ნიკოლოზ ბასილაშვილი - ისევ დაპირებებითა და იმედებით

AutoSharing Option
ბოლო ორი წლის განმავლობაში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ორჯერ შეიცვალა ფედერაცია - შარშანწინ რუსეთს მიაშურა, შარშან კი სამშობლოში დაბრუნდა.

სწორედ ამ წასვლა-წამოსვლის მიზეზებზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ 20 წლის ქართველ ჩოგბურთელთან.

- რუსეთში გადასვლამდეც სამი წლის განმავლობაში იქაური ჩოგბურთის ფედერაცია მაფინანსებდა, რაშიც მენეჯერი მეხმარებოდა.

სწორედ მისი მოთხოვნა იყო, მოსკოვში გადავსულიყავი. ეს უსიამოვნო პროცესი რამდენჯერმე გადავავადე, სანამ ალტერნატივის წინაშე არ დავდექი: ან რუსეთში გადავსულიყავი, ან ჩოგბურთის თამაშისთვის თავი დამენებებინა, რადგან საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ვერ მეხმარებოდა, მშობლები კი უსახსრობის გამო ვეღარ მაფინანსებდნენ.

ცხადია, მეც პირველი
ვარჩიე. 11 თვე გამოვდიოდი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების სახელით.

- უკან დაბრუნება რა მიზეზით მოხდა?
- შარშან, აგვისტოში, თბილისის ვაჟთა საერთაშორისო ტურნირის დაწყებამდე საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის მაშინდელ პრეზიდენტ ლეილა მესხს შევხვდი. მან მირჩია სამშობლოში დაბრუნება, თანადგომასაც შემპირდა და მეც ბევრი არ მიფიქრია.

თბილისის ორივე ტურნირში ჩვენი ქვეყნის სახელით ვიასპარეზე. მერე ტიუმენში გავემგზავრე. იქ პირველი წრე გავიარე. მეორეში საუკეთესო ასეულის წევრ ილია მარჩენკოს დავუპირისპირდი. ტურნირის დაწყებამდე გავცივდი და იმ დღეს კორტზე მაღალი სიცხით გავედი.

სამწუხაროდ, პირველი სეტის ჩამთავრებაც ვერ შევძელი. კრემლის თასის საკვალიფიკაციოშიც მხოლოდ ერთ მეტოქეს ვძლიე. სამაგიეროდ, ანტალიაში ზედიზედ ორი 10 000-იანი ტურნირი მოვიგე. მსოფლიო რეიტინგშიც 16 საფეხურით დავწინაურდი და ახლა 264-ე ვარ. ხელშეწყობა რომ მქონოდა, მეტის მიღწევა შემეძლო.

- კი მაგრამ, ფედერაცია ხომ შეგპირდა დახმარებას?
- არ ვიცი, რა მიზეზით, შეპირება, სამწუხაროდ, შეპირებად დარჩა. ერთადერთი, ამჟამინდელი სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი დამიდგა გვერდით - გამომიძებნა ორგანიზაცია, რომელიც ერთჯერადი დახმარებით შემეწია.

- ალექსანდრე მეტრეველის ჩოგბურთის აღორძინების ფონდი?
- ბატონმა ალექსანდრე მეტრეველმა-უფროსმა დახმარებაზე უარი მითხრა - რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციასთან ხელშეკრულება გაკავშირებს და მისი ვალიც გაქვსო.

ეს არ არის მართალი. რუსეთის ფედერაციიდან ნახევარი წელიწადია, წამოვედი. ვალი რომ მქონოდა, ამ ხნის განმავლობაში ვინმე შემეხმიანებოდა, ვინ შემარჩენდა.

ჩვენს ფედერაციას ჯერ ახალი ბიუჯეტი არ დაუმტკიცებია, ამიტომ კონკრეტულს ვერაფერს მეუბნებიან. ისე, ახალ პრეზიდენტს - ალექსანდრე მეტრეველ-უმცროსს სურს, დამეხმაროს. მეც მისი იმედი მაქვს.

- სამომავლო გეგმებზე რას იტყვი?
- ორი კვირაა, "ოლიმპიკის" კორტებზე ინტენსიურად ვემზადები იტალიური ბერგამოს ვაჟთა 50 000-იანი საერთაშორისო ტურნირისთვის, რომელიც 2 თებერვალს დაიწყება.

ორიოდე დღეში გაირკვევა, ძირითად ბადეში ვითამაშებ თუ საკვალიფიკაციოში. აპენინებიდან ამერიკაში გავემგზავრები "ინდიან-უელსის" ტურნირზე. ოკეანის გაღმა ოთხ ჩელენჯერის ტურნირში მივიღებ მონაწილეობას. დანარჩენს დრო და ფინანსები გვიჩვენებს.

დოსიე
- ნიკოლოზ ბასილაშვილი
დაიბადა
1992 წლის 23 თებერვალს თბილისში. 2009 წელს დაამთავრა კალიფორნიის შტატის ქალაქ საკრამენტოს გრანაითბეის დიდი სკოლა. ჩოგბურთის თამაში დაიწყო 6 წლისამ გოგა სანთელაძის ხელმძღვანელობით. კარგა ხანს მამა - ნოდარ ბასილაშვილი ავარჯიშებდა. 12 წლისა აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და იქ ვიტალი გორინთან იმაღლებდა ოსტატობას.
შედეგები. 12-14-წლიანებში საქართველოს ჩემპიონი. ამერიკაში ორანჯბოლის ორი ტურნირის ნახევარფინალისტი. 16 წლისა ATF-ის ჭაბუკთა მსოფლიოს რეიტინგში 59-ე იყო. 2009 წლიდან პროფესიონალებში გადაინაცვლა. 2010 წელს სოჭის ვაჟთა 10 000-იანი ტურნირი მოიგო. მერე ორი წელიწადი ტრავმების გამო, ფაქტობრივად, არსად უასპარეზია. 2012 წელს ექვსი ტურნირი (ყაზანში, მოსკოვში, ერევანში, თბილისსა და 2 ანტალიაში) მოიგო, ორჯერ ფინალში ითამაშა.
უყვარს კალათბურთი და გოლფი. "ატლანტას" და ზაზა ფაჩულიას ქომაგია. გოლფში ტაიგერ ვუდსს გულშემატკივრობს.
გატაცებულია კომპიუტერითა და წიგნების კითხვით. საყვარელი მწერლები - ალექსანდრე ყაზბეგი და ლევან სანიკიძე.
ჰობი. ტექნიკური მუსიკის შექმნა.
კერპი. არ ჰყავს.
მიზანი. წლეულს ჩოგბურთელ ვაჟთა მსოფლიო რეიტინგის პირველ ასეულში დამკვიდრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
მაშინ უნდა ჩაიხედო და დასკვნები მერე გააკეთო ასე აჯობებს თუ არ იცი უბრალოდ ქართველი ადამიანების უმრავლესობა ყველა ესეთი დაუნახავია და ყველა დილეტანტურად იქცევა არ იციან და ისე აკეთებენ კომენტარს ამაშია ჩვენი პრობლემა
0
ამ საქმეში ჩახედული არ ვარ ნიკას თამაშებს თვალს ვადევნებ,წელს მოუმატა, თუ ამდენი ბავშვები ,მწვრთნელებს და დამლაგებლებს ეხმარება ეს ოჯახაშენებული ერთადერთი ბიჭი გვყავს და მიხედოს.
goga68
22:27 03-02-2013
0

სიახლეები პოპულარული