წიხლებით იშორებდა, დახტოდა, ღრიალებდა... მაგრამ მესამე და მეოთხე სეტები მოიგო და მეორე წრეშიც გავიდა. ნიკ ბოლეტიერის ნიჭიერი მოსწავლე უკრაინელ სერჰი სტახოვსკის შეხვდება, რომელმაც სულ ახლახან ნიუ ჰევენის სოლიდური ტურნირი მოიგო.

კიდევ ერთი ახალი სახელ-გვარი - მანდი მინელა. მართალია, 24 წლის ლუქსემბურგელი უკვე საკმაო ხანია, რაც პროფესიულ ჩოგბურთშია, მაგრამ პროგრესი ახლა დაეწყო. მისგან Uშ Oპენ-ის კვალიფიკაციის გავლაც მოულოდნელობად ჩაითვალა, მაგრამ მანდი ყურადღებას არავის აქცევს და თავის პირველ სადიდსლემო ტურნირზე უკვე მესამე წრეს უწია. პირველში მან გზიდან მსოფლიოს 47-ე ჩოგანი პოლონა ჰერცოგი ჩამოიცილა, მეორეში კი წლევანდელი უიმბლდონის ნახევარფინალისტი ცვეტანა პირონკოვა დაამარცხა. ეჭვი გვაქვს, მესამე მინელასთვის ბოლო იქნება - ვინუს უილიამსი ასეთ მეტოქეებთან ჯერ არ დამარცხებულა...
ჰო, რაც მთავარია: მანდი მინელა რეიტინგში 185-ე საფეხურზეა, ხოლო რაიან ჰარისონი - 220-ე!

მშვიდად და აკადემიურად

კიმ კლეისტერსი ქალთა ტურნირის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია და მეორე წრეში შესაფერისი სოლიდურიბითაც ითამაშა - ავსტრალიელ სალი პირსს 6:2, 6:1 მოუგო. პირსის გამოცდილმა თანამემამულემ სამანტა სტოსურმაც იოლად იმარჯვა, მისი მეტოქე კი ასევე ავსტრალიელი იყო, ოღონდაც მწვანე კონტინენტის ახალი მოქალაქე - 28 წლის ანასტასია როდიონოვა მხოლოდ შარშან გაავსტრალიელდა.

ბრიტანელმა ენდი მიურეიმ სლოვაკი ლუკაშ ლაცკოს დამარცხებას 2 საათზე ნაკლები დაახარჯა, ჯონ იზნერმა ოდნავ მეტი დრო მოანდომა პორტუგალიელი ჟილის ძლევას, თუმცა 19 ეისის ჩაწოდება კი მოასწრო.
ვინუს უილიამსმა სხვა ფავორიტებთან შედარებით ოდნავ არეულად ითამაშა, თუმცა მესამე წრეში მაინც დამაჯერებლად გააღწია. აი, ენდი როდიკმა კი...

მასპინძელთა ილუზიების მსხვრევა

US OPENის ვაჟთა ტურნირი მასპინძელი ჩოგბურთელის გამარჯვებით უკანასკნელად 2003 წელს დასრულდა - ჩემპიონი 21 წლის ენდი როდიკი გახდა, მსოფლიო ჩოგბურთის მაშინ ჯერ კიდევ ამომავალი ვარსკვლავი. მთელი ამერიკა მასზე უდიდეს იმედებს ამყარებდა, მაგრამ ეს ენდის კარიერაში ჯერჯერობით პირველ და უკანასკნელ სადიდსლემო ჩემპიონობად რჩება. მას შემდეგ როდიკი აშშ-ის ღია პირველობის ფინალშიც გასულა, წლეულს კი ისეთი შეემთხვა...

არტურ ეშის სახელობის კორტის ტრიბუნებზე შეკრებილი და ტელეეკრანებს მიჯაჭული ამერიკელები კმაყოფილები იყვნენ, როცა როდიკმა პირველი სეტი 6:3 მოიგო. აი, მერე კი მისმა მეტოქემ იანკო ტიპსარევიჩმა კარიერის საუკეთესო სეტები ჩაატარა. თითქოს, როდიკი უშეცდომოდ თამაშობდა, მაგრამ სერბი, რომ იტყვიან, დაფრინავდა - რასაც ჩაიფიქრებდა, ყველაფერი გამოსდიოდა. ტიპსარევიჩმა იმდენი არანორმალური გათამაშება მოუგო ამერიკელს, დღის დანარჩენ მატჩების ჯამშიც რომ არ გათამაშებულა.

თამაში იმდენად სანახაობრივი გამოდგა, რომ ამერიკულმა პუბლიკამ ისიც დაივიწყა, რომ მათ თვალწინ ამერიკის საჩოგბურთო კერპი მარცხდებოდა. მატჩბოლისას კი უშიშარი სერბი ბადესთან გავიდა, მატჩს საბოლოო წერტილი ეფექტური დარტყმით დაუსვა და ტრიუმფალურად აღმართა მარჯვენა ხელი, რომელზეც იაპონური იეროგლიფებით აქვს ტატუირებული იმ თამაშის მეტად შესაფერისი აფორიზმი - "სილამაზე გადაარჩენს სამყაროს".

კაცები
I წრე
ენდი მიურეი (4, დიდი ბრიტანეთი)-ლუკაშ ლაცკო (სლოვაკეთი) 6:3, 6:2, 6:2; დასტინ ბრაუნი (იამაიკა)-რუბენ რამირეს იდალგო (ესპანეთი) 6:4, 7(8):6(6); სემ ქური (20, აშშ)-ბრედლი კლანი (აშშ) 6:3, 4:6, 7:5, 6:4; მარსელ გრანულიერსი (ესპანეთი)-ანდრეას სეპი (იტალია) 2:6, 5:7, 6:3, 6:2, 6:3; მიხაილ იუჟნი (12, რუსეთი)-ანდრეი გოლუბევი (ყაზახეთი) 6:2, 6:3, 6:3; დუდი სელა (ისრაელი)-ქსავიე მალისი (ბელგია) 7(7):6(1), 7:5, 6:2; მარკო კიუდინელი (შვეიცარია)-ჯეკ სოკი (აშშ) 6:1, 6:4, 1:6, 6:1; ჯონ იზნერი (18, აშშ)-ფრედერიკუ ჟილი (პორტუგალია) 6:4, 6:3, 6:4; ხუან იგნასიო ჩელა (არგენტინა)-იენ-ჰსუნ ლუ (ტაივანი) 6:4, 4:6, 6:3, 6:3; სტანისლას ვავრინკა (25, შვეიცარია)-მიხაილ კუკუშკინი (ყაზახეთი) 6:3, 6:2, 6:2; გილიერმო გარსია-ლოპესი (ესპანეთი)-ლუკაშ კუბოტი (პოლონეთი) 6:3, 6:2, 7(7):6(4); ნიკოლას ალმაგრო (14, ესპანეთი)-პოტიტო სტარაჩე (იტალია) 4:6, 6:4, 6:4, 7(7):6(5); სერჰი სტახოვსკი (უკრაინა)-პეტერ ლუჩაკი (ავსტრალია) 6(8):7(10), 7:5, 6:4, 6:2; რაიან ჰარისონი (აშშ)-ივან ლიუბიჩიჩი (15, ხორვატია) 6:3, 6(4):7(7), 6:3, 6:4; ჟილ სიმონი (საფრანგეთი)-დონალდ იანგი (აშშ) 6:1, 6:4, 6:2; ფილიპ კოლშრაიბერი (29, გერმანია)-ტობიას კამკე (გერმანია) 6:2, 4:6, 6:2, 6:4; ვიქტორ ჰანესკუ (რუმინეთი)-კარლოს ბერლოკი (არგენტინა) 6:2, 6:4, 6:3; მიკელ ლიოდრა (საფრანგეთი)-ტომაშ ბერდიხი (7, ჩეხეთი) 7(7):6(3), 6:4, 6:4.

II წრე
გაელ მონფისი (17, საფრანგეთი)-იგორ ანდრეევი (რუსეთი) 6:3, 6:4, 6:3; იანკო ტიპსარევიჩი (სერბეთი)-ენდი როდიკი (9, აშშ) 3:6, 7:5, 6:3, 7(7):6(4).

ქალები
II წრე
ფრანჩესკა სკიავონე (6, იტალია)-მარია ელენა კამერინი (იტალია) 6:2, 6:1; ალიონა ბონდარენკო (29, უკრაინა)-მელანი უდენი (აშშ) 6:2, 7:5; ანასტასია პავლიუჩენკოვა (20, რუსეთი)-სანია მირზა (ინდოეთი) 6:2, 6:4; ხისელა დულკო (არგენტინა)-ვიქტორია აზარენკა (10, ბელარუსი) 5:1, აზარენკამ თამაში შეწყვიტა; შაჰარ პეერი (16, ისრაელი)-პოლინ პარმანტიე (საფრანგეთი) 6:2, 6:3; ფლავია პენეტა (19, იტალია)-აგნეშ სავაი (უნგრეთი) 6:1, 6:4; მანდი მინელა (ლუქსემბურგი)-ცვეტანა პირონკოვა (32, ბულგარეთი) 6:4, 6:0; ვინუს უილიამსი (3, აშშ)-რებეკა მარინო (კანადა) 7(7):6(3), 6:3; სამანტა სტოსური (5, ავსტრალია)-ანასტასია როდიონოვა (ავსტრალია) 6:1, 6:4; სარა ერანი (იტალია)-ალისა კლეიბანოვა (28, რუსეთი) 6:2, 6:3; დანიელა ჰანტუხოვა (24, სლოვაკეთი)-ვანია კინგი (აშშ) 5:7, 6:3, 6:4; ელენა დემენტიევა (12, რუსეთი)-სიბილე ბამერი (ავსტრია) 6:3, 6:4; ვირჟინი რაზანო (საფრანგეთი)-მარიონ ბარტოლი (13, საფრანგეთი) 7:5, 6:4; ანა ივანოვიჩი (სერბეთი)-ძე ჭენი (21, ჩინეთი) 6:3, 6:0; პეტრა კვიტოვა (27, ჩეხეთი)-ელენა ბალტაჩა (დიდი ბრიტანეთი) 7(7):6(5), 6:3; კიმ კლეისტერსი (2, ბელგია)-სალი პირსი (ავსტრალია) 6:2, 6:1.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული