ხელუკუღმა ალიყური დავიდენკოს

AutoSharing Option
მართლაც უცნაური ამბები ხდება ნიუ იორკში. ამერიკის ღია ჩემპიონატზე მოულოდნელი შედეგი თუ ფიქსირდება, ყოველი მეორე ფრანგის ნამოქმედარია. დღე არ გავა, ამ ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთი-ორი სენსაცია რომ არ გამოაცხონ. ეს ფრანგ ვაჟებს ეხება, თორემ US Open-ის ქალთა ნახევარში რაოდენობრივად რუსები სჭარბობენ...

მამისგან ნასწავლი ბექჰენდი
აშშ-ის ღია პირველობის მესამე დღეს ჩოგბურთის მოყვარულები თავისი გმირობის შესახებ 30 წლის მიკელ ლიოდრამ აალაპარაკა – მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეწყვილე ჩოგბურთელი ჩეხ ტომაშ ბერდიხს მოერია, რომელიც ტურნირის უმთავრეს ფავორიტებს თუ არ განეკუთვნებოდა, ლიდერთა მეორე ეშელონის წევრი ნამდვილად
იყო. მეოთხე საშეჯიბრო დღეს კი პუბლიკა ლიოდრას თანამემამულე რიშარ გასკემ გააოცა. ამ უნივერსალმა მსოფლიოს მეექვსე ჩოგანი ნიკოლაი დავიდენკო დასცა, თან ისე, რომ გარუსებულ უკრაინელს თამაშის გადარჩენის იოტისოდენა შანსიც არ მისცემია.

რიშარ გასკე საჩოგბურთო სამყაროში იმითაა გამორჩეული, რომ ბექჰენდს (ხელუკუღმას) ცალი ხელით, თან მაღალოსტატურად ასრულებს. "ბავშვი ვიყავი, როცა მამის დახმარებით ეს დარტყმა ავითვისე. ამ ელემენტის წარმატებულ შესრულებას ძლიერი ფეხები და მოძრავი მაჯა სჭირდება. მაგრამ თუკი ამ დარტყმას ინტუიციის დონეზე ვერ გრძნობ, არც გამოგივა. ალბათ, თანდაყოლილი ნიჭი უნდა გქონდეს", - თქვა რიშარმა. საოცარია: თავისი საფირმო ბექჰენდით გასკემ დავიდენკოს 8 გათამაშება მოუგო! საერთოდაც, გასკე საკმაოდ ძლიერი მეჩოგნეა და რომ არა ერთი უსიამოვნო ინციდენტი, დღესაც იქნებოდა ელიტარული ათეულის წევრი.

2007 წელს რიშარი მსოფლიო რეიტინგში მე-7 საფეხურზე იმყოფებოდა და მისი უნივერსალიზმის გათვალისწინებით, არც ეს უნდა ყოფილიყო საზღვარი მაშინ ჯერ კიდევ 21 წლის ჯეელისთვის. იმ წელს ფრანგი უიმბლდონის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მომავალ ჩემპიონ როჯერ ფედერერთან დამარცხდა. მისი უნივერსალიზმი კი, აი, რას გულისხმობს – 24 წლის ჩოგბურთელს კარიერაში 6 ტურნირი აქვს მოგებული, რომელთაგან 2 ბალახის კორტზე მოიპოვა, ორიც – გრუნტისაზე, ხოლო თითო – ჰარდსა და სინთეტიკურ ხალიჩაზე.

მაგრამ მერე გასკემ მხრის ტრავმა მიიღო, რომელსაც დიდხანს იშუშებდა, ხოლო 2009-ის მარტში ანტისადოპინგო კომისიამ სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა – გასკეს ტესტში კოკაინის კვალი აღმოვაჩინეთო. მას ორწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა, მაგრამ რიშარმა თავისი უდანაშაულობის დამტკიცება შეძლო. აღმოჩნდა, რომ მის ორგანიზმში კოკაინი ღამის კლუბში უცხო გოგონას კოცნით მოხვდა...

ექსტრემალური კლიმატური პირობები
დავიდენკოს გზას კიდევ ერთი "ბობოლა" გაუყენეს. 20 წლის ისპონელმა კეი ნიშიკორიმ მიმდინარე საჩოგბურთო სეზონი რეიტინგის მე-9 ასეულიდან (!) დაიწყო და საერთოდაც უცნობი იყო, გააგრძელებდა კარიერას უმძიმესი ტრავმის შემდეგ, თუ პენსიონერი გახდებოდა. მაგრამ კეიმ ნახევარ წელიწადში 147-ე საფეხურზე ასვლა მოასწრო და მარინ ჩილიჩის ძლევის წყალობით, უფრო მაღლაც წაიწევს.

