საგანგაშო არაფერია!

AutoSharing Option
- ბატონო ზურაბ, ალბათ გაეცანით ამ დღეებში "ლელოში" გამოქვეყნებულ გულშემატკივრის წერილს...
- რა თქმა უნდა, გავეცანი. მართალი გითხრათ, გამიკვირდა, ისეთი მასშტაბური SOS-ის ქვეშ რომ დაიბეჭდა ეს მასალა. მავანი მკითხველი გაიფიქრებდა - ეს რა კატასტროფააო ქართულ ჩოგბურთში.
ისე, სასიამოვნოა, როცა რიგითი, "სტაჟიანი გულშემატკივარი" ინტერესდება ქართული ჩოგბურთის პრობლემებით, მაგრამ სამწუხაროა, რომ წერილში მონათხრობიდან ბევრია ჭორი და ყურმოკრული ამბავი.
-და მაინც, წერილში მოყვანილ მოსაზრებებზე რას იტყვით, კერძოდ, იმაზე, რომ ფედერაციას ვაჟი ჩოგბურთელები გერებად მიაჩნია და მათ ყურადღებას არ აქცევს.
-ეს, მეტი რომ არ
ვთქვათ, უაზრობაა. დაფინანსება, რომელიც ფედერაციას აქვს, თანაბრად ნაწილდება. დღეს რომ შედეგები ვაჟთა ჩოგბურთში ნაკლებად შთამბეჭდავია, ეს ობიექტური მიზეზებით აიხსნება. ტრავმების გამო ირაკლი ლაბაძემ და ლადო ჩიხლაძემ თავი დაანებეს პროფესიულ ჩოგბურთს. 2-3 წლის წინ ბატონ თევზაძეს შეეძლო ეთქვა - ქალთა ჩოგბურთს ყურადღება არ ექცევა, მთელი ყურადღება ვაჟებზეა  გადატანილიო. ამჟამინდელი მდგომარეობის ახსნა უბრალოდ შეიძლება - დღეს ქალთა ჩოგბურთში მართლაც ძლიერი თაობა მოვიდა. ორი მათგანი - ანა ტატიშვილი და ოქსანა კალაშნიკოვა - ლონდონის ოლიმპიური თამაშების საგზურისთვის იბრძვის. იმედი მაქვს, ერთ - ერთი მათგანი ბრიტანეთში უეჭველად იასპარეზებს.
ვაჟებში ასეთი თაობა ამ ეტაპზე არ ჩანს. ნიკა ბასილაშვილმა, ფაქტობრივად, უარი თქვა საქართველოს ნაკრების მაისურის ჩაცმაზე. ნამდვილად იმედით შევყურებთ გიორგი ცივაძესა და უმცროს ალექსანდრე მეტრეველს. ცივაძემ უკვე იასპარეზა დევისის თასზე. ისინი ჯერ მხოლოდ 16-17 წლისანი არიან და სათანადო ხელშეწყობის შემთხვევაში მათგან კარგი შედეგებია მოსალოდნელი. უფრო დაბალ ასაკობრივ ჯგუფშიც გვყავს მრავალი პერსპექტიული ჩოგბურთლი, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.
- წინა ტურნირების - იგულისხმება დევისის თასი - ფინანსური დავალიანება დღესაც არ არისო გასტუმრებული...
- ეს აბსურდია. ვის წინაშე გვაქვს ფინანსური დავალიანება? სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით ნაკრები ტურნირზე გაემგზავრა; გადახდილია სასტუმროში ცხოვრებისა და კვების ხარჯები; მოხდა მათი სპორტული ეკიპირება; ჩატარდა წინასაშეჯიბრო მოკლევადიანი შეკრება. ძალზე შორს უნდა იყო საჩოგბურთო ცხოვრებიდან, რომ სპეციფიკური საშეჯიბრო კალენდრის გამო მოითხოვო ნაკრების წევრთა მრავალკვირიანი შეკრება. ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. ჩოგბურთელები ხშირად მართლაც შეჯიბრების ადგილზე ხვდებიან ერთმანეთს. რაც შეეხება სპორტსმენთა  მატერიალურ წახალისებას  - კონკრეტულად ნაკრებში თამაშისთვის ეს არ ხდება. გუნდის წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფოსგან იღებს სტიპენდიებს. ძალზე სოლიდურია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიზნობრივი დახმარება იმედისმომცემი ჩოგბურთელებისადმი. ხოლო მაშინ, როცა ჩვენი ნაკრები იმ ჯგუფში ასპარეზობდა, რომელშიც, დევისის თასის გათამაშების დებულების თანახმად, გამოიყოფოდა საპრემიო თანხა, ბუნებრივია, ის ნაწილდებოდა ნაკრების წევრებზე. სამწუხაროდ, წლეულს ჯგუფის სტატუსის გამო საპრემიო თანხა გათვალისწინებული არ იყო.
-მხოლოდ გასართობი ტურნირები ტარდებაო საქართველოში?
-ეს არის მკითხველის დეზინფორმაციის მცდელობა. რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია ასეთი რამის დაწერა.
ბოლო 10-12 წლის განმავლობაში, როგორც ვაჟთა, ისე ქალთა შორის თბილისში, ბათუმსა და თელავში ITF-ის ეგიდით ჩატარდა 50-ზე მეტი საერთაშორისო ტურნირი 10, 15, 25, 50 და 75 ათას დოლარიანი საპრიზო ფონდით. ჩვენს ქვეყანას სტუმრობდა ასეულობით უცხოელი ჩოგბურთელი. სწორედ ამ ტურნირებმა შეუწყო ხელი იმ გოგონების დაოსტატებას, რომლებზეც წერილის ავტორი ლაპარაკობს.
სტაჟიან გულშემატკივარს კი შევახსენებ, რომ სხვადასხვა ასაკის და პროფესიის მოყვარულებს შორის ჩოგბურთის პოპულარიზაცია ფედერაციის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა. ვიმეორებ - ტრავმების გამო ლაბაძემ და ჩიხლაძემ საკმაოდ ადრეულ ასაკში დაანებეს თავი ჩოგბურთის თამაშს. ნაკრები რომ არ ჩამოქვეითებულიყო უფრო დაბალ ჯგუფში, ფედერაციის ხელმძღვანელობამ თხოვნით მიმართა ორივე სპორტსმენს, რათა ისინი, ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე, დროებით მაინც დაბრუნებოდნენ ეროვნულ გუნდს. მადლობის მეტი მათ მიმართ არაფერი გვეთქმის - ამოცანა შესრულებულია.
რომ არა უკანასკნელ წლებში სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული და მუდმივი მხარდაჭერა ქართული ჩოგბურთისადმი, მდგომარეობა მართლაც  სავალალო იქნებოდა. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა, პირადად საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი, დაინტერესებულნი არიან საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარებით. შესანიშნავი კორტები ჩადგა მწყობრში თბილისში, თელავში, ქუთაისში, გორში, საჩოგბურთო ცენტრი შენდება ბათუმში.
მიუხედავად ამისა, ცხადია, თანხები საკმარისი არ არის და უახლოეს წლებში, ობიექტურად, არც იქნება საკმარისი. გრძელვადიანი პერსპექტივის გათვალისწინებით კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული პროგრამის ფინანსურ უზრუნველყოფას ყოველწლიურად 500-700 ათასი ლარი მაინც სჭირდება. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ასეთი თანხების მოზიდვა ჩოგბურთისთვის დღეს ობიექტურად  შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ქართულ ჩოგბურთში გასაკეთებელი კიდევ ბევრია, არის საკითხები, რომლებიც სწრაფ და კომპეტენტურ რეაგირებას მოითხოვს. ჩვენ ვხედავთ ნაკლოვანებებს და შესაძლებლობის ფარგლებში მათ ოპერატიულ გამოსწორებას ვცდილობთ.
სხვათა შორის, წერილში "სტაჟიან გულშემატკივარს" ჩამოთვლილი აქვს გვარები, რომლებსაც მართლაც დიდი დამსახურება აქვთ ქართული ჩოგბურთის წინაშე. მოკრძალებულად შევახსენებ ავტორს - ჩოგბურთის ფედერაციის დღევანდელი პრეზიდენტის, ოლიმპიური თამაშების პრიზიორის, თავის დროზე მსოფლიოს საუკეთესო ათეულის მოთამაშის ლეილა მესხის, როგორც სპორტსმენის წვლილზე მას სიტყვაც  არ დასცდენია. ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოთქვამს მზადყოფნას, "ლელოს" რედაქციაში სპეციალისტებთან და დაინტერესებული სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად მოეწყოს ქართული ჩოგბურთის პრობლემებისადმი მიძღვნილი შეხვედრა მრგვალ მაგიდასთან.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული