ესპანელთა მოულოდნელი სიმრავლე
US Open-ის მეხუთე დღე არნახულად წარმატებული გამოდგა ეპანელი ვაჟებისთვის. მათთვის მთლიანად მეორე წრე აღმოჩნდა იღბლიანი, რადგან ამ ეტაპის
რაფა ნადალის წარმატება არავის გაკვირვებია, არც ალმაგროს, ფერერის, ფელისიანო ლოპესის და ვერდასკოს მოგება იყო მოულოდნელი, თუმცა ტურნირის დაწყებამდე ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მესამე წრეში გასული 32 კაცი ჩოგბურთელიდან 9 ესპანელი იქნებოდა.
ფედერერის აკადემიურობა
შაბათს ღამე-კვირას დილით ვაჟთა ტურნირზე მესამე წრე დაიწყო და პირველი დღეების სენსაციათა რამდენიმე ავტორს ტურნირთან გამოთხოვებამ მოუწია. პოლ-ანრი მატიემ ტურნირის მთავარ ფავორიტ როჯერ ფედერერს ვერაფერი დააკლო. შვეიცარიელ მაესტროს ხსენებული ფრანგისთვის მანამდე ოთხივე ურთიერთშეხვედრა მოეგო, მათ შორის თითო - როლან გაროსსა და უიმბლდონზე, გუშინ კი ამერიკიდანაც "გამოაძევა". როჯერმა მეტოქე საკმაოდ ადვილად დაამარცხა - მატიეს იმედის ყველა ნაპერწკალი ჩაუქრო და აკადემიურ სტილში "გაგუდა".
მეოთხე წრეში ფედერერის მეტოქე იურგენ მელცერი იქნება. ავსტრიელმა იქამდე დამაჯერებლად მოთამაშე ხუან კარლოს ფერერო ასევე სამ სეტში დაამარცხა, თან დასკვნით სეტში US Open-2003-ის ფინალისტს ერთადერთი გეიმი მოაგებინა. საინტერესოა, რომ ფედერერი და მელცერი, სოლიდური პროფესიული სტაჟის მიუხედავად, ერთმანეთს მხოლოდ მეორედ გადაეყარნენ, თანაც პირველადაც წლეულს შეხვდნენ და ისიც მეოთხე წრეში - 29 წლის შვეიცარიელმა თანატოლ ავსტრიელს უიმბლდონზე 6:3, 6:2, 6:3 სძლია.
იანკო გაელს აღარ ეყო
ნიუ იორკიდან აბარგება მეორე წრის მთავარ გმირსაც მოუწია. ენდი როდიკის მძლეველმა იანკო ტიპსარევიჩმა, ეტყობა, ვერ მოასწრო კონდიციების აღდგენა ამერიკელთა ყოფილ ჯილასთან უმძიმესი და უდრამატულესი მატჩის შემდეგ. სპეციალისტთა დიდი ნაწილი ამას პროგნოზირებდა კიდეც - სერბმა თავისი გასაკეთებელი უკვე გააკეთა და მომდევნო მატჩს უთუოდ დათმობსო. ასეც მოხდა. გაელ მონფისმა იანკოს პირველი სეტი ტაიბრეიკზე მოუგო, მეორე ასეთივე სიტუაციაში დათმო, ოღონდ ტიპსარევიჩმა თითქოსდა საკუთარ თამაშს მიაგნო და ლამაზადაც ათამაშდა. მაგრამ, მისდა სამწუხაროდ, როცა მეორე ტაიბრეიკზე 5:4-ს იგებდა, რაღაც იტკინა, ექიმს უხმო, შემდეგ კი უდიდესი გაჭირვებით მიიყვანა სეტი მოგებამდე. მომდევნო სეტებში ტიპსარევიჩს მოძრაობა აშკარად უჭირდა და ეშმაკმა ფრანგმაც ტრავმირებული სერბი მოჭრილი დარტყმებით დატანჯა. შედეგი - 6:2, 6:4 მონფისის სასარგებლოდ.
გასკე მართლაც დაბრუნებულა
მეოთხე წრეში მონფისს ალბათ უფრო გაუჭირდება, რაკი მისი მეტოქე რიშარ გასკე იქნება. მეორე წრეში ნიკოლაი დავიდენკოს განადგურების შემდეგ, რიშარს ნიუ იორკში სულ სხვა თვალით უყურებენ. ეს ძველი გასკე არისო, ამბობენ საჩოგბურთო წრეებში. ფაქტია, რომ 24 წლის ფრანგი დიდი სლემის ტურნირების მეოთხე წრეში შარშანწინდელის მერე პირველად ამოყო თავი და საერთოდ, "ფლაშინგ მიდოუსზე" ბრწყინვალედ იქნევს ჩოგანს. მისი მეტოქე კევინ ანდერსონი თავისი მძლავრი მოწოდების იმედად იყო, მაგრამ გასკე სწორედ მოწოდებების საუცხოო მიმღებადაა ცნობილი და სამხრეთაფრიკელს ალბათ ერთადერთი იარაღი გამოუყენებელი დარჩა. ეს კი არა, გასკემ კევინს ეისების მხრივაც აჯობა - ცხრა რვის წილ...
მასპინძელთა იმედი
ადგილობრივი პუბლიკის საბედნიეროდ, ამერიკელთა მთავარი იმედი მარდი ფიში ჯერჯერობით წინ მიიწევს. კიდევ ერთმა ფრანგმა არნო კლემანმა უდიდესი წინააღმდეგობა გაუწია ტურნირის მე-19 ჩოგანს, მაგრამ თანამემამულე გასკესგან განსხვავებით, მეტოქის მომაკვდინებელი მოწოდების გაუვნებელყოფა ვერ მოახერხა. ფიშმა ხუთსეტიან და სამსაათნახევრიან მატჩში 15 ეისი ჩაუწოდა 32 წლის ვეტერანს, ვისთვისაც მესამე წრეში გასვლაც კარგ შედეგად უნდა მივიჩნიოთ. შარშანწინდელი US Open-ის მეოთხედფინალისტი ფიში კი თავისი საუკეთესო ნიუიორკული შედეგის გამეორებას ნოვაკ ჯოკოვიჩთან ჯახში შეეცდება. წინა ოთხივე ორთაბრძოლა სერბის გამარჯვებით დასრულდა და ვნახოთ, რა მოხდება ამ ჯერზე.
ნოვაკმა გზიდან ერთი ამერიკელი უკვე ჩამოიცილა. ვეტერანი ჯეიმს ბლეიკი ალბათ უკანასკნელად შეეცადა სადიდსლემო ტურნირზე მეოთხედფინალზე შორს წასვლა, რადგან კარიერის დასრულება გადაუწყვეტია, მაგრამ მეოთხე წრეშიც ვერ გააღწია. ჯოკოვიჩმა ძალზე რაციონალურად და თითქმის უშეცდომოდ ითამაშა და 30 წლის ამერიკელს იოტისოდენა შანსიც არ მისცა - სამი სეტი საათსა და 40 წუთში მოუთავა.
დამშვიდებული შვედი
ტურნირის მეხუთე ჩოგანმა რობინ სიოდერლინგმა კიდევ ერთ მეტოქეს მოუგო მშვიდად და დაძაბვის გარეშე. ბუნებრივია, დე ბაკერი შვედის მომგები ობიექტურად არც იყო, მაგრამ ყველას კარგად ახსოვდა, თუ რა დღეში ჩავარდა თითქოსდა რკინისნერვიანი სკანდინავიელი კვალიფიკანტ ჰაიდერ-მაურერთან სასტარტო მატჩში. მაშინ რობინმა მსოფლიოს 214-ე ჩოგანს 4-საათიანი მატჩი დიდი გაჭირვებით მოუგო. მაგრამ სიოდერლინგმა, პირველი მატჩისგან განსხვავებით, ახალგაზრდა ჰოლანდიელთან დამაჯერებლად ითამაშა და მეტოქეს მხოლოდ 8 გეიმი დაუთმო.
სიოდერლინგის მორიგი მეტოქე ალბერტ მონტანიესია, ვისაც მესამე წრეში კორტზე მხოლოდ 38 წუთის გატარება მოუხდა. 20 წლის ისპონელმა კეი ნიშიკორიმ წინა ეტაპზე მარინ ჩილიჩთან 5-საათიანი ომი მოიგო და იმ მატჩის მსვლელობისას ექიმს კორტზე ორჯერ უხმო. მაშინ აზიელმა საზარდულის ტრავმა მიიღო და მონტანიესთან შეხვედრაში ჩვეული რეაქტიულობით ვეღარ გადაადგილდებოდა. 29 წლის ესპანელმაც ეს ნიუანსი სათავისოდ გამოიყენა და კეი კუთხიდან კუთხეში არბენინა. შედეგად, მონტანიესმა პირველი სეტი 6:2 მოიგო, ხოლო როცა მეორეში 2:1 დაწინაურდა, ნიშიკორიმ თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვა. აღსანიშნავია, რომ ალბერტ მონტანიესისთვის წინა რვა ნიუიორკული მცდელობიდან შვიდი პირველივე წრეში სრულდებოდა, ხოლო 2005-ში ესპანელმა მეორეში გასვლა მოახერხა და აი, წლეულს უკვე მეოთხეშია. თქმაც არ უნდა, რომ მომავალ დაპირისპირებაში სიოდერლინგი ფავორიტად მიიჩნევა, თუმცა მონტანიესის გამოცდილება და შვედთან მატჩამდე თითქმის უბრძოლველად და დაუღლელად მისვლაც არაა დასავიწყებელი.
კანონზომიერება
ქალთა ნახევარში კი მეხუთე დღე აბსოლუტურად აკადემიურად წარიმართა. უფრო მაღალრეიტინგიანმა მეჩოგნეებმა მეტოქეებს იოლად აჯობეს. ძლიერების უპირატესობა იმდენად სოლიდური იყო, რომ რვავე მატჩი ორსეტიანი გამოდგა. ეს კი არა, ერთი ტაიბრეიკიც კი არ დანიშნულა...
მოსალოდნელი მოულოდნელობა
მეექვსე საშეჯიბრო დღეს სიტუაცია თითქმის გამეორდა. რვიდან შვიდ შემთხვევაში ნომინალურმა ფავორიტებმა თავისი სტატუსი დაადასტურეს. ხოლო დაფიქსირებული მოულოდნელობა კი სწორედაც რომ მოსალოდნელი იყო. 2008 წლის Uშ Oპენ-ის ფინალისტმა და მიმდინარე ტურნირის მეოთხე ჩოგანმა ელენა იანკოვიჩმა პირველ-მეორე წრეში არცთუ დამაჯერებლად იასპარეზა და ჩვენც გამოვთქვით ეჭვი, რომ ესტონელ კაია კანეპის იოლად ვერ გაცდებოდა. ჰოდა, საერთოდ ვერ გაცდა. ბალტიისპირელმა პირველ სეტში სახელოვანი მეტოქე უშანსოდ დატოვა, ხოლო მეორეში ტაიბრეიკზე ისე დაამარცხა, რომ ერთადერთი გათამაშება მოაგებინა. კანეპი მეოთხე წრეშია, რაც მისი კარიერის უმაღლესი მიღწევაა.
ერთადერთი სამსეტიანი...
იქ კი ესტონელს ახალგაზრდა ბელგიელი იანინა ვიკმაიერი ელის, ვინც მომდევნო წრეში სხვებზე რთულად გავიდა. მესამე წრის ერთადერთი სამსეტიანი მატჩი სორედ მასსა და ვეტერან პატი შნიდერს შორის გაიმართა. მეტოქეებმა ვერც სანახაობრივად ითამაშეს და ვერც ხარისხიანად. საკვირველია, მაგრამ მატჩის შემდეგ ვიკმაიერს ყველა სტატისტიკური მონაცემი მეტოქეზე ცუდი აღმოაჩნდა, მაგრამ ჯიუტმა და დაუოკებელმა ბელგიელმა თავისი მაინც გაიტანა. კანეპისთან პირად შეხვედრებში იანინა 1:2-ს აგებს, თუმცა ის ესტონელზე ბევრად ახალგაზრდაა და შარშან ნიუ იორკში ნახევარფინალში იყო.
ოთხდღიანი დასვენება
ვერა ზვონარიოვა შარშანდელ US Open-ზე მეოთხე წრემდე მივიდა და წააგო, ახლა კი მრავალ რუსთა შორის ყველაზე მაღალრეიტინგიანი მეჩოგნე ქალი უფრო შორს წასასვლელად ემზადება. წესით, ანდრეა პეტკოვიჩმა ვერ უნდა გაუძლოს ზვონარიოვას, მთავარია თავად ვერამ არ აურიოს. დულგერუსთან რუსმა პირველი სეტი იოლად მოიგო, მეორეში კი ტაიბრეიკზე იწვალა და იგივე მას მეორე წრეში საბინე ლისიცკისთანაც მოუვიდა. რაც შეეხება პეტკოვიჩს, გაგერმანელებულ სერბს სხვებზე მეტად გაუმართლა - შაი პენმა ტრავმის გამო მასთან თამაში ვერ შეძლო და ანდრეას მატჩებს შორის 4-დღიანი დასვენებაც გამოუვიდა. ეს იქნება ზვონარიოვას და პეტკოვიჩის პირველი ურთიერთშეხვედრა.
რამდენიმე მატჩს ეყოფოდა
აშშ-ის ღია პირველობის 2004 წლის ტრიუმფატორი სვეტლანა კუზნეცოვა თანამემამულე კირილენკოს ძალზე აგრესიულად დაუხვდა და მხოლოდ ამ აქტიურობის გამო აჯობა, თორემ ორივე რუსის თამაშში იმდენი ხარვეზი და ტექნიკური წუნი იყო, რამდენიმე მატჩს ეყოფოდა. ასეა თუ ისე, კუზნეცოვამ ორ სეტში მოიგო და მომდევნო ეტაპზე 21 წლის დომინიკა ციბულკოვას დაუპირისპირდება, ვისთანაც წლეულს წაგება უკვე მოასწრო. სხვათა შორის, ციბულკოვამ პირველ და მეორე წრეებში დიდი ბრძოლები გადაიტანა და სამ-სამი სეტიც ითამაშა, ამჯერად კი ვეტერანი ესპანელი ლოურდეს დომინგეს ლინოსგან ქვა ქვაზე არ დატოვა - 6:0, 6:1. შარშანწინ დომინიკა ნიუ იორკში მესამე წრემდე მივიდა, ანუ პროგრესი სახეზეა...
სუპერმატჩის მოლოდინში
და მთავარი ბოლოსთვის მოვიტოვეთ. ტურნირის პირველი ჩოგანი კაროლინე ვოზნიაცკი "ფლაშინ მიდოუსის" კორტებზე ტრიუმფალურ სვლას აგრძელებს. 20 წლის დანიელმა გოგონამ სამ წრეში სამ მეტოქეს ჯამში სამად სამი გეიმი დაუთმო, თანაც ბოლო ორ მატჩში ორ ტაივანელ მეტოქესთან ერთადერთი ქულა წააგო. საუბარიც ზედმეტია, რომ კაროლინე ბრწყინვალე ფორმაშია, თანაც შარშან წაგებული ნიუიორკული ფინალი მას მოსვენებას არ აძლევს. მაგრამ საქმე ისაა, რომ მისი მომდევნო მეტოქე მარია შარაპოვაა, ვისაც 4 წლის წინ Uშ Oპენ-ზე ჩემპიონობაც მოუპოვებია და ვინც წლევანდელ ტურნირზეც საუცხოო ჩოგბურთს დემონსტრირებს.
