ნიკოლოზ ბასილაშვილი ლეილა მესხის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

AutoSharing Option
ექვსი ქართველი ჩოგბურთელი ვაჟიდან, რომლებიც ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე თბილისის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 15 000 დოლარი) ჩაებნენ, ერთეულთა თანრიგში შეჯიბრებას მხოლოდ მესამე ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი შემორჩა.

12 სექტემბერს მე-2 წრეში მან პეტერ გოლდშტეინერი (ავსტრია) დაამარცხა - 7:5, 6:1 და მეოთხედფინალში უკრაინელი ოლექსეი აროვინის მძლეველს, ტურნირზე მე-7 ნომრად განთესილ ვლადიმირ ივანოვს (ესტონეთი) დაუპირისპირდება.

იმედით ველოდით გიორგი ჯავახიშვილის გამოსვლას, მაგრამ ჩვენებურს წარმატების ყოველგვარი შანსი გადაუწურა ტურნირის რეიტინგფავორიტმა ირჟი ვესელიმ (ჩეხეთი) - ქართველ ჩოგბურთელს მან ორივე პარტია მშრალი ანგარიშით მოუგო
- 6:0, 6:0. ჩეხი უკვე ნახევარფინალშია, რადგან პოლონელი მათეუშ ჟმიგიელის ასევე მშრალი ანგარიშით დამმარცხებელი (6:0, 6:0) პიოტრ გადომსკი (პოლონეთი) შეჯიბრებას გამოეთიშა და ჩეხი სპორტსმენი მეოთხედფინალში მეტოქის გარეშე დარჩა.

13 სექტემბერს თუ ბასილაშვილი ივანოვის წინააღმდეგობას დაძლევს, ნახევარფინალში სწორედ დასვენებულ ვესელის შეხვდება.

უკვე გაუწყეთ, რომ მე-5 ნომერი იტალიელი მატეო მარაი უბრძოლველად გავიდა მეოთხედფინალში. იგი მე-4 ნომრად განთესილ ტონი ანდროიჩისს გაუწევს მეტოქეობას. გუშინ ხორვატმა არკადიუშ კოსილას (პოლონეთი) აჯობა - 7:5, 6:4.

ფრანგმა ლორენ რეკოუდერსმა იან ბლეჩა (ჩეხეთი) დაჯაბნა - 6:3, 6:2, ხოლო ჩილელმა ჰანს პოდლიანიკ-კასტილომ ალექსანდრე მეტრეველი ჩამოიცილა გზიდან - 7:6, 6:1. ოკეანისგაღმელი მე-2 ნომერია, ფრანგი - მეექვსე. მეოთხედფინალში სწორედ მათ დუელს ვიხილავთ.

12 სექტემბერს წყვილთა მეოთხედფინალური ორთაბრძოლები ასე დამთავრდა: ვლადისლავ მანაფოვი (უკრაინა), იარასლაუ შილა (ბელორუსი) - ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ცივაძე (ორივე - საქართველო) 3:6, 7:6, 10:7, პიოტრ გადომსკი, ნიკოლაი იედრუშაკი (ორივე - პოლონეთი) - ლოიკ პერეტი (კალედონია), ლუკას ჟეილი (შვეიცარია) 6:3, 6:4, მატეო მარაი, ლორენცო პაპასიდერო (ორივე - იტალია) - მიხეილ ხმიადაშვილი, შოთა მეფარიძე (ორივე - საქართველო) 6:3, 6:4, ნოდარ ითონიშვილი, დავიდ კვერნაძე (ორივე - საქართველო) - პატრიკ იანიკი, მათეუშ ჟმიგიელი (ორივე - პოლონეთი) 6:3, 6:4.

ნახევარფინალში ითამაშებენ: მანაფოვი, შილა - გადომსკი, იედრუშაკი; ითონიშვილი, კვერნაძე - მარაი პაპასიდერო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული