შეჯიბრებაში, სადაც სპორტის სამინისტროს დაფინანსებით გაემგზავრა, 15 ქვეყნის წარმომადგენლები იბრძოდნენ მთავარი პრიზისთვის.
ჩვენებურმა პირველ წრეში პოლონელ მეტოქეს სძლია იოლად - 6:2, 6:1, შემდეგ დაძაბულ პაექრობაში აჯობა შვეიცარიელ ლუკა კასტელნოვოს (6:4, 4:6, 7:5) და ლიტველთა იმედ ლუკაშ ზვიკასს (6:3, 7:5). ეტყობა, ამ ორ ორთაბრძოლას დიდი ენერგია შეალია, რადგან ნახევარფინალში რუს პოკატილოვთან 4:6, 5:7 წააგო, თუმცა ანგარიშიდანაც ჩანს, რომ ჩრდილოელი მეზობლისთვის სეტები ადვილად არ დაუთმია.
ჩოგბურთში ვარჯიში რვა წლის წინათ დაიწყო
ისრაელში ორი საერთაშორისო ტურნირის ფინალისტი გახდა. სხვადასხვა შეჯიბრებაში მიღწეული შედეგებით ევროპის ჩოგბურთის ფედერაციამ იგი კონტინენტის იმ ოთხკაციან გუნდში მიიწვია, რომლის წევრებმაც ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ახალგაზრდების დიდი სლემის ოთხ ტურნირში იასპარეზეს გერმანიაში. ერთ შეჯიბრებაზე ნახევარფინალში გავიდა, დანარჩენ სამში კი რვა საუკეთესოს შორის მოხვდა.
- შარშან წლის მიწურულს ამერიკაში გავემგზავრე და იქაურ ორ სოლიდურ ტურნირშიც მივიღე მონაწილეობა, - მითხრა სანდრომ. - მე და მამაჩემი ორი კვირის განმავლობაში ფლორიდის შტატის ბოკა რატონში ანა ტატიშვილთან (ბავშვობისას ტატიშვილს ვიქტორ ბაკში ავარჯიშებდა - ვ.დ.) ვცხოვრობდით.
მისი სახლიდან ასიოდე მეტრზეა კრის ევერტის კორტები, რომლებზეც ანა დაოსტატდა. ჩვენი სტუმრობისას იგი ავსტრალიის ღია ჩემპიონატისთვის ემზადებოდა და ერთხელ სპარინგპარტნიორობაც გავუწიე. მძიმე ვირუსული ავადმყოფობა ჰქონდა გადატანილი და ვერ იყო ჩვეულ ფორმაში. კრის ევერტი გაგვაცნო. ერთ-ერთ თანატოლთან პაექრობისას სახელოვანმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა შემაქო - ძალიან გამიხარდა.
- წლეულსაც ხომ არ აპირებ ამერიკაში გამგზავრებას?
- დიახ. ალბათ, ისევ წლის მიწურულს და რამდენიმე შეჯიბრებაზეც გამოვალ, უფრო - თვრამეტწლიანებში, რომ მეტი გამოცდილება შევიძინო. მანამდე, ასევე, 18-წლიანებში ანტალიის ტურნირებზეც მოვსინჯავ ძალებს. როგორც შევიტყვე, ევროპის ჩოგბურთის ფედერაცია წლეულსაც აპირებს ჩემს მიწვევას ახალგაზრდების დიდი სლემის შეჯიბრებებში. თუ ეს მოხდა, მაშინ თბილისის საერთაშორისო ტურნირში ვეღარ გამოვალ, რადგან ამ ასპარეზობათა თარიღები ერთმანეთს ემთხვევა.
- უცხოეთში ხშირად დადიხარ, სწავლას როგორ ასწრებ?
- თბილისის "გრინ სქულის" მეცხრეკლასელი ვარ. მასწავლებლები და მეგობრები მეხმარებიან ჩამორჩენის დაძლევაში. ვცდილობ, ტურნირებზე წიგნებიც წავიღო და შეძლებისდაგვარად ვიმეცადინო.
- კერპი თუ გყავს?
- ფედერერი - ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი, რომელსაც შვიდ ათეულზე მეტი ტიტული აქვს მოხვეჭილი. ნადალიც მომწონს, თანაც იმიტომ, რომ ჩემსავით ცაციაა, როგორც კვიტოვა, შარშანდელი უიმბლდონის ჩემპიონი. მარცხენა ხელით თამაშის ნიუანსებში უკეთ გასარკვევად ხშირად მათი ორთაბრძოლების ვიდეოჩანაწერებს ვუყურებ.
- ჩოგბურთის გარდა, რა გიტაცებს?
- განსაკუთრებით - კალათბურთი. როცა თავისუფალი დრო მაქვს ნბა-ს მატჩებს ვუყურებ, "ატლანტას" და ზაზა ფაჩულიას თამაშის ნახვა მსიამოვნებს.
- ჰობი?
- მუსიკა. გიტარაზე ვუკრავ - სამუსიკო ექვსწლედი დავამთავრე.
- მიზანი?
- აბა, უიმბლდონის მოგებაზე ვის არ უოცნებია. არც მე ვარ გამონაკლისი. თუმცა მანამდე შორია, ჯერ თანატოლებში ვეცდები დაწინაურებას. სათანადო თანადგომა თუ იქნა, შესაძლოა, ოცნაბა რეალობად იქცეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"