პირველ წრეში იარმილა გროტის საშინელ მოწოდებებთან ძლივს გამკლავების შემდეგ, მაშა უპრობლემოდ იგებს. ამერიკელებს იმედი ჰქონდათ, რომ ბეატრის კაპრა მათ ახალ კერპად იქცეოდა, მაგრამ შარაპოვამ ეს გოგონა სასტიკად დაამცირა - 6:0, 6:0. მოკლედ ითქვას და, ვოზნიაცკი-შარაპოვა ტურნირის მშვენებად უნდა იქცეს. სხვათა შორის, რუს ლამაზმანს დანიელთან ორივე ურთიერთსშეხვედრა მოგებული აქვს, მაგრამ ეს 2008-ში იყო, როცა ვოზნიაცკი მსოფლიო რეიტინგის მეორე კი არა, 30-ე და მე-40 ჩოგანი იყო. მას მერე ბევრ წყალს ჩაუვლია და დღეს კაროლინე ხსენებულ კლასიფიკაციაში მხოლოდ სერენა უილამსს ჩამორჩება, შარაპოვა კი ამ სიაში მეჩვიდმეტეა...
US Open
კაცები
II წრე
რაფაელ ნადალი (1, ესპანეთი)-დენის ისტომინი (უზბეკეთი) 6:2, 7(7):6(5), 7:5; ენდი მიურეი (4, დიდი ბრიტანეთი)-დასტინ ბრაუნი (იამაიკა) 7:5, 6:3, 6:0; სემ ქური (20, აშშ)-მარსელ გრანულიერსი (ესპანეთი) 6:2, 6:3, 6:4; ჯონ იზნერი (18, აშშ)-მარკო კიუდინელი (შვეიცარია) 6:3, 3:6, 7(9):6(7), 6:4; სერჰი სტახოვსკი (უკრაინა)-რაიან ჰარისონი (აშშ) 6:3, 5:7, 3:6, 6:3, 7(8):6(6); დავიდ ნალბანდიანი (31, არგენტინა)-ფლორან სერა (საფრანგეთი) 7:5, 6:4, 6:2; მიხაილ იუჟნი (12, რუსეთი)-დუდი სელა (ისრაელი) 6:1, 6:3, 4:6, 6:3; სტანისლას ვავრინკა (25, შვეიცარია)-ხუან იგნასიო ჩელა (არგენტინა) 7:5, 6:3, 6:4; დანიელ ხიმენო-ტრავერი (ესპანეთი)-ჟერემი შარდი (საფრანგეთი) 4:6, 6:2, 6:0, 7(7):6(2); ნიკოლას ალმაგრო (14, ესპანეთი)-გილიერმო გარსია-ლოპესი (ესპანეთი) 6:3, 7(7):6(5), 4:6, 7(7):6(4); ფელისიანო ლოპესი (23, ესპანეთი)-ბენუა პერი (საფრანგეთი) 6:4, 6(4):7(7), 5:7, 7(7):6(3), 6:2; ფერნანდო ვერდასკო (8, ესპანეთი)-ადრიან მანარინო (საფრანგეთი) 6:1, 6:2, 6:2; ტომი რობრედო (ესპანეთი)-ჟულიენ ბენეტო (საფრანგეთი) 6:4,. 6(2):6(1), ბენეტომ თამაში შეწყვიტა; ჟილ სიმონი (საფრანგეთი)-ფილიპ კოლშრაიბერი (29, გერმანია) 4:6, 6:3, 1:6, 6:1, 6:3; დავიდ ფერერი (10, ესპანეთი)-ბენიამინ ბეკერი (გერმანია) 6:3, 6:4, 6:4; მიკელ ლიოდრა (საფრანგეთი)-ვიქტორ ჰანესკუ (რუმინეთი) 7(7):6(2), 6:4, 6:2.
III წრე
ნოვაკ ჯოკოვიჩი (3, სერბეთი)-ჯეიმს ბლეიკი (აშშ) 6:1, 7(7):6(4), 6:3; როჯერ ფედერერი (2, შვეიცარია)-პოლ-ანრი მატიე (საფრანგეთი) 6:4, 6:3, 6:3; მარდი ფიში (19, აშშ)-არნო კლემანი (საფრანგეთი) 4:6, 6:3, 6:4, 1:6, 6:3; რობინ სიოდერლინგი (5, შვედეთი)-ტიმო დე ბაკერი (ჰოლანდია) 6:2, 6:3, 6:3; გაელ მონფისი (17, საფრანგეთი)-იანკო ტიპსარევიჩი (სერბეთი) 7(7):6(4), 6(4):7(7), 6:2, 6:4; იურგენ მელცერი (13, ავსტრია)-ხუან კარლოს ფერერო (22, ესპანეთი) 7:5, 6:3, 6:1; რიშარ გასკე (საფრანგეთი)-კევინ ანდერსონი (სამხრეთ აფრიკა) 6:4, 7(7):6(3), 7:5; ალბერტ მონტანიესი (21, ესპანეთი)-კეი ნიშიკორი (იაპონია) 6:2, 2:1, ნიშიკორიმ თამაში შეწყვიტა.
ქალები
III წრე
ვინუს უილიამსი (3, აშშ)-მანდი მინელა (ლუქსემბურგი) 6:2, 6:1; ელენა დემენტიევა (12, რუსეთი)-დანიელა ჰანტუხოვა (24, სლოვაკეთი) 7:5, 6:2; კიმ კლეისტერსი (2, ბელგია)-პეტრა კვიტოვა (27, ჩეხეთი) 6:3, 6:0; სამანტა სტოსური (5, ავსტრალია)-სარა ერანი (იტალია) 6:2, 6:3; ანა ივანოვიჩი (სერბეთი)-ვირჟინი რაზანო (საფრანგეთი) 7:5, 6:0; ფრანჩესკა სკიავონე (6, იტალია)-ალიონა ბონდარენკო (29, უკრაინა) 6:1, 7:5; ანასტასია პავლიუჩენკოვა (20, რუსეთი)-ხისელა დულკო (არგენტინა) 6:1, 6:2; შაჰარ პეერი (16, ისრაელი)-ფლავია პენეტა (19, იტალია) 6:4, 6:4; მარია შარაპოვა (14, რუსეთი)-ბეატრის კაპრა (აშშ) 6:0, 6:0; სვეტლანა კუზნეცოვა (11, რუსეთი)-მარია კირილენკო (23, რუსეთი) 6:3, 6:4; კაია კანეპი (31, ესტონეთი)-ელენა იანკოვიჩი (4, სერბეთი) 6:2, 7(7):6(1); კაროლინე ვოზნიაცკი (1, დანია)-იუნ-ძიან ჩანი (ტაივანი) 6:1, 6:0; ვერა ზვონარიოვა (7, რუსეთი)-ალექსანდრა დულგერუ (25, რუმინეთი) 6:2, 7(7):6(2); იანინა ვიკმაიერი (15, ბელგია)-პატი შნიდერი (შვეიცარია) 7(7):6(5), 3:6, 7(8):6(6); დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკეთი)-ლოურდეს დომინგეს ლინო (ესპანეთი) 6:0, 6:1; ანდრეა პეტკოვიჩი (გერმანია)-შაი პენი (ჩინეთი) - შაი პენმა თამაშზე უარი თქვა.