თელავის ტურნირზე ერთეულებში უკეთ ვასპარეზობთ, ვიდრე წყვილებში

AutoSharing Option
თელავში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე 25 სექტემბერს ჯერ წყვილთა რამდენიმე პაექრობა გაიმართა. სამწუხაროდ, ჩვენებმა ვერაფრით გამოიჩინეს თავი. მაკა ჩახნაშვილი და სოფიო ქვაცაბაია ორ სეტში დამარცხდნენ ელინა სვიტოლინასთან (უკრაინა) და ირინა ხრომაჩევასთან (რუსეთი) - 3:6, 1:6. მარგალიტა ჭიჭაშვილი რუსეთის სახელით მოასპარეზე ეკატერინა წიკლაურთან იყო შეწყვილებული, მაგრამ მათმა დუეტმა მეტოქისთვის მხოლოდ ერთი გეიმის ართმევა შეძლო და 0:6, 1:6 წააგო ტადეია მეიჯერიჩთან (სლოვენია) და ანა შკუდენთან (უკრაინა). ბაბილინა მაჩაიძემ და მარიამ ქურასბედიანმა ასეთივე ანგარიშით დათმეს შეხვედრა რეკა-ლუკა იანისა (უნგრეთი) და ქრისტინა შაკოვეცის (გერმანია)
დუეტთან. მეორე ნომრად განთესილმა ესპანელებმა - ლეტისია კოსტასმა და არანჩა პარა-სანტოიამ სერბი ალექსანდრა კრუნიჩი და რუსი მარგარიტა ლაზარევა დაამარცხეს - 6:4, 6:4.

25-შივე ცნობილი გახდა საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულთა ვინაობა. ესენი არიან: ვიქტორია კანი, მარგარიტა ლაზარევა (ორივე - რუსეთი), ანა შკუდუნი და განა პოზნიხირენკო (ორივე - უკრაინა), რომლებმაც, შესაბამისად, ლაურა პოუს-ტიო (ესპანეთი, 4:6, 7:6, 6:0), ჰილდა მელანდერი (შვედეთი, 7:5, 5:7, 7:6), დარია ლებეშევა (ბელორუსი, 6:3, 6:0) და ოლგა იანჩუკი (უკრაინა, 6:3, 7:5) დაამარცხეს. ოთხივე ჩოგბურთელი ძირითად ბადეში იასპარეზებს, სადაც 25 სექტემბერს უკვე გაიმართა პირველი წრის რამდენიმე ორთაბრძოლა: სოფიო შაფათავამ ინეს ფერერ-სუარესი (ესპანეთი) დაჯაბნა - 6:1, 7:6; ოქსანა კალაშნიკოვამ დაძაბულ პაექრობაში ანასტასია გრიმალსკას (იტალია) პირველი სეტი 7:5 მოუგო, მეორეში 5:2 რომ დაწინაურდა, იტალიელმა ტრავმის გამო ასპარეზობის გაგრძელება ვერ შეძლო და შეჯიბრებას გამოეთიშა. მე-4 ნომრად განთესილმა ალექსანდრა კრუნიჩმა (სერბეთი) რეკა-ლუკა იანის (უნგრეთი) აჯობა - 6:3, 6:4, ტურნირის მეორე ნომერმა ელინა სვიტოლინამ (უკრაინა) ეკატერინა ძენალევიჩს (ბელორუსი) ორ სეტში სძლია - 6:3, 6:1.

რუსულ ლერმონტოვში ჩოგბურთელ ვაჟთა 50 000-იანი ტურნირის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც ამას წინათ თბილისის 15 000-იანი საერთაშორისო შეჯიბრება მოიგო, მეორე ნომრად განთესილ ანდრეი კუზნეცოვს (რუსეთი) დანებდა - 4:6, 4:6. არადა, 2010 წლის ოქტომბერში ბასილაშვილმა იგი ორ სეტში დაამარცხა - 7:5, 7:5. ლერმონტოვშივე ასპარეზობს, ოღონდ რუსეთის სახელით, თეიმურაზ გაბაშვილი. ტურნირის სტარტზე მან ჯეიმს დუკვოტი (ავსტრალია) ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული