ესპანეთში გამარჯვების შემდეგ თბილისში დაბრუნებულ ქვაცაბაიას მტკვრის სანაპიროზე ახლახან გახსნილ დახურულ კორტებზე შევხვდით მორიგი ვარჯიშისას.
- შარშანდელი სეზონი ჩემთვის ერთგვარად უიღბლო გამოდგა, - მითხრა სოფიომ. - თურქეთის 10-ათასიანი ტურნირში გამარჯვების მერე ცუდად გავხდი და ორი თვე არსად მითამაშია.
თბილისის საერთაშორისო ტურნირისთვის თითქოს მოვასწარი ძალების აღდგენა. ათათასიანში მხოლოდ ფინალური შეხვედრა
- ახალი სეზონისთვის სად მოემზადე?
- შემოდგომით იტალიაში წავედი ჩემს მწვრთნელთან. სესტრი ლევანტეში მეორე წელიწადია, რაულ რაზინგერი მავარჯიშებს. კარგი პიროვნებაა, თუმცა ძალიან მომთხოვნი. მაკა ჩახნაშვილი შვიდი წელიწადია, მასთან ემზადება. ჰოდა, მე და მაკა ახალ წელსაც არ დაგვასვენა, სამი საათი გვავარჯიშა კორტზე. მერე სპარინგმატჩი გვათამაშა. ასე რომ, ანტალიურ ბატალიებს კარგ სპორტულ ფორმაში შევხვდი. პირველი ტურნირის ძირითად ბადეში მე-4 ნომრად ვიყავი განთესილი. ხუთი შეხვედრა მოვიგე. განსაკუთრებით ნახევარფინალში გამიჭირდა.
რუმინელ ალექსანდრა დომაშინას პირველი ხელი მშრალად მოვუგე - 6:0. ვიფიქრე, მეორეშიც იოლად ვძლევ-მეთქი და დავისაჯე კიდეც - 3:6 დავმარცხდი. მესამე სეტსაც ვაგებდი 2:4-ს, მაგრამ შევძელი ძალების კონცენტრაცია და 7:5 გავიმარჯვე. ფინალში რუსი ევგენია პაშკოვას ძლევა არ გამჭირვებია - 6:0, 6:2.
- დომაშინას ანტალიის მეორე ტურნირზეც გადაეყარე.
- დიახ, მეოთხედფინალში, მაგრამ იქ მეტოქისთვის წარმატების იოტისოდენი შანსიც არ დამიტოვებია - 6:0, 6:2. საერთოდ, მე-2 ტურნირი ისე მოვიგე, რომ მეტოქეებისთვის სეტიც არ დამითმია. არადა, ყველაზე მეტ წინააღმდეგობას რუმინელ ლიანა-გაბრიელა უნგურისგან ველოდი. ეს 29 წლის სპორტსმენი საკმაო ხანს იყო ქალთა რეიტინგის მეორე ასეულში, დიდი ტურნირებიც უთამაშია. ჩემდა გასაკვირად, პირველი ხელი რუმინელმა 0:6 დათმო, მეორეში 0:3-ს რომ აგებდა, შეჯიბრებიდან მოეხსნა.
ჩემს ანტალიურ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის იტალიელ ფილიპო გიოს - ისიც რაულ რაზინგერთან ვარჯიშობს და დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ. გიო კვალიფიკაციის პირველსავე წრეში დამარცხდა და მერე მე მქომაგობდა, კონსულტაციებს მიწევდა. ასე ვთქვათ, მწვრთნელის ასისტენტის მოვალეობას ასრულებდა.
- მალიორკაზე რა მოხდა?
- განსაკუთრებული არაფერი. ანტალიაში გამართული ორთაბრძოლების შემდეგ, ეტყობა, გადავიღალე და მალიორკის პირველი ტურნირის მეოთხედფინალში გერმანელ ჯასმინ შტეინხერთან დავმარცხდი.
მეორე ტურნირისათვის დასვენება მოვასწარი. მესამე ნომრად ვიყავი განთესილი. პირველი შეხვედრა იოლად მოვიგე. მეორე წრის მატჩების დაწყებამდე კოკისპირული წვიმა წამოვიდა. თითქმის დღენახევარი არ გადაუღია.
გადავწყვიტე, შესვენებით მესარგებლა და შენგენის ვიზა გამეფორმებინა. ის იყო, საქმეს მოვრჩი, რომ ტურნირის ესპანელმა მონაწილემ ივონ კავალიე-რეიმერმა დამირეკა, წვიმამ გადაიღო და 15 წუთში კორტებზე გავდივართო.
აღარც მახსოვს, როგორ მივაღწიე შეჯიბრების ადგილამდე. ვენესუელელი მეტოქე სუსტი მოთამაშე გამოდგა. საინტერესო ის იყო, რომ ბოლო გეიმებისას წამოთოვა და რომანტიკული პაექრობა გამოგვივიდა.
- როგორც ვიცი, ფინალში სწორედ გადამრჩენელს - კავალიე-რეიმერს სძლიე.
- მე და ივონი მალიორკაზე სამი წელიწადი ვვარჯიშობდით ერთად ჯოფრე პორტასთან, რომელიც წლების განმავლობაში ნადალის და მოიას წვრთნიდა.
ამიტომაც ვმეგობრობთ კიდეც, თუმცა ეს ხელს არ გვიშლის კორტზე ერთმანეთს მეტოქეობა გავუწიოთ. რეიმერმა ნახევარფინალში პირველ ნომრად განთესილ გერმანელ შაფერს აჯობა. ცხადია, გადამწყვეტ პაექრობაში მასთან გაჯიბრება მერჩია, რადგან კარგად ვიცი ივონის სუსტი მხარეები.
- გასამარჯვებლად, ალბათ, მხოლოდ ეს არ იქნებოდა საკმარისი.
- რა თქმა უნდა. მით უმეტეს, რომ ივონი დღესაც პორტასთან ვარჯიშობს და საგრძნობლად დაწინაურდა. თავის ქებად თუ არ ჩამითვლით, ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში რაზინგერის დახმარებით მეც ბევრი რამ შევცვალე ჩემს სათამაშო ტექნიკა-ტაქტიკაში. რაც მთავარია, ფიზიკური კონდიციები ავიმაღლე, სწრაფ ტემპში შემიძლია თამაში, უწინ მარცხენა დარტყმა თუ მიჭირდა, ახლა ესეც გამოვასწორე და, როგორც ხედავთ, შედეგებმაც იმატა.
- წყვილებში ასპარეზობისას ვისი პარტნიორობა გსიამოვნებს?
- ბოლო ერთი წელიწადია, მაკა ჩახნაშვილთან ერთად ვთამაშობ. თუ სხვადასხვა ტურნირზე ვართ, მაშინ მეწყვილედ რომელიმე ქართველ ჩოგბურთელს ვირჩევ.
- დიდ სპორტში ათლეტები სხვადასხვა გზით მოდიან. შენ როგორ მოხვდი ჩოგბურთში?
- ცნობილი მწვრთნელი არჩილ კეკელია ჩემი ნათესავია. რვა წლისა მან წამომიყვანა ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე სავარჯიშოდ და სანამ ესპანეთში გავემგზავრებოდი, ის მამეცადინებდა.
- ჩოგბურთის გარდა, რა გიტაცებს?
- ცურვა, მუსიკა, განსაკუთრებით - ფეხბურთი. მადრიდის "რეალის" ქომაგი ვარ. მალიორკაზე ყოფნისას ადგილობრივ გუნდთან მის თამაშებს დავსწრებივარ.
- სად სწავლობ?
- თბილისის მე-7 გიმნაზიის დამთავრების შემდეგ არჩევანის წინაშე დავდექი: ან უნივერსიტეტში უნდა გამეგრძელებინა სწავლა, ან ესპანეთში წავსულიყავი დასაოსტატებლად. ამერიკის ერთ-ერთი უნივერსიტეტიდანაც მქონდა მოწვევა. არჩევანი მაინც პროფესიული ჩოგბურთის სასარგებლოდ გავაკეთე. მშობლები ჩემს სურვილს არ შეწინააღმდეგებიან. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სამომავლოდ უმაღლესი განათლების გარეშე დავრჩები.
- თავისუფალ დროს რითი ერთობი?
- სპორტსმენებს ასეთი ბედნიერება იშვიათად გვაქვს: ვარჯიში, შეჯიბრება, ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაფრენა... ნორმალურად ძილსა და წიგნის წაკითხვას თვითმფრინავში თუ ვახერხებთ. დროს თუ გამოვითავისუფლებ, მეგობრებთან ვიმყოფები ან ვზივარ ჩემთვის და მუსიკებს ვუსმენ.
- თბილისში დიდხანს დარჩები?
- ვიზის ასაღებად დავბრუნდი: მე, ჩემი იტალიელი მწვრთნელი რაზინგერი და მაკა ჩახნაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში მივემგზავრებით საასპარეზოდ.
მაიამი ბიჩი ორ 50-ათასიან ტურნირს უმასპინძლებს. თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, შეიძლება, სხვა ტურნირებზეც დავრჩე. მერე ისევ იტალიაში დავბრუნდები საწვრთნელად. განსაკუთრებული რამ თუ არ მოხდა, თბილისისა და თელავის ტურნირებშიც გამოვალ.
ამერიკაში გამგზავრებამდე აქ ვივარჯიშებ - დახურულ კორტებზე, რომელიც ახლახან გაიხსნა. ძალიან მომწონს აქაურობა - ნებისმიერი დონის შეჯიბრების გამართვა შეიძლება. პარტნიორობას ჭაბუკი ჩოგბურთელი - მიხეილ ხმიადაშვილი მიწევს.
ცნობისთვის: 16 წლის ხმიადაშვილი 18-წლამდელთა მსოფლიო რეიტინგში 220-ეა, საქართველოს ჩემპიონია 16-წლიანებში, 2011 წლის ეროვნული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი და ფოლცვაგენის თასის გათამაშების ფინალისტია. შარშან სომხეთში 18-წლიანთა ორი საერთაშორისო ტურნირი მოიგო.
- სოფო, სამი წელიწადი საქართველოს ქალთა ნაკრებში გამოდიოდი.
- დიახ, მაგრამ შარშან ტრავმების გამო არ მიასპარეზია. წლეულს ეროვნულ გუნდს თუ დავჭირდები, სათამაშოდ მზად ვარ.
ფოტო: მიხეილ ხმიადაშვილი და სოფიო ქვაცაბაია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"