ჩოგბურთი: ნახევარფინალი სამი ქართველით

AutoSharing Option
შარშან ჩოგბურთელ ქალთა თელავის საერთაშორისო ტურნირზე თათია მიქაძემ საქართველოს ნაკრების წევრი, რეიტინგით ქვეყნის მეორე ჩოგანი ოქსანა კალაშნიკოვა დაამარცხა. ლელია მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე ბათუმის ნავთობტერმინალის პირველობის მეოთხედფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. წლეულს ორივე სპორტსმენს საერთაშორისო სარბიელზე საქმე კარგად მისდის, ამიტომ სპეციალისტები და გულშემატკივრებიც ინტერესით მოელოდნენ ამ პაექრობას. ცხადია, ოქსანა (189) სარევანშოდ იყო განწყობილი, მაგრამ თათიამ თანაგუნდელს ამის შანსი არ მისცა. ტურნირზე მე-5 ნომრად განთესილმა მიქაძემ (289) ორ სეტში აჯობა (7:5, 6:4) მას და ნახევარფინალში ალიაქსანდრა სასნოვიჩის (ბელარუსი) მძლეველ (6:2, 6:3) რეკა-ლუკა იანის
(უნგრეთი, 319) შეხვდება.

ნავთობტერმინალის შარშანდელი ტურნირის სტარტზე სოფიო შაფათავამ (279) უკრაინელი ვერონიკა კაპშაი (328) დაამარცხა. წილისყრამ ისინი წლეულსაც შეჰყარა ერთად, ამჯერად მეოთხედფინალში. მას შემდეგ, რაც ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი ხელი მშრალად (6:0) მოიგო, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ნახევარფინალში გასასვლელად მას კიდევ ორი სეტის თამაში დასჭირდებოდა. ეტყობა, სოფიომ, რომელსაც ვერონიკა აქამდე ოთხჯერ ჰყავდა დამარცხებული, ნაადრევად ირწმუნა გამარჯვება და კინაღამ დაისაჯა: მეორე ხელი 4:6 დათმო, მესამეში კი ბოლო მომენტში წაგლიჯა ხელიდან მეტოქეს მოგება _ 7:6.

ასევე სამი ხელი დასჭირდა მე-4 ნახევარფინალისტის გამოვლენას: ტურნირის მე-2 ნომერმა მაკა ჩახნაშვილმა (228) იულია გლუშკოს (ისრაელი, 350) სძლია 6:3, 4:6, 7:6.

გუშინ წყვილებში ერთი ნახევარფინალური პაექრობა გაიმართა: პაულა კანია (პოლონეთი)/სოფია სურანი (უნგრეთი)-ჟუსტინა ჟეგიოლკა/კატარზინა კავა (პოლონეთი) 6:4, 6:3.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული