ალექსანდრე ბაკშის საჩემპიონო რბოლა

AutoSharing Option
წლეულს ახალგაზრდა ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირებში ჩვენებურთაგან თბილისის ”მწვანე სკოლის” მეათეკლასელი, 15 წლის ალექსანდრე ბაკში (მას მამა - საქართველოს ვაჟთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვიქტორ ბაკში ავარჯიშებს) გამოირჩა.

სეზონის დასაწყისში თანატოლთა შორის ლიტვის საერთაშორისო შეჯიბრების ნახევარფინალში ითამაშა, მერე ანტალიისა და მინსკის ტურნირებში მეორე ადგილები დაიკავა. ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ თბილისელი სპორტსმენი თავის ნაკრებში მიიწვია, რომლის შემადგენლობაში 4-4 საუკეთესო გოგონა და ვაჟი გამოდიოდა.

სანდრომ წარმატებით გაართვა თავი იტალიაში გამართულ ოთხ საერთაშორისო ტურნირს, საიდანაც ერევანს მიაშურა და იქ 16-წლიანთა ორი შეჯიბრება მოიგო ერთეულებში - ფინალურ
პაექრობებში მასპინძელ არშაკ ჩაზარიანსა (6:4, 6:4) და უკრაინელ ალექსეი პროკოპჩუკს (6:3, 6:3), სძლია, ხოლო წყვილებში ირაკლი მეტრეველთან ერთად სურენ ბაღდასარიანისა და არშაკ ჩაზარიანის დუეტი დაამარცხა - 7:5, 3:6, 11:9.

წლევანდელ შეჯიბრებებში ბაკშიმ 730 სარეიტინგო ქულა მოაგროვა და ევროპის 16 წლის ჩოგბურთელთა მასტერსში თამაშის უფლება მოიპოვა. ეს, ფაქტობრივად, ამ ასაკში საჩემპიონო ასპარეზობაა (1996 წლიდან ტარდება), რომელშიც 8-8 საუკეთესო გოგონა და ვაჟი ითამაშებს (სხვათა შორის, ეს ტურნირი თავის დროზე მოგებული აქვთ კიმ კლაისტერსსა და რაფაელ ნადალს).

ბოლო წლების მსგავსად, შეჯიბრებას 5-8 ოქტომბერს სიცილიური (იტალია) რეჯიო კალაბრია უმასპინძლებს. ალექსანდრე ბაკში საპრიზო ადგილებისთვის პეტროს ხრისოხოროსს (კვიპროსი), დანიელ ორლიტას (ჩეხეთი), პეტერ ჩონკიჩს, ფილიპ გრბიჩს (ორივე - სერბეთი), მიხაილ დემბეკს (პოლონეთი), ოლექსეი კოლესნიკსა (უკრაინა) და ენტონი მუნარ კლარს (ესპანეთი) გაუწევს მეტოქეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული