ანა ტატიშვილი სიდნეის ტურნირს გამოეთიშა

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა, როგორც გაუწყეთ, 2013 წელი მოგებით დაიწყო - სიდნეის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 690.000 დოლარი) საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტზე რუს თანატოლს - 22 წლის არინა როდიონოვას დაძაბულ პაექრობაში სძლია - 6:0, 1:6, 7:6.

მეორე წრეში შედარებით იოლად ჩამოიშორა გზიდან 26 წლის ფრანგი კლერ ფეუერშტეინი - 6:3, 6:3. ძირითად ბადემდე ხელის გაწვდენაღა რჩებოდა, მაგრამ ჩვენებურს 42 წლის იაპონელი კიმიკო დატე-კრუმი გადაეღობა: ქართველმა სპორტსმენმა თითქმის უბრძოლველად დათმო შეხვედრა - 3:6, 0:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

ანამ საკვალიფიკაციო ეტაპის ორი შეხვედრის მოგებისთვის
სარეიტინგო მონაგარი 12 ქულით გაიმდიდრა, თუმცა ეს ქულები კლასიფიკაციაში მომდევნო კვირიდან დაერიცხება.

ამჯერად კი 1140 ქულით 52-ე ადგილზე იმყოფება. შემდეგი შეჯიბრება, რომელშიც ანა იასპარეზებს, ავსტრალიის ღია პირველობა იქნება, რომელიც მელბურნში 14 იანვარს დაიწყება.

* * *
ჩინეთის ქალაქ გუანჩჟოუში სცდის ძალებს ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც ქალთა 50-ათასიანი საერთაშორისო ტურნირის ძირითად ბადეშია დაშვებული და სტარტზე კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს - ჰაო ჩენ ტანგს (ჩინეთი) დაუპირისპირდება.

თბილისელმა ჩოგბურთელმა წყვილებში ტაილანდელ ნოპავან ლერტჩეევაკარნისთან ერთად (მე-2 ნომრადაა განთესილი) პირველი შეხვედრა უკვე მოუგო მასპინძლებს - ძიან სიან ლუს და ძიან-ძინ ლუს - 6:4, 6:1.

* * *
ანტალიის ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ძირითად ბადეშია სოფიო ქვაცაბაია, რომელიც მე-4 ნომრადაა განთესილი.

პირველ წრეში იგი უკრაინელ მარიანა ზაკარლიუკს შეხვდება. არადა, წყვილებშიც სწორედ ზაკარლიუკთან ერთად მე-4 ნომერია და ანგელინა კლიმოვა (გერმანია) - იოანა პოსირკას (რუმინეთი) დუეტთან გაარკვევს ურთიერთობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული