შეჯიბრებაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაება 22 წლის ქართველი ანა ტატიშვილი, რომელმაც მსოფლიო რეიტინგში 84-დან 79-ე ადგილზე გადაინაცვლა.
ჩვენებურმა სტარტზე მასპინძელი შარონ ფიჩმანი დაამარცხა - 7:5, 6:1, მეორე წრეში ასლეი ვეინჰოლდს (აშშ) სძლია - 6:0, 6:2. მესამეში ურსულა რადვანსკასა (პოლონეთი) და მელანი ოუდინს (აშშ) შორის გამარჯვებულსაც თუ მოუგებს, ძირითად ბადეში გააღწევს, სადაც პირველ ნომრადაა განთესილი ვიქტორია აზარენკა (ბელარუსი), მეორეა აგნეშკა რადვანსკა (პოლონეთი), მესამე - მარია შარაპოვა
აქვე იასპარეზებენ კაროლინ ვოზნიაცკი (დანია), ელენა იანკოვიჩი, ანა ივანოვიჩი (ორივე-სერბეთი), მარიონ ბარტოლი (საფრანგეთი), სარა ერანი (იტალია) და სხვები. წყვილებში ანა ტატიშვილი სლოვენიელ ანდრეა კლეპაჩთან ერთად ჩია-იუნგ ჩუანგსა და შუაი ჟანს (ჩინეთი) დაუპირისპირდება.
ხმიადაშვილის ოქრო და ვერცხლი
სომხეთის დედაქალაქ ერევანში დამთავრდა ახალგაზრდა ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირი "ორანჯ კაპი", რომელშიც საქართველოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ჩვენებურთაგან ვაჟებმა იყოჩაღეს.
წყვილებში შესანიშნავად განვლეს ტურნირი მიხეილ ხმიადაშვილმა და შოთა მეფარიძემ. სტარტზე მათ რომან გიგოლაევსა და ბორის რაკს (ორივე - რუსეთი) აჯობეს - 6:3, 7:6. შემდეგ ასევე ჩრდილოელ მეზობლებს - ივან კალინინსა და ტიმურ სალბიევს სძლიეს - 6:3, 7:6, ნახევარფინალში დაძაბულ პაექრობაში დაჯაბნეს სერგეი ბარიშევი და რომან საფიულინი (ორივე - რუსეთი) - 7:6, 7:6.
გადამწყვეტ პაექრობაში ქართველებმა ყატარელთა დუეტი - ჯაბორ მოჰამედ ალი მუტავა და მუსა შანან ზაიედი დაამარცხეს 6:2, 6:4 და პირველი ადგილი დაიკავეს.
ხმიადაშვილმა ერთეულებში ვერცხლსაც გამოჰკრა ხელი. პირველ ნომრად იყო განთესილი. ასპარეზობის სტარტზე ისვენებდა.
მე-2 წრეში ივან დავიდოვს (რუსეთი) მოუგო - 6:4, 6:3, მესამეში იტალიელ ედუარდო ლამბერტის დააყრევინა ფარ-ხმალი - 2:6, 6:4, 6:3, მეოთხედფინალში რამ კარაში (ისრაელი) ჩამოიშორა გზიდან - 6:0, 6:2, ნახევარფინალში თანამემამულე ალექსანდრე ბაკშის აჯობა - 6:3, 6:2, გადამწყვეტ შეხვედრაში კი მე-2 ნომრად განთესილ რომან საფიულინს (რუსეთი) დანებდა და მე-2 ადგილს დასჯერდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"