ნავთობტერმინალის შარშანდელი ტურნირის სტარტზე სოფიო შაფათავამ (279) უკრაინელი ვერონიკა კაპშაი (328) დაამარცხა. წილისყრამ ისინი წლეულსაც შეჰყარა ერთად, ამჯერად მეოთხედფინალში. მას შემდეგ, რაც ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი ხელი მშრალად (6:0) მოიგო, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ნახევარფინალში გასასვლელად მას კიდევ ორი სეტის თამაში დასჭირდებოდა. ეტყობა, სოფიომ, რომელსაც ვერონიკა აქამდე ოთხჯერ ჰყავდა დამარცხებული, ნაადრევად ირწმუნა გამარჯვება და კინაღამ დაისაჯა: მეორე ხელი 4:6 დათმო, მესამეში კი ბოლო მომენტში წაგლიჯა ხელიდან მეტოქეს მოგება _ 7:6.
ასევე სამი ხელი დასჭირდა მე-4 ნახევარფინალისტის გამოვლენას: ტურნირის მე-2 ნომერმა მაკა ჩახნაშვილმა (228) იულია გლუშკოს (ისრაელი, 350) სძლია 6:3, 4:6, 7:6.
გუშინ წყვილებში ერთი ნახევარფინალური პაექრობა გაიმართა: პაულა კანია (პოლონეთი)/სოფია სურანი (უნგრეთი)-ჟუსტინა ჟეგიოლკა/კატარზინა კავა (პოლონეთი) 6:4, 6:3.