ხორვატი ამ ტურნირის შარშანდელი მეოთხედფინალისტია და გასაგებია, რომ ამ მარცხით სარეიტინგო ქულებსაც ბლომად დაკარგავს. ჩილიჩი ცოტა უცნაური ჩოგბურთელია – 198 სანტიმეტრის სიმაღლის კვალობაზე ძალიან მოძრავია, მაგრამ მოწოდებებში მოიკოჭლებს. ტაიბრეიკი მისი სუსტი წერტილია – თავისი ბოლო 18 ტაიბრეიკიდან ჩილიჩმა მხოლოდ ორი მოიგო. მიხვდებოდით, რომ ნიშიკორიმაც აჯობა ხორვატ გიგანტს ამ კომპონენტში.

მატჩი ხუთსეტიანი იყო, ორი ტაიბრეიკით, და თითქმის 5 საათს გაგრძელდა – ჯერჯერობით ესაა ხანგრძლივობის რეკორდი მიმდინარე ტურნირზე. თანაც ნუ დაგავიწყდებათ, რომ ნიუ იორკში ეს დღეები არანორმალურად ცხელა და ნიშიკორი-ჩილიჩი მთავარ პაპანაქებაში მოყვნენ. ექიმი ორივეს დასჭირდა, თუმცა მეტოქეზე 20 სანტიმეტრით დაბალი აზიელი კლიმატურ პრობლემას უფრო იოლად გაუმკლავდა. "თავი მისკდება, - თქვა მატჩის შემდეგ გაოგნებულმა ჩილიჩმა, - ასეთ სიცხეში ხუთსაათიანი მატჩი პირველად ვითამაშე. მოსაყოლიც არაფერი მაქვს. ეს ექსტრემალური სიტუაციაა".

დაძაბვის გარეშე
მარდი ფიშმა წლევანდელ US Open-ზე უკვე სამი სეტი მოიგო "მშრალი" ანგარიშით – პირველ წრეში ორი 6:0 ჩეხ ჰაიეკს მიართვა, გუშინ კი ერთი ურუგვაელ პაბლო კუევასს აგემა. არადა ამ მატჩის დებიუტი ამერიკელს კარგს არაფერს უქადდა – კუევასი პირველ სეტში 5:4 იგებდა და სეტბოლი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი ფსიქოლოგიურად გატყდა და მიჯრით 11 გეიმი წააგო.

ტურნირის მთავარმა ფავორიტმა და ამერიკის 5-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა გერმანელი ანდრეას ბეკი სამ სეტში, ძალზე იოლად დაამარცხა. ნოვაკ ჯოკოვიჩსაც არ უწვალია და მანაც გერმანელი დასცა – ფილიპ პეცშნერი. მომდევნო წრეში სერბს ჯეიმს ბლეიკი ელის, რომელმაც პირველი წრის სენსაციის ავტორი პიტერ პოლანსკი დაამარცხა და კარიერაში ალბათ ბოლო US Open-ს ატარებს.

აქვე რობინ სიოდერლინგს ვახსენებთ, ვინც პირველ წრეში დიდი წვალების შემდეგ, გონს მოვიდა და ამერიკელ ტეილორ დენტს სამ სეტში სძლია. ასევე დიდი უპირატესობით ორმა განთესილმა ესპანელმაც მოიგო – ალბერტ მონტანიესმა და 2003 წლის US Open-ის ფინალისტმა ხუან კარლოს ფერერომ.

მაგრამ ყველაზე დასვენებული მესამე წრეში არნო კლემანი იქნება. ტურნირის სტარტის ერთ-ერთ გმირს მეორე წრეშიც გაუმართლა – მისმა არგენტინელმა მეტოქემ ედუარდო შვანკმა მეორე სეტის მიწურულს ფეხის ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა. მომდევნო წრეში კლემანის მეტოქე ზემოთ ნახსენები ფიში იქნება.

ერთბაშად ექვსნი
ქალებში კი, როგორც მიმოხილვის თავში აღვნიშნეთ, რუსების სიუხვეა - მესამე წრეში ერთბაშად ექვსნი იქნებიან. წინადღით დაწინაურებულ დემენტიევასა და პავლიუჩენკოვას ვერა ზვონარიოვა, სვეტლანა კუზნეცოვა, მარია შარაპოვა და მარია კირილენკო შეუერთდნენ. მათგან საუკეთესო რეიტინგის მატარებელ ზვონარიოვას მეტოქედ გერმანელი საბინე ლისიცკი ჰყავდა, ვისაც პირველი სეტი ერთი ამოსუნთქვით, 6:1 მოუგო, თუმცა მეორეში მხოლოდ ტაიბრეიკზე იმარჯვა.

კუზნეცოვას და შარაპოვას წესით არ უნდა გასჭირვებოდათ და ასეც მოხდა. პირველმა ნორჩი ლატვიელი სევასტოვას წიონააღმდეგ ძალზე ლაღად ითამაშა და 6:2, 6:3 მოიგო. ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს სვეტლანა 6 წლით უკან დაბრუნდა, 2004-ში, როცა US Open-ის რუსულ ფინალში ელენა დემენტიევა დაამარცხა. მესამე წრეში კუზნეცოვას მეტოქე თანამემამულე იქნება – კირილენკო, რომელთანაც წლეულს ორივე შეხვედრა დათმო. "სვეტა, ალბათ, რევანშზე ფიქრობს, - თქვა კირილენკომ, - ამ სეზონში ორჯერ მოვუგე და ორივე ჯერზე ეს გრუნტის კორტზე, მის საყვარელ საფარზე მოვახერხე. საერთოდ, მიყვარს თანამემამულეებთან თამაში. მთავარია, ტრავმამ არ შემახსენოს თავი – მარცხენა ტერფზე კოჟრები მაქვს".

თუ ანგარიშით ვიხელმძღვანელებთ, შარაპოვამ კუზნეცოვაზე იოლად მოიგო, მაგრამ ისე შთამბეჭდავად არ უთამაშია. ეს თამაში არა იმდენად მაშამ მოიგო, რამდენადაც ივეტა ბენეშოვამ დათმო – ჩეხმა საზიზღრად ითამაშა და ალბათ ნებისმიერ მეტოქესთან დამარცხდებოდა. წესითა და რიგით, შარაპოვას არც მესამე წრეში უნდა გაუჭირდეს – 18 წლის ბეატრის კაპრა მეტისმეტად გამოუცდელია ამხელა გმირობების ჩადენისთვის. "ოდნავ უცნაური სიტუაციაა – თავს ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდად მივიჩნევ და უცებ – 18 წლის მეტოქე, ჩემზე ბევრად უმცროსი. ასეთ ასაკში US Open-ის მესამე წრეში მოხვედრა კარგი შედეგია. ძლიერი თაობა მოდის. რაც შეეხება ბეატრისს, ბუნებრივია, ნიუ იორკში ვთამაშობთ და მას ტრიბუნების მხარდაჭერა არ მოაკლდება", - თქვა შარაპოვამ, როცა შეიტყო, რომ მისი მომდევნო მეტოქე ხსენებული ამერიკელი გოგონა იქნება და არა ფრანგი არავან რეზაი. კაპრამ შესაშური ნებისყოფა გამოავლინა და გამოცდილი მოწინააღმდეგე სამ სეტში გატეხა.

2 გეიმი 2 მატჩში
ტირნირის პირველი ჩოგანი კი თავს კურორტზე ჩასულ დიდოსტატად გრძნობს, რომელიც უსაქმურობისგან საჩოგბურთო გაკვეთილებს არიგებს – კაროლინე ვოზნიაცკიმ პირველ წრეში ამერიკელი ჩელსი გალიქსონი 6:1, 6:1 გაანადგურა, ხოლო გუშინ ტაივანელ კაი-ჩენ ჩანს გეიმისწაუგებლად გაუსწორდა. ტაივანს მიმდინარე US Open-ზე ორად ორი მონაწილე ჰყავდა და ორივეს მაინცდამაინც ვოზნიაცკი უნდა შეხვედროდა?! მესამე წრეში დანიელის მეტოქე იუნ-ძიან ჩანი იქნება, რომელმაც ავსტრიელი ტამირა პასეკი 6:3, 6:3 დაამარცხა. აი, მეოთხე წრეში კი ალბათ ის მატჩი შედგება, რომელზეც ტურნირის დაწყებამდეც საუბრობენ – ვოზნიაცკი-შარაპოვა.

დაბოლოს, ორიოდე სიტყვა ელენა იანკოვიჩსაც შევაგებოთ. ხორვატ მირიანა ლუჩიჩთან მატჩის ბედი სერბის უფრო მაღალმა კლასმა განსაზღვრა, თორემ აშკარად ჩანს, რომ იანკოვიჩი ტურნირის ფავორიტთა რიცხვს თავისი მაღალი რეიტინგის გამო ავტომატურად მიეკუთვნება, არადა სერბი არცთუ კარგ ფორმაშია. მესამე წრეში მისი გამომცდელი ესტონელი კაია კანეპი იქნება, რომელიც პირიქით, საკმაოდ კარგადაა მომზადებული US Open-ისთვის.

US Open
კაცები
II წრე
რიშარ გასკე (საფრანგეთი)
-ნიკოლაი დავიდენკო (6, რუსეთი) 6:3, 6:4, 6:2; კევინ ანდერსონი (სამხრეთ აფრიკა)-ტომაშ ბელუსი (26, ბრაზილია) 6(4):7(7), 6:4, 5:7, 6:4, 7(7):6(2); არნო კლემანი (საფრანგეთი)-ედუარდო შვანკი (არგენტინა) 6:3, 5:5, შვანკმა თამაში შეწყვიტა; მარდი ფიში (19, აშშ)-პაბლო კუევასი (ურუგვაი)-7:5, 6:0, 6:2; ჯეიმს ბლეიკი (აშშ)-პიტერ პოლანსკი (კანადა) 6(1):7(7), 6:3, 6:2, 6:4; ნოვაკ ჯოკოვიჩი (3, სერბეთი)-ფილიპ პეცშნერი (გერმანია) 7:5, 6:3, 7(8):6(6); რობინ სიოდერლინგი (5, შვედეთი)-ტეილორ დენტი (აშშ) 6:2, 6:2, 6:4; ტიმო დე ბაკერი (ჰოლანდია)-ივან დოდიგი (ხორვატია) 6(4):7(7), 6:2, 6:3, 3:2, დოდიგმა თამაში შეწყვიტა; ალბერტ მონტანიესი (21, ესპანეთი)-კარსტენ ბოლი (ავსტრალია) 6:4, 6:3, 6:1; კეი ნიშიკორი (იაპონია)-მარინ ჩილიჩი (11, ხორვატია) 5:7, 7(8):6(6), 3:6, 7(7):6(3), 6:1; იურგენ მელცერი (13, ავსტრია)-რიჩარდას ბერანკისი (ლიტვა) 6:4, 6(4):7(7), 6:3, 1:6, 7:5; ხუან კარლოს ფერერო (22, ესპანეთი)-რიკარდუ მელუ (ბრაზილია) 6:1, 6:4, 6:4; პოლ-ანრი მატიე (საფრანგეთი)-გიიომ რიუფენი (საფრანგეთი) 7(7):6(3), 6:4, 6:3; როჯერ ფედერერი (2, შვეიცარია)-ანდრეას ბეკი (გერმანია) 6:3, 6:4, 6:3.

ქალები
II წრე
კაროლინე ვოზნიაცკი (1, დანია)
-კაი-ჩენ ჩანი (ტაივანი) 6:0, 6:0; იუნ-ძიან ჩანი (ტაივანი)-ტამირა პასეკი (ავსტრია) 6:3, 6:3; ბეატრის კაპრა (აშშ)-არავან რეზაი (18, საფრანგეთი) 7:5, 2:6, 6:3; მარია შარაპოვა (14, რუსეთი)-ივეტა ბენესოვა (ჩეხეთი) 6:1, 6:2; სვეტლანა კუზნეცოვა (11, რუსეთი)-ანასტასია სევასტოვა (ლატვია) 6:2, 6:3; მარია კირილენკო (23, რუსეთი)-ივონე მოისბურგერი (ავსტრია) 4:6, 7:5, 6:0; ლოურდეს დომინგეს ლინო (ესპანეთი)-ურსულა რადვანსკა (პოლონეთი) 6:2, 7:5; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკეთი)-კატერინა ბონდარენკო (უკრაინა) 6:2, 5:7, 7(9):6(7); ელენა იანკოვიჩი (4, სერბეთი)-მირიანა ლუჩიჩი (ხორვატია) 6:4, 3:6, 6:2; კაია კანეპი (31, ესტონეთი)-აკგიულ ამანმურადოვა (უზბეკეთი) 6:2, 6:4; პატი შნიდერი (შვეიცარია)-მარია ხოსე მარტინეს სანჩესი (22, ესპანეთი) 7(7):6(2), 6:4; იანინა ვიკმაიერი (15, ბელგია)-იულია გიორგესი (გერმანია) 6:4, 7:5; შაი პენი (ჩინეთი)-აგნეშკა რადვანსკა (9, პოლონეთი) 2:6, 6:1, 6:4; ანდრეა პეტკოვიჩი (გერმანია)-ბეტანი მატეკ-სენდსი (აშშ) 3:6, 6:3, 7:5; ალექსანდრა დულგერუ (25, რუმინეთი)-სოფია არვიდსონი (შვედეთი) 7(7):6(5), 6:1; ვერა ზვონარიოვა (7, რუსეთი)-საბინე ლისიცკი (გერმანია) 6:1, 7(7):6(5).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული