საქართველოს ნაკრები კაიროში ფავორიტის რანგში ჩავიდა და ვარაუდსაც ამართლებს. როგორც გაუწყეთ, პირველ ორ ტურში ანა ტატიშვილმა, სოფიო შაფათავამ და სოფიო ქვაცაბაიამ (კაპიტანი ლალი ზერეკიძე) ნორვეგიას (3:0) და ლატვიას (2:1) სძლიეს და, თურქების მსგავსად, ნახევარფინალის საგზური გაინაღდეს.
სამხრეთელ მეზობლებთან გუშინდელ დაპირისპირებას უნდა გაერკვია, მეორე ზონის B ჯგუფში პირველი ვინ იქნებოდა, რადგან გამარჯვებული ნახევარფინალში A ჯგუფის მეორეადგილოსანს დაუპირისპირდებოდა.
კორტზე პირველები ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის რეიტინგში 267-ე ადგილზე მყოფი სოფიო შაფათავა და მასზე 32 საფეხურით დაბლა მდგარი პეგრა ოზგენი გავიდნენ. ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს წარმატების იოტისოდენი შანსიც არ დაუტოვა - იოლად დაამარცხა იგი 6:2, 6:2.
ქალთა საუკეთესო ასეულის წევრ ანა ტატიშვილს (85-ე) კაგლა ბუიუკაკჩაიმ (233-ე) მხოლოდ პირველ სეტში გაუწია ერთგვარი წინააღმდეგობა. თუმცა ჩვენებურს მისი მოგება (6:4) არ გასჭირვებია. მეორე ხელში ანას უპირატესობა უფრო აშკარა იყო - 6:2.
ამ მოგებით საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა, თუმცა ახალი წესებით, წყვილთა თამაშიც აუცილებელია, ამიტომ კორტზე ჩვენგან ტატიშვილისა და ქვაცაბაიას დუეტი გავიდა, რომელიც მელის სეზერისა (398-ე) და იპეკ სოილუს (1187-ე) დაუპირისპირდა. ამ პაექრობაშიც უპირატესობა ქართველთა მხარეს იყო - 6:3, 7:5.
A ჯგუფის გადამწყვეტ ორთაბრძოლაში სამხრეთაფრიკელებმა ასევე მშრალი ანგარიშით - 3:0 დაამარცხეს კონკურენტი ჩერნოგორია: ლიზე ჰატინგი - ვლადიცა ბაბიჩი 6:2, 6:4, ნატალი გრანდინი - დანკა კოვინიჩი 6:4, 7:6, წყვილები: ლინ კირო, მადრი ლე როუქსი - ვლადიცა ბაბიჩი, მილიცა სლიუკიჩი 6:1, 6:2.
ამ წარმატებით სამხრეთაფრიკელებმა პირველობა გაინაღდეს ჯგუფში და 21 აპრილს პირველი ზონის საგზურისთვის თურქებს დაუპირისპირდებიან, საქართველოს ნაკრებს კი ჩერნოგორიის გუნდი გაუწევს მეტოქეობას.
ძალთა შეფარდებას თუ გავითვალისწინებთ, ქართველებს პირველ ზონაში მეცხრედ აღზევება არ უნდა გაუჭირდეთ. ექსიუგოსლავიელებს ორი რეიტინგიანი ჩოგბურთელი ჰყავთ: ერთეულებში 358-ე ადგილზე მყოფი 18 წლის დანკა კოვინიჩი და წყვილებში 752-ეადგილოსანი, 25 წლის მოთამაშე კაპიტანი დანიცა კრსტაიჩი, ხოლო 17 წლის ვლადიცა ბაბიჩი და 16 წლის მილიცა სლიუკიჩი ურეიტინგოები არიან.
21 აპრილს მესამე-მეოთხე ადგილებზე გასული გუნდებიც დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ფინეთი - ნორვეგიისა და დანია - ლატვიის წყვილთა პაექრობაში გაირკვევა, თუ ვინ ჩამოქვეითდება მესამე ზონაში. აქ კი მე-2 ზონაში გამოთავისუფლებული ორი ადგილისთვის მაროკო-ლიტვა და ირლანდია-ტუნისი იბრძოლებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"