საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ნაკრები ევროაფრიკულ მეორე ზონას დაუბრუნდა

AutoSharing Option
საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ნაკრებმა შარშან ფედერაციის თასზე პირველ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა, მაგრამ წლეულს იქ პოზიციების შენარჩუნება ვერ შეძლო.

ეილათში (ისრაელი) 16-მა გუნდმა მოიყარა თავი. ჩვენებურები (სოფიო შაფათავა, სოფიო ქვაცაბაია, ეკა გორგოძე, მაკა ჩახნაშვილი - მოთამაშე კაპიტანი) A ჯგუფში ბელორუსებთან, ავსტრიელებთან და ხორვატებთან ერთად მოხვდნენ.

წრიულ ტურნირში, სამწუხაროდ, სამივე შეხვედრა მშრალი ანგარიშით წააგეს. პირველ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბოლო იმედი რჩებოდა - თურქული ბარიერი უნდა გადაელახათ.

ჩვენმა სამხრეთელმა მეზობლებმა C ჯგუფში ერთი შეხვედრა კი მოიგეს (რუმინეთთან), მაგრამ ბოლო ადგილს მაინც ვერ
ასცდნენ. ჩვენებთან დაპირისპირებისას ბასაკ ერეიდინმა (რეიტინგით 309-ე) სოფიო ქვაცაბაიას (459) აჯობა - 6:0, 6:3, სოფიო შაფათავამ (300) კაგლა ბაიაკჩაისთან (163) პაექრობისას წონასწორობა აღადგინა - 7:5, 6:3, მაგრამ შაფათავა-ჩახნაშვილის დუეტი - ბაიაკჩაი-პემრა ოზგენის ტანდემს დანებდა - 5:7, 2:6.

ამ წაგებით საქართველოს ქალთა ნაკრები ლუქსემბურგის გუნდთან დამარცხებულ (0:2) ბოსნიელებთან ერთად ევროაფრიკულ მეორე ზონას დაუბრუნდა.

მსოფლიოს მე-2 ჯგუფში აღსაზევებლად ნახევარფინალში პოლონელებმა ხორვატები დაამარცხეს - 2:1 (პოლონელებს წარმატება დებმა - აგნიეშკა და ურსულა რადვანსკებმა მოუტანეს), ხოლო ბრიტანელებმა ბულგარელებს 2:0 აჯობეს.

ხორვატიამ, ბულგარეთმა, ბელორუსმა, ისრაელმა, უნგრეთმა, ჰოლანდიამ, ავსტრიამ, პორტუგალიამ, რუმინეთმა, სლოვენიამ, თურქეთმა და ლუქსემბურგმა პირველ ